მთვარის პირამიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთვარის პირამიდა

მთვარის პირამიდა (ესპ. Pirámide de la Luna) — მზის პირამიდის შემდეგ მეორე უდიდესი პირამიდა ტეოტიუაკანში, მექსიკაში. მდებარეობს ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში და აქვს ძეგლის ჩრდილოეთით მდებარე სერო-გორდოს მთის კონტურები. ზოგიერთი მას ტენანს უწოდებდა, რაც ნაჰუატლის ენაზე „დამცავი ქვის დედას“ ნიშნავს. მთვარის პირამიდა ფარავს სტრუქტურას, რომელიც მზის პირამიდაზე ძველია და ახ. წ. 200 წლამდე არსებობდა.

პირამიდის მშენებლობა ახ. წ. 200-450 წლებში მიმდინარეობდა და სატაძრო კომპლექსმა ბოლოს ორმხრივი სიმეტრიის ფორმა მიიღო. ფერდზე დამავალი კიბე მიცვალებულთა გამზირზე ეშვება. პირამიდის წვერზე განთავსებული პლატფორმა ტეოტიუაკანის დიადი ქალღმერთისადმი მიძღვნილ ცერემონიებში გამოიყენებოდა. ეს ღვთაება წარმოადგენდა წყლის, ნაყოფიერებისა და დედამიწის ღმერთს. პირამიდის ფსკერზე აღმოჩენილი პლატფორმა და სკულპტურა ასევე დიად ღვთაებას ეძღვნებოდა.

დიადი ღვთაების სამსხვერპლოს მოპირდაპირე მხარეს არის მთვარის მოედანი, რომელიც მოიცავს ცენტრალურ სამსხვერპლოსა და თავდაპირველ კონსტრუქციას თავის შიდა დანაყოფებით, რაც თავის მხრივ ოთხი მართკუთხედისა და დიაგონალებისაგან შედგება, რასაც „ტეოტიუაკანის ჯვარს“ უწოდებენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 150 და ახ. წ. 500 წლებში, მესოამერიკულმა კულტურამ 22 კვადრატული კილომეტრის ფართობზე აყვავებული ქალაქი გააშენა. ტეოტიუაკანის მაცხოვრებლების ეთნიკურობის საკითხი განსჯის საგანია. ტეოტიუაკანის საწყის ფაზაში (ახ. წ. 0–150 წწ) შენობათა სისტემები და მზისა და მთვარის პირამიდების საძირკვლები ააშენეს. ტეოტიუაკანის მეტროპოლისს გეგმარებითი ურბანიზაცია აღასიათებდა, რომელსაც გააჩნდა მთავარი ღერძი და უზარმაზარი სასახლე, რომელსაც გარს ერტყა 15 მონუმენტური პირამიდა. აცტეკების თქმით, იქვე აღმართული იყო მთვარესთან დაკავშირებული უზარმაზარი ქვის ფიგურა. ფიგურა გადაუხურავი იყო (სავარაუდოდ 22 ტონას იწონიდა და პირამიდის წვერზე იდგა) და განასახიერებდა წყლის ღვთაებას.[1] მეცნიერების ვარაუდით, მისი ხელებიდან გადმოდენილ წყალს მაცოცხლებელ ძალას ანიჭებდნენ და მიაჩნდათ, რომ მას სიცოცხლის მიმცემი ძალა და ნაყოფიერება გააჩნდა.

1998 წლიდან მოყოლებული, არქეოლოგებმა მთვარის პირამიდის ქვედა ნაწილი გათხარეს. სტრუქტურის ქვეშ აღმოჩენილი გვირაბების საშუალებით ირკვევა, რომ პირამიდას მინიმუმ ექვსი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა; ყოველი მათგანის დროს, პირამიდას ახალი, უფრო დიდი ნაწილები ემატებოდა, რომლებიც მთლიანად ფარავდა წინა სტრუქტურას.

პირამიდის ფენების გათხრის შედეგად, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არტეფაქტები, რომლებიც ტეოტიუაკანის ისტორიის სიცოცხლის ხაზს აცოცხლებს. 1999 წელს, იაპონელმა და მექსიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც სავარაუდოდ მშენებლობის მე-5 ფაზისადმი იყო მიძღვნილი. საფლავში აღმოჩნდა 4 ადამიანის ჩონჩხი, ცხოველთა ძვლები, იუვილერია, ობსიდიანის ნიჩბები და სხვა შესაწირთა ფართო მრავალფეროვნება. არქეოლოგების ვარაუდით, სამარხი ახ. წ. 100-200 წლებს მიეკუთვნება.

დიადი ქალღმერთისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი სამარხი 1998 წელს აღმოაჩინეს. იგი მშენებლობის მეოთხე ეტაპს ემთხვევა. სამარხში მამრობითი სქესის ერთი მსხვერპლად შეწირული ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა, ასევე იაგუარის, მგლის, პუმას, გველისა და ფრინველთა ძვლები, გარდა ამისა, 400-ზე მეტი სხვა ნაშთი, რომელთა შორისაცაა მწვანე ქვები და ობსიდიანის ფიგურები, საცერემონიო დანები და შუბის წვერები.

მთვარის პირამიდის პანორამული ხედი
მთვარის პირამიდის პანორამული ხედი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Walker, Charles, 1980 Wonders of the Ancient World, p. 150-3