სამხედრო გადატრიალება პაკისტანში (1958)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ აიუბ ხანი

სამხედრო გადატრიალება პაკისტანში მოხდა 1958 წლის 7 ოქტომბერს. გადატრიალება მოაწყო არმიის გენერალმა მუჰამედ აიუბ ხანმა. 1958 წლის 7 ოქტომბერს პაკისტანის პრეზიდენტმა ისკანდერ მირზამ გამოსცა პროკლამაცია 1956 წლის კონსტიტუციის გაუქმების შესახებ. გამოცხადების შესაბამისად, რესპუბლიკის პარლამენტი დაითხოვეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი საომარი მდგომარეობა შემოიღეს. ამავე დროს, ისკანდერ მირზამ მუჰამედ აიუბ ხანი შეიარაღებული ძალების უზენაეს მეთაურად დანიშნა. მაგრამ აიუბ ხანმა უარი თქვა პრეზიდენტის ხელში მარიონეტი გამხდარიყო. 1958 წლის 27 ოქტომბერს მუჰამედ აიუბ ხანმა აიძულა ისკანდერ მირზა დაეტოვებინა ქვეყანა და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.[1]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს პაკისტანის დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავდა პაკისტანის სტატუსს. ბრიტანეთის იმპერიის დამოუკიდებელი სამფლობელოდან ქვეყანა გარდაიქმნა პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკად. გენერალ-მაიორი ისკანდერ მირზა, პაკისტანის უკანასკნელი გენერალური გუბერნატორი, გახდა შტატის პირველი პრეზიდენტი. თუმცა, ახალი კონსტიტუციის მიღებას ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა მოჰყვა. პაკისტანის ორ პროვინციად (დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანად) დაყოფის გადაწყვეტილება პოლიტიკურად სადავო იყო და ქვეყნის მართვა გართულდა. მირზამ ერთ წელიწადში ზედიზედ რამდენიმე  პრემიერ მინისტრი შეცვალა, რამაც გააძლიერა საზოგადოებრივი აზრი, რომ პაკისტანელი პოლიტიკოსები ძალიან სუსტი და კორუმპირებულები არიან ქვეყნის ეფექტურად მართვისთვის. არმიის წრეებში უკმაყოფილება მწიფდებოდა.[2]

საომარი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისკანდერ მირზა

1958 წლის 7 ოქტომბერს ისკანდერ მირზამ პაკისტანში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მან გააუქმა 1956 წლის კონსტიტუცია და უწოდა მას "უმოქმედო" და  "საშიში კომპრომისებით" სავსე. მან გაათავისუფლა პრემიერ მინისტრი ფეროზ ხანი და დაითხოვა ეროვნული ასამბლეა და პროვინციული საკანონმდებლო კრებები. მირზამ ასევე აკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია და ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად პაკისტანის არმიის მეთაური გენერალი აიუბ ხანი დანიშნა.[3]

ისკანდერ მირზას დამხობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ აიუბ ხანმა და მისმა ერთგულმა გენერლებმა აიძულეს მირზა გადამდგარიყო. 1958 წლის 27 ოქტომბერს ისკანდერ მირზამ დატოვა პრეზიდენტის პოსტი და თანამდებობა გენერალ მუჰამედ აიუბ ხანს გადასცა. ამის შემდეგ ისკანდერი გაემგზავრა კვეტაში, ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქში და 27 ნოემბერს გადაასახლეს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, სადაც ცხოვრობდა სიკვდილამდე (1969 წ.).

კონსოლიდაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუჰამედ აიუბ ხანმა თავი პაკისტანის ერთპიროვნულ მმართველად გამოაცხადა. იგი გახდა პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც. პაკისტანის მომავალი სამხედრო მმართველებისგან განსხვავებით, როგორებიც იყვნენ გენერალი მუჰამედ ზია-ულ-ჰაკი და გენერალი პერვეზ მუშარაფი, მუჰამედ აიუბ ხანი არ ითავსებდა პრეზიდენტის და შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტებს ერთდროულად. მან ჯარის ახალ მთავარსარდლად გენერალი მუჰამედ მუსა დანიშნა.[4]

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადატრიალება პაკისტანის მოსახლეობამ დადებითად განიხილა, როგორც მთავრობის არასტაბილურობისა და სუსტი პოლიტიკური ლიდერებისგან განთავისუფლება. ხალხს ჰქონდა იმედი, რომ ძლიერი ცენტრალური ხელმძღვანელობა შეძლებდა ეკონომიკის სტაბილიზაციას და დემოკრატიის მდგრადი ფორმის აღდგენას. აიუბ ხანის რეჟიმს ასევე მხარი დაუჭირეს უცხოეთის მთავრობებმა, განსაკუთრებით აშშ-მ.[5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Salahuddin Ahmed. Bangladesh: past and present (неопр.). — APH Publishing, 2004. — С. 151—153. — ISBN 978-81-7648-469-5.
  2. Nagendra Kr. Singh. Encyclopaedia of Bangladesh (неопр.). — Anmol Publications Pvt. Ltd., 2003. — С. 9—10. — ISBN 978-81-261-1390-3.
  3. Dr. Hasan-Askari Rizvi.[მკვდარი ბმული] Significance of October 27[მკვდარი ბმული]. Daily Times. დაარქივებულია 30 სექტემბერი 2012 .
  4. Maya Tudor, The Promise of Power: The Origins of Democracy in India and Autocracy in Pakistan. (Cambridge University Press, 2013):Chapter 5.
  5. Mazhar Aziz (2007). Military control in Pakistan: the parallel state. Psychology Press. pp. 66–69. ISBN 978-0-415-43743-1.
  6. Samuel Huntington, Political Order in Changing Societies, 1968, p. 409.