შინაარსზე გადასვლა

ორთოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორთოგრაფია (ბერძ. ὀρθός [orthὀs] — „სწორი“ და γραφή [graphḗ] — „წერა“) — ამა თუ იმ სალიტერატურო ენის სიტყვათა წერის წესების სათანადოდ დადგენილი სისტემა (ქართ. სინონ. მართლწერა).

ყველა არსებულ ენას არ გააჩნია წერის ამგვარი სტანდარტიზაცია, რაც აიხსნება ამგვარი ნორმალიზების საჭიროების არქონით. რაც უფრო სცილდება ენა დიალექტურ თუ რეგიონულ ჩარჩოს, მასზე მოსაუბრეთა რიცხვი იზრდება და დგება წერის წესების დადგენის საჭიროება, რათა მომხმარებლებს გაუადვილდეთ ურთიერთგაგება. ენათა უმრავლესობას არ გააჩნია დამწერლობა, შესაბამისად მათ არ სჭირდებათ ორთოგრაფიის განსაზღვრა.

ლექსიკური და გრამატიკული ორთოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორთოგრაფია ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა:

  • ლექსიკური ორთოგრაფია (რომელსაც ასევე უწოდებენ გამოყენებით ორთოგრაფიას) განსაზღვრავს სიტყვათა წერის მანერას ტექსტსა თუ ფრაზაში მათი გამოყენებისგან დამოუკიდებლად. ყოველ სიტყვას გააჩნია განსაზღვრული ორთოგრაფია. რამდენადაც ზეპირმეტყველება ქრონოლოგიურად ყოველთვის წინ უსწრებს წერითს, გამოყენებითი ორთოგრაფიის მიზანია ლინგვისტური ნიშნებით გამოსახოს სიტყვათა გამოთქმა, განსაზღვრული ასო-ფონების შესაბამისობის მიხედვით. იმის გამო, რომ გრაფიკული ევოლუცია იშვიათად ემთხვევა ფონეტიკურს, გამოყენებითმა ორთოგრაფიამ ბევრ ენაში დაკარგა რეგულარობა.
  • გრამატიკული ორთოგრაფია განსაზღვრავს სიტყვათა ცვლადი ელემენტების აღნიშვნის წესებს. ეს ეხება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა მრავლობითი რიცხვის აღნიშვნა, ზმნთა უღლება და ა.შ.

ორთოგრაფიის აგების პრინციპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენადაც ორთოგრაფია უშუალოდ უკავშირდება წერას, ამდენად დამწერლობის გაჩენა ძირითად გავლენას ახდენს ენის ორთოგრაფიის აგების პრინციპის ფორმირებაზე. იმ ენებისთვის, რომელთაც დიდი ხნის დამწერლობა გააჩნიათ, შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში წერა ენის ძველ მდგომარეობას უფრო ასახავს ვიდრე თანამედროვეს (მაგ. ინგლისური ენა).

მორფოლოგიური პრინციპი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორფოლოგიური პრინციპით აგებული ორთოგრაფიის მქონე ენებში მორფება ერთნაირად იწერება მისი ფონეტიკური პოზიციების ცვილებების მიუხედავად. მაგ. რუსულ სიტყვებში голова́, го́ловы, голо́вка - მორფებას «голов» ერთნაირი დამწერლობა აქვს ყველა პოზიციაში, თუმცა წარმოთქმა იცვლება.

ფონეტიკური პრინციპი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამგვარ ენებში წარმოთქმის თავისებურებები წერაშიც აისახება. ფონეტიკური ორთოგრაფია ახასიათებს ქართულ, თათრულ, ნაწილობრივ ბელარუსულ და სხვა ენებს.

სემანტიკური ორთოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სემანტიკური ორთოგრაფიის მქონე ენებში დამწერლობა სრულიად არ უკავშირდება წარმოთქმას, იგი მხოლოდ სემანტიკას ასახავს. ამგვარ პრინციპზეა აგებული ჩინური ენა. თავიდან ვიეტნამური ენაც სემანტიკური ორთოგრაფიის მქონე იყო, მაგრამ შემდეგ შეიცვალა ლათინურ დამწერლობაზე და გახდა ფონეტიკური.

დეფექტური ორთოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დეფექტურს“ უწოდებენ ისეთ ორთოგრაფიას, რომელშიც არ არის ერთი ერთზე შესაბამისობა ასოებსა და ფონემებს შორის. ამგვარი ორთოგრაფია გააჩნია დასავლეთ ევრპის ენათა უმეტესობას, არაბულს, თანამედროვე ბერძნულს და ა.შ. მათგან ზოგიერთში არსებობს ბგერები, რომლებსაც რამდენიმე შესაძლო მართლწერა შეესაბამება, რისი მიზეზებიც ჩვეულებრივ ეტიმოლოგიური ან მორფო-ფონემიკურია (მაგ. ინგლისურში ბგერა /dʒ/ შესაძლოა დაიწეროს რამდენიმენაირად: "j", "g", "dj", "dg", or "ge"). სხვა შემთხვევებში პირიქით, ენაში არ არის საკმარისი რაოდენობის ასოები ყველა არსებული ფონემის ჩასაწერად. ამის გამო შემოდის ენაში დიაკრიტული ნიშნები, დიგრაფები და ა.შ. სადაც ერთი და იგივე ასო სხვადასხვა პოზიციაში სხვადასხვაგვარად გამოითქმის.