შინაარსზე გადასვლა

საჭმლის მონელება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჭმლის მონელება — რთული ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი საკვების ისეთ ფიზიკურ და ქიმიურ გარდაქმნებს, რომელთა შედეგადაც საკვებიდან გამოცალკევდება საყუათო ნივთიერებები, იშლება სახეობრივ სპეციფიკურობას მოკლებულ მარტივ, წყალში ხსნად ნივთიერებებად და გამზადდება სისხლსა და ლიმფაში შესაწოვად. საკვების ფიზიკური გარდაქმნა ნიშნავს მის დაქუცმაცებას, საჭმლის მომნელებელ წვენებთან შერევასა და წყალში გახსნას, ხოლო ქიმიური გარდაქმნა — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპეციალიზებულ უჯრედებში წარმოშობილი ჰიდროლიზური ფერმენტების — ჰიდროლაზების გავლენით საყუათო ნივთიერებების — ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ეტაპურ გარდაქმნას, რომლის დროსაც მაღალმოლეკულური ნივთიერებები წყლის თანაობისას დაბალმოლეკულურ წყალში ხსნად ნივთიერებებად იშლება. ჰიდროლიზის შედეგად წარმოშობილი შედარებით მარტივი ნივთიერებები შეიწოვება და მათგან კვლავ მიიღება რთული ორგანული ნივთიერებანი ან მოიხმარება ენერგეტიკული მიზნებისათვის.[1]

ცნობილია 3 ტიპის საჭმლის მონელება: უჯრედშიგა, უჯრედგარეთა (დისტანტური) და მემბრანული (უჯრედის ზედაპირთან). უჯრედშიგა მონელება ახასიათებს ყველა ერთუჯრედიან ორგანიზმს და ზოგიერთ მრავალუჯრედიან ცხოველს. უჯრედგარეთა მონელება მიმდინარეობს უჯრედგარეთა არეში — ჩვეულებრივ სპეციფიურ ღრუებში. ასეთ ორგანიზმებს ფერმენტის გამომმუშავებელი ზოგი ორგანო სადინრებით ჩადის. ამას უწოდებენ დისტანტურ მონელებას. არის აგრეთვე დისტანტური ღრუს გარეთ მონელება. მემბრანული მონელება იგივე უჯრედგარეთა მონელებაა, რომელიც ხდება არა ღრუში, არამედ უჯრედთა მემბრანების სტრუქტურებზე, მაღალორგანიზებული ცხოველების შემთხვევაში — ნაწლავის უჯრედების მიკროხაოების მემბრანების ზედაპირზე და წარმოადგენს საყუათო ნივთიერებათა ჰიდროლიზის შუალედ და საბოლოო ეტაპს.[1]

საჭმლის მომნელებელი სისტემის ყოველი ფერმენტი ანუ, როგორც მათ უწოდებენ, ენზიმი გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონკრეტულ ნაწილში და მუშაობს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: მჟავა, ტუტე ან ნეიტრალურ გარემოში. ყოველი ფერმენტი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, რომელსაც ისე ერგება, როგორც გასაღები საკეტს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა, რომელსაც საჭმლის მონელება აკისრია.[2]

  • Уголев А. М., Пищеварение и его приспособительная эволюция, М., 1961;
  • Bockus Н. L., Gastroenterology, v. 1—3, Phil.- L., 1963-65;
  • Davenport Н. W., Physiology of the digestive tract, 2 ed., Chi., 1966;
  • Handbook of physiology, sec. 6: Alimentary canal, v. 1—5, Wash., 1967-68;
  • Jennings J. B., Feeding, digestion and assimilationin animals, 2 ed., L., 1972.
  1. 1.0 1.1 ბაკურაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 225-226.
  2. საჭმლის მონელება — ინფორმაცია