შინაარსზე გადასვლა

პრივატიზება

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრივატიზება ან პრივატიზაცია, ასევე დენაციონალიზაცია — საკუთრების სახალხო საკუთრებიდან კერძო მფლობელობაში ტრანსფორმაციის პროცესი, ან რაიმე სამსახურის ან სერვისის მართვის სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადაყვანა. საპირისპირო პროცესს ნაციონალიზაცია ან მუნიციპალიზაცია ჰქვია.

პრივატიზაცია ხშირად ასოცირდება ინდუსტრიულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ წარმოებებთან, როგორიცაა მაღაროები, მანუფაქტურა და ენერგო-გენერაცია, თუმცა ის შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის ქონებას, მათ შორის მიწას, გზებს, წყალზე უფლებებსაც კი. ბოლო დროს მრავალ ქვეყანაში, სახელმწიფო მომსახურების დარგები, როგორიცაა ჯანდაცვა, სანიტარული მომსახურება და განათლება პრივატიზაციის ყურადღების ცენტრში მოექცა.

პრივატიზაციის მხარდამჭერთა მტკიცებით ეს პროცესი ხელს უწყობს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების განვითარებას, კაპიტალისტური კონკურენციის განმტკიცებას, რაც საზოგადოებას კონკურენტული ფასის არჩევანს აძლევს. თავისუფალი ბაზრის მოწინააღმდეგენი კი პრივატიზაციის ნეგატიურად უყურებენ იმ მოსაზრებით, რომ კერძო ბიზნესთა ხელში მნიშვნელოვანი რესურსების გადაცემა გამოიწვევს მათი ხარისხის გაუარესებას. ამასთან ერთად პრივატიზაციის ოპონენტები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ თავად ამგვარი კონტრაქტების გაფორმების პროცესსაც.

პრივატიზციის ფართომასშტაბიანი პროცესი დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. პრივატიზაციის ეს ტრენდი ეკონომისტების აზრით იყო ნეოლიბერალური პოლიტიკის გლობალური ტალღის ნაწილი. ზოგიერთი დამკვირვებლის თვალსაზრისით მასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა რეიგანისა (აშშ) და ტეტჩერის (დიდი ბრიტანეთი) პოლიტიკამ მოახდინა.

თავად ტერმინი „პრივატიზაცია“ პირველად 1930-იან წლებში გამოიყენეს ნაცისტური გერმანიის ეკონომიკურ პოლიტიკის აღსაწერად.[1][2]

პრივატიზაციის სახეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირდაპირი პრივატიზაციის (წარმოების გაყიდვით) მხრივ, არსებობს სამი ძირითადი ტიპი:

  • კომპანიის აქციების გამოცემით პრივატიზაცია - სააქციო ბაზარზე აქციათა გაყიდვა.
  • ქონების გაყიდვით პრივატიზაცია - მთელი ფირმის ინვესტორისთვის მიყიდვა, როგორც წესი აუქციონის მეშვეობით.
  • ვაუჩერული პრივატიზაცია - საკუთრების აქციები ნაწილდება მთელ საზოგადოებაზე, როგორც წესი უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად.

აქციების გამოცემით პრივატიზაცია ყველაზე გავრცელებული სახეა. ვაუჩერული პრივატიზაცია ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკების მიერ იქნა გამოყენებული (მაგ. რუსეთი, საქართველო, პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია). აქციების გამოცემას შეუძლია ადვილობრივი კაპიტალის ბაზრები მნიშვნელოვნად გააფართოვოს, ხელს უწყობს რა ლიკვიდურობასა და შესაძლოა ეკონომიკის ზრდასაც. თუმცა თუ კაპიტალის ბაზრები არასაკმარისად არის განვითარებული შესაძლოა გართულდეს საკმარისი რაოდენობით მყიდველთა მოძიება, ამასთან გარიგების ფასებიც საკმაოდ მაღალი იქნება. რისკის ფაქტორიც (პოლიტიკური რისკი, სავალუტო რისკი) საკმაოდ მაღალია, რაც ზღუდავს უცხოელ ინვესტორებს. შედეგად, ქონებრივი პრივატიზაცია რჩება ყველაზე პრაქტიკულ სახედ განვითარებული ქვეყნებისთვის.

