რკინის ქუდი
რკინის ქუდი — საბრძოლო თავსაბურავი, რომელიც მზადდებოდა რკინისაგან ან ფოლადისგან და ჰქონდა ფარფლებიანი ქუდის ფორმა. არსებობს ამ ჩაფხუტის მრავალი ვარიანტი, თუმცა ყველა მათგანის დამახასიათებელია ფარფლებიანი დაბოლოება. გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ევროპაში ყველა ჯარის სახეობაში. ფარფლებიანი რკინის ქუდის გამოსახულება პირველად ბიზანტიაში გვხვდება და ის XI საუკუნით თარიღდება, ამიტომ ვარაუდობენ, რომ რკინის ქუდი ბიზანტიური გამოგონებაა.[1]
მახასიათებლები და დამზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინის ქუდი კარგად იცავდა მეომარს ზემოდან წამოსული დარტყმებისა თუ ისრებისგან, ციხე-სიმაგრეთა იერიშისას ის ასევე იცავდა ჯარისკაცის სახეს გალავნიდან დამცველთა მიერ გადმოსხმული მდუღარე გუდრონისგან. მისი ღია ფორმა კი მეომარს მხედველობას, სმენასა და სუნთქვას არ უზღუდავდა.[2]
რკინის ქუდის ქვეშ, როგორც წესი, იხურავდნენ ჩაბალახსაც. უბრალო მოყვანილობისა და დამზადების სიმარტივის გამო სხვა ჩაფხუტებთან შედარებით, რკინის ქუდის დამზადება ნაკლებ დროს მოითხოვდა და იაფიც ჯდებოდა. ის ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო ევროპული არმიების ქვეით ჯარებში, თუმცა ასევე გამოიყენებოდა კავალერიის მიერ.
თავდაპირველად რკინის ქუდი სხვადასხვა სეგმენტებისგან იწყობოდა, ხოლო მოგვიანებით მისი დამზადება დაიწყეს ერთიანი მეტალის ფურცლისგან.
გავრცელება საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინის ქუდის გამოსახულებები გვხვდება საქართველოშიც. ტიმოთესუბნის ფრესკასა და ალავერდის ჭედურ ხატზე გამოსახულია ფარფლებიანი რკინის ქუდი, რაც საბოლოოდ მეტყველებს, რომ ამ ტიპის მუზარადს შეზღუდულად, მაგრამ მაინც იყენებდნენ საქართველოში.[3]
გავრცელება აზიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფარფლებიანი ქუდის ფორმის ჩაფხუტები მხოლოდ ევროპაში არ იყო გავრცელებული. იაპონელი ასიგარუები (ფეოდალურ იაპონიაში სამურაების მიერ გამოყვანილი ქვეითი ჯარი) ატარებდნენ რკინის ქუდის საკუთარ ვარიანტს, რომელიც წარმოადგენდა აზიური კონუსური ფორმის ფარფლებიან ქუდს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები, მაგალითად, ბირმელები, ლაოსელები და ტაილანდელები, ასევე იყენებდნენ რკინის ქუდს.
რკინის ქუდის დაბრუნება XX საუკუნეში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მსოფლიო ომის დროს, რკინის ქუდი დაბრუნდა ბრიტანელ და ფრანგ ჯარისკაცთა აღჭურვილობაში, როგორც ბროუდის ჩაფხუტი (ბრიტანული) და ადრიანის ჩაფხუტი (ფრანგული). ეს ჩაფხუტები საფრანგეთისა და ბრიტანეთის არმიების სტანდარტული დამცავი თავსაბურავები იყო პირველ მსოფლიო ომში. ბროუდის ჩაფხუტები ასევე გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიერ.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nicolle, David (1996), Medieval Warfare Source Book Vol. II. Arms and Armour, London. გვ 163.
- ↑ De Vries, R. and Smith, R.D. (2012) Medieval Military Technology, Second Edition, University of Toronto Press, Toronto. გვ. 71-72
- ↑ მამუკა წურწუმია (2014). შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700) ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება, თბილისი. გვ. 88-89.
- ↑ Bedford, John (1968) The Collecting Man, D. McKay, New York. გვ. 116