მაკი-ე
მაკი-ე 蒔絵 | |
---|---|
მაკი-ე - იაპონური ლაქის ტექნიკა, რომელიც ითვალისწინებს ზედაპირზე ლაქის გამოყენებით ნახატის შექმნას და შემდეგ სანამ ლაქი გაშრება მასზე ოქროსფერი, ვერცხლისფერი ან სხვა ფერებით შეფერილი ფხვნილის მოყრას. (ზოგჯერ ეს მეორდება ფენების შესაქმნელად). [1] ფხვნილის მოყრისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნეს მტვრის მილი (მაკიზუცუ) ან სახატავი ფუნჯი (კებო). იაპონურად „მაკი“ მოყრას (sprinkle) ნიშნავს, ხოლო „ე“ სურათს (picture). არსებობს მაკი-ე-ს სხვა განხრები, მაგალითად, როგორიც არის ტოგიდაში მაკი-ე, ჰირამაკი-ე, ტაკამაკი-ე. ჰირამაკი-ე-ს დაბალი რელიეფური დიზაინი აქვს, ხოლო ტაკამაკი-ე-ს აქვს მაღალი რელიეფური დიზაინი.[2][3][4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკი-ე-ს ტექნიკა უმეტესად ჰეიანის პერიოდში (794–1185) განვითარდა. მას იყენებდნენ ალბუმების, მელნის/წერილის ყუთების მოსართავად. ყველაზე ძველი, მაკი-ე-ს ტექნიკით დამზადებული ნამუშევარი 919 წლით თარიღდება. [2]
დაახლოებით 400 წლის წინ ეს ტექნიკა იაპონიის გარეთაც გახდა ცნობილი, ვინაიდან დიდი რაოდენობით იქნა გატანილი ექსპორტზე, განსაკუთრებით ევროპაში. [3]
მარი ანტუანეტა (1755-1793) მოხიბლული იყო პატარა, საკმაოდ ლამაზი მაკი-ე ტექნიკით დამზადებული ყუთით, მარიმ მათი შეგროვება გადაწყვიტა, რამაც შესაბამისად გამოიწვია ასეთი ნივთების დაფასება ევროპელი თავადაზნაურობის მზრიდან.
ბაკუფუს ფეოდალური მთავრობის მოხელეები, მურომაჩის პერიოდიდან მოყოლებული, ასრულებდნენ უმშვენიერეს დიზაინებს მაკი-ე ტექნიკით, იმპერიული ოჯახისთვის და დიდებულებისთვის. ფეოდალური პერიოდის დასრულების შემდეგ მაკი-ე-ს ტექნოლოგიამ უაღრესად დახვეწილ დონეს მიაღწია, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ფეოდალური სისტემის დაშლამ, იმ ადამიანების ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოიტანა, ვინც შეკვეთებს გასცემდა მაკი-ე ტექნიკით დამზადებულ ნივთებზე, ამიტომ ლოგიკურია ის, რომ მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე საგრძნობლად შემცირდა.
მაკი-ე-ს ხელოსნებმა წინსვლა დასავლეთ ექსპორტის სფეროში ჰპოვეს, რაზეც დადებითად აისახა ახალი მთავრობის მიერ ადგილობრივი ინდუსტრიის ხელშეწყობა. ეს ტექნიკა ევროპაში მანამდე დიდი ხნით ადრე გავიდა და საერთაშორისო გამოფენებზე მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა. 1890 წელს იმპერიული საოჯახო ხელოვანის დაჯილდოება შეიქმნა, რათა წახალისებული ყოფილიყო ადგილობრივი დონეზე ხელნაკეთი, მათ შორის მაკი-ე-ს ტექნოლოგიით დამზადებული ნივთების შენარჩუნება და გაგრძელება. ხელოვანებმა და მაკი-ე ტექნიკის ხელოსნებმა აღიარება მოიპოვეს საშინაო გამოფენებისა და კონკურსების საშუალებით.