საკანონმდებლო ბაზის მომზადება საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესიამ საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლების მომზადებისათვის, ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“.

1991 წლის 26 მაისს სოციალ-ეკონომიკური გარდაქმნების დაწყების მიზნით მიღებულ იქნა არაერთი კანონი, მათ შორის „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“, „საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ბანკის შესახებ“, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“, „საინვესტიციო საქმიანობის შესახებ“ და სხვა.

1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს რესპუბლიკის წილის შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაავალა მინისტრთა კაბინეტს დაეწყო მოლაპარაკება სსრ კავშირის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან, სსრ კავშირის სახელმწიფო საკუთრების არსებულ ქონებაში (ოქროსა და ალმასის ფონდები, სავალუტო რეზერვები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თავდაცვის ობიექტები და სხვ.) საქართველოს წილის განსაზღვრისა და მისი მიღების პირობების შესახებ, ასევე, სსრ კავშირის საშინაო და საგარეო ვალებში საქართველოს რესპუბლიკის წილის განსაზღვრისა და აღებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პირობების შესახებ.

პრივატიზების პროცესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეტალურ ინფორმაციას ყოფლი საბჭოთა რესპუბლიკებში პრივატიზების პროცესზე იძლევა „მსოფლიო ბანკის“ - „პრივატიზების მონაცემთა ბაზა დაარქივებული 2006-02-07 საიტზე Wayback Machine. “.

მის შესაბამისად პირველი საცდელი პრივატიზებები ისეთმა მოწინავე ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა - როგორიც იყვნენ „ევროკავშირის“ კანდიდატები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩაატარეს:

  • ესტონეთი 1992 - „Manufacturing & Services Eestii Piim-Est Milk Ltd“ (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - რძის კომბინატი)
  • ლატვია 1992 - „Manufacturing & Services Aldaris“ (ამ წელს მხოლოდ ერთი საწარმო - ლუდის კომბინატი - შემდგომი აქტები მხოლოდ 1994 წელს)
  • ლიეტუვა 1992 - „Manufacturing & Services Hotel Meguva“ (სულ ამ წელს 4 ობიექტი - 1 სასტუმრი, დანარჩენი საპარიკმახერო, რესტორანი)

ბალტიის სამივე მოწინავე და სამაგალითო რესპუბლიკამ 1992 წელს გააპრივატა ჯამში: 6 მცირე და საშუალო ზომის საწარმო.

1990 ან 1991 წელს ბალტიის არც ერთ რეპუბლიკას პრივატიზების არც ერთი შემთხვევა არა ჰქონიათ.

საქართველოში კი პრივატიზების პირველი აქტი მოესწრო ჯერ კიდევ 1991 წელს (ომის, მიწისძვრისა და „მცოცავი პუტჩის“ პირობებში) - ხოლო ჯამში - 1991 წლის საპრივატიზაციო სიაში რამდენიმე ათეული ობიექტი იყო. „მსოფლიო ბანკის“ საქართველოს მონაცემთა ბაზაში მაღაზია „გოლიათის“ 1991 წლის ოქტომბერში ღია საჯარო ვაჭრობით - აუქციონით დაპრივატება არაა დაფიქსირებული - რომელიც მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე პრივატიზების პირველ აქტს წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Edwards, Ruth Dudley (1995). The Pursuit of Reason: The Economist 1843–1993. Harvard Business School Press, გვ. 946. ISBN 0-87584-608-4. 
  2. Compare Bel, Germà (2006). „Retrospectives: The Coining of 'Privatisation' and Germany's National Socialist Party“. Journal of Economic Perspectives. 20 (3): 187–94. CiteSeerX 10.1.1.694.2842. doi:10.1257/jep.20.3.187. ISSN 0895-3309.