მზის პირამიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზის პირამიდა
მზის პირამიდა (მექსიკა)
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი პირამიდა
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
მდებარეობა ტეოტიუაკანი[1]
კოორდინატები 19°41′33″ ჩ. გ. 98°50′38″ დ. გ. / 19.69250° ჩ. გ. 98.84389° დ. გ. / 19.69250; -98.84389
სიმაღლე 65
მზის პირამიდა
მზის პირამიდის მარცხენა მხარე

მზის პირამიდა (ესპ. Pirámide del Sol) — ტეოტიუაკანის უდიდესი პირამიდა, ერთ-ერთი უდიდესი მთელ მესოამერიკაში. მდებარეობს მიცვალებულთა გამზირის გასწვრივ, მთვარის პირამიდასა და სიუდადელას შორის, სერო-გორდოს მასიური მთის მასივის ქვეშ. წარმოადგენს ძველი ნაქალაქარის შუაგულში მდებარე ვრცელი კომპლექსის ნაწილს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირამიდის მწვერვალი
მზის პირამიდის ხედი მთვარის პირამიდიდან
ხედი მზის პირამიდიდან. წინ — მთვარის პირამიდა
პირამიდის მოდელი

სახელი „მზის პირამიდა“ აცტეკებისგან მომდინარეობს, რომლებიც ტეოტიუაკანს მას შემდეგ ესტუმრნენ, რაც ქალაქი უკვე საუკუნეების წინ იყო მიტოვებული. სახელი, რომელსაც პირამიდას ადგილობრივი ტეოტიუაკანოები უწოდებდნენ, უცნობია. აშენდა ორ ფაზად. მშენებლობის პირველი ფაზა დაახლოებით ახ. წ. 100 წელს მიმდინარეობდა, რომლის დროსაც პირამიდამ დაახლოებით იმ ზომებს მიაღწია, რაც დღეს აქვს. მეორე ფაზის დროს, სიგრძემ 224,942 მეტრს მიაღწია, სიმაღლემ კი 75 მეტრს, რის შემდეგაც, ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პირამიდად იქცა;[2] თუმცა, სიმაღლით ის გიზის დიდი პირამიდის (146 მ) მხოლოდ ნახევარია. მეორე ფაზის დროს, მწვერვალზე ასევე დაემატა სამსხვერპლო, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. იმ პერიოდში, როდესაც აშენდა სიუდადელა და ფრთოსანი გველის პირამიდა, მზის პირამიდას დაემატა ე. წ. ადოსადას პლატფორმა.

ტეოტიუაკანოებმა თავიანთი პირამიდა კირით მოაბათქაშეს, რომელიც მიმდებარე რაიონებიდან მოჰქონდათ. კედლები მათ კაშკაშა ნახატებით შეამკეს. მიუხედავად იმისა, რომ პირამიდამ საუკუნეებს გაუძლო, მხატვრობამ და ბათქაშმა დღემდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია მხოლოდ იაგუარის თავის და თათების, ვარსკვლავებისა და გველის ნახატები.

არსებობს მოსაზრება, რომ მზის პირამიდა რომელიმე კონკრეტულ ღვთაებას ეკუთვნოდა, თუმცა ამ ჰიპოთეზის გასამყარებლად არც თუ ისე ბევრი მტკიცებულება არსებობს. იმის გამო, რომ მის წვერზე ერთ დროს არსებული სამსხვერპლო განადგურებულია, მისი შესწავლა ამ დროისათვის შეუძლებელია, რასაც ეს ჰიპოთეზა შეიძლება დაემტკიცებინა.

სტრუქტურის ზომები და მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცულობა[3]
სიმაღლე 71,17 მ
საძირკვლის პერიმეტრი 794,79 მ
გვერდი 223,48 მ
1/2 გვერდი 111,74 მ
დაქანების კუთხე 32,494 გრადუსი
განივი ზედაპირის არე 59 213,68 მ²
მოცულობა 1 184 828,31 მ³

სტრუქტურის ორიენტაციოა შესაძლოა ანთროპოლოგიურად მნიშვნელოვანი იყოს. წელიწადის ორ დღეს, 12 აგვისტოსა და 29 აპრილს, რაც ტეოტიუაკანოებისათვის ღვთაებრივ კალენდარულ წელს შეადგენდა, პირამიდა მზის ჰორიზონტალური წერტილიდან ოდნავ ჩრდილო-დასავლეთითაა გადახრილი. 12 აგვისტო განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მაიას გრძელ კალენდარში ის საწყისი დღე იყო. გარდა ამისა, პირამიდის მდებარეობის ადგილიდან შესაძლებელია მრავალი ასტროლოგიური მოვლენის ხილვა, რაც მნიშვნელოვანი იყო ძველი ხალხებისთვის როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე რწმენის თვალსაზრისით.

