პოლიტიკური პარტია
პოლიტიკური პარტია — ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია სახელმწიფოში პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ არჩევნების გზით. ხშირად, პარტია წარმოადგენდეს რაიმე იდეოლოგიას, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტერესების მქონე ძალების კოალიცია.
პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას და საკუთარი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას. პარტია, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.
პირველი პოლიტიკური პარტიის ჩანასახებს ჯერ კიდევ მონათმფლობელურ და ფეოდალურ საზოგადოებებში ვხვდებით. ჯგუფად გაერთიანებული სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ხელისუფლებისა ან მასზე ზეგავლენისთვის იბრძოდნენ. ასეთი დაჯგუფებების ტიპურ წარმომადგენლებად მიიჩნევიან ვიგები და ტორები, რომლებიც ინგლისში XVII ს-ის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდნენ. პირველი პარტია 1877 წელს ინგლისში შეიქმნა ლიბერალური პარტიის სახით. პარტიების კლასიფიკაციის საფუძვლად სხვადასხვა კრიტერიუმია მიღებული: სოციალური, იდეოლოგიური, ორგანიზაციის პრინციპი და სხვა. ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერის ჟოზეფ დე პალომბრას მიხედვით პოლიტიკური გაერთიანების პარტიად მიჩნევის 4 ძორითადი კრიტერიუმი არსებობს: 1) პარტიის ხანგრძლივობა (პარტია უნდა არსებობდეს დამფუძნებელზე დიდხანს) მას უნდა ქონდეს იდეოლოგია ან სულ მცირე პოლიტიკური კულტურა; 2) სტრუქტურული სიმტკიცე ( პარტიის ცენტრალური და რეგიონული ფილიალებიის არსებობა); 3) პარტიის მუდმივი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში (არჩევნები, მიტინგები, მანიფესტიები…) და ხესიუფლებაში მოსვლისთვის ბრძოლა; 4) პარტიის მასობრიობა (რიგითი წევრების, ამომრჩევლების და ფანების სიმრავლე).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 694-695.
- მიხეილ ჭაბაშვილი (1989). რედ. ი. ქვაჩახია, დ. ოდიშარია: უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი: განათლება, გვ. 372.
- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.
- კუპატაძე, ბონდო, პარლამენტარიზმის ისტორია (ნაწილი 1)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლიტიკური პარტია. სპებ, Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრი დაარქივებული 2020-05-13 საიტზე Wayback Machine.