პირამიდა აშენდა ადამიანის ხელით გათხრილი ტუნელის მეშვეობით, რომელიც მიემართებოდა სტრუქტურის ცენტრში, 6 მეტრის სიღრმეზე მდებარე „გამოქვაბულისკენ“. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ბუნებრივად წარმოქმნილი ლავის მილის მღვიმე და იგივდებოდა ჩიკომოსტოკთანნაჰუას ლეგენდების მიხედვით ადამიანის წარმოშობის ადგილთან. ბოლოდროინდელმა გათხრებმა კი აჩვენა, რომ ეს ადგილი ხელოვნურადაა შექმნილი და შესაძლოა სამეფო სამარხად გამოიყენებოდა.[4] ბოლო ხანებში, მეცნიერებმა მიუნის დეტექტორების გამოყენებით, ასევე სცადეს სხვა ოთახების პოვნა პირამიდის ინტერიერში, თუმცა აღმოჩნდა, რომ სასტიკი მარადიორობის შედეგად, შეუძლებელია იმის დადგენა, რეალურად რა ფუნქცია ჰქონდა ტეოტიუაკანის საზოგადოებაში ამ ოთახებს.

აღმოჩენილი არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირამიდის ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე არტეფაქტია აღმოჩენილი. პიამიდის შიგნით აღმოჩნდა ობსიდიანის სოლისებრი ისრები და ადამიანის ფიგურები; მსგავსი საგნები აღმოაჩინეს მახლობლად მდებარე მთვარის პირამიდასთან და მფრინავი გველის პირამიდასთანაც. შესაძლოა, ეს ნივთები წმინდა მსხვერპლშეწირვისას გამოიყენებოდა. მეოცე საუკუნის ბოლოს, მზის პირამიდის ძირთან ახლოს აღმოაჩინეს უნიკალური ისტორიული არტეფაქტი — ტეოტიუაკანის ოცელოტი (ფიგურა), რომელიც ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციის საკუთრებაა.[5] გარდა ამისა, პირამიდის კუთხეებთან აღმოჩენილია ბავშვთა სამარხები. მიჩნეულია, რომ ეს სამარხები პირამიდის აშენებასთან დაკავშირებული მსხვერპლშეწირვის ნაწილია. 2004 წელს, პირამიდის აკლდამაში 12 ნეშტი აღმოაჩინეს, რომელთაგან ათი თავმოკვეთილია; ასევე აღმოჩენილია მსხვერპლად შეწირულ ცხოველთა ნაშთები.[6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Evans, Susan Toby (2004). Ancient Mexico and Central America. 
  • Gwin, Peter (Feb 2005). „Seeing Through Walls“. National Geographic.
  • Šprajc, Ivan (2000). „Astronomical Alignments at Teotihuacan, Mexico“. Latin American Antiquity. 11 (4). pp. 403–415.
  • Sugiyama, Saburo (2005). „Governance and Polity at Classic Teotihuacan“. Mesoamerican Archaeology.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. archINFORM — 1994.
  2. Aston, Michael (1998). Atlas of Archaeology. Dorling Kindersley, გვ. 43. ISBN 978-0-7894-3189-9. 
  3. Reynolds, Mark (1999). „A Comparative Geometric Analysis of the Heights and Bases of the Great Pyramid of Khufu and the Pyramid of the Sun at Teotihuacan“. Nexus Network Journal. Kim Williams Books. 1: 87–92. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2006. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2015.
  4. Šprajc, Ivan (2000). „Astronomical Alignments at Teotihuacan, Mexico“. Latin American Antiquity. 11 (4). p. 410.
  5. British Museum Highlights. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-22. ციტირების თარიღი: 2015-11-01.
  6. Grisly Sacrifices Found in Pyramid of the Moon. ციტირების თარიღი: 2015-07-21.
მზის პირამიდის პანორამული ხედი
მზის პირამიდის პანორამული ხედი