Kiyomizu Sannenzaka-ს მუზეუმი დიდი ხანი აგროვებდა იმპერიული სახლისთვის დამზადებულ ნივთებს, რომელიც, როგორც საჩუქრისთვის, ასევე ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. განსაკუთრებით ყურადღება ექცეოდა ედოს პერიოდის ბოლოდან, ტაიშოს პერიოდის ჩათვლით შექმნილ ნივთებს. ამ დროისთვის დაახლოებით 50 განსაკუთრებით გამორჩეული ნივთია არჩეული. [4]
იგარაშის ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგარაშის ოჯახი არიან მხატვრები, რომლებიც სპეციალიზირებულნი იყვნენ მაკი-ე ტექნიკაში. იგარაშის ოჯახის დამფუძნებელმა, შინსაიმ ხელი შეუწყო მაკი-ე ტექნიკის ორი მიმართულების სრულყოფას. ტაკამაკი-ე ტექნიკა იყენებს ლაქს, თეთრ ტყვიას, ჭვარტლისგან დამზადებულ შავ პიგმენტს, ფხვნილს, ქაფურის და ოქროს ან ვერცხლის ნარევის ფოლგას ნიმუშის ზედაპირისთვის. ნაშიჯის ტექნიკის შემთხვევაში, ნამუშევარში ლაქის მრავალი ფენაა, თითოეული მოფენილი ოქროს ან ვერცხლის პაწაწინა ფანტელებით, ზემოდან არის გადახურული და გაპრიალებული, რათა მიიღოს ოქროსფერი ან ყავისფერი მსხლის კანის ეფექტი. შინსაის ვაჟი, ჰოსაი, ემსახურებოდა სამხედრო მმართველს ტოიოტომი ჰიდეოშის, ხოლო მისი შვილიშვილი დოჰო მუშაობდა მაედას ოჯახში კაგას პროვინციაში, ქმნიდა კაგამაკი-ე ლაქის დიზაინს. [5]
ტოგიდაში მაკი-ე-ს ტექნიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოგიდაში მაკი-ე, თავად მაკი-ე-ს ერთ-ერთი სახეობაა. ამ ტექნიკის შემთხვევაში დიზაინი იღებება ლაქით, მასზე კი ოქროს ან ვერცხლის ფხვნილი იყრება, ლაქის გაშრობის შემდეგ, ფხვნილის დასაფიქსირებლად დიზაინს სხვა ფენა ედება. შემდეგ რო-ირო-ურუში (შავი ლაქი ზეთის გარეშე) ისხმება მთელ ზედაპირზე და გაშრობის შემდეგ, ცოტა ხანს პრიალდება ნახშირით, ესხმება ცოტა წყალი, სანამ არ გამოჩნდება ოქროს ფხვნილი. ამ პროცესის შემდეგ, რომელსაც არატოგი ჰქვია, მოდის სური-ურუშის პროცესი, რომლის დროსაც ნედლი ლაქი ისმევა ბამბით და იწმინდება დაქუცმაცებული ბრინჯის ქაღალდით. დასრულებისას (შიაჟ ტოგი) ისევ ნახშირი გამოიყენება. მარცვლოვანი ნახშირით წყალთან ერთად და რბილი ქსოვილის საშუალებით პრიალდება ზედაპირი ნაზად.ბოლოს სური-ურუში და გაპრიალება სამჯერ მეორდება.
ტოგიდაში მაკი-ე-ს ტექნიკა ჰეიანის პერიოდში (794-1185) აყვავდა. მურომაჩის პერიოდიდან ეს ტექნიკა შერწყმულია მაღალრელიეფურ ტაკამაკი-ე ტექნიკასთან, ასეთი სტილით დამზადებულ ნაკეთობას კი ტოგიდაში მაკი-ე ჰქვია. [6]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მაკი-ე ტექნიკით მორთული კალამი
-
ყუთის მაკი-ე დიზაინი
-
მაკი-ე
-
შესანახი ყუთი მაკი-ე ტექნიკით, ედოს პერიოდი, XVI-XVII სს. მუზეუმში: Museu do Oriente, ლისაბონი, პორტუგალია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ maki-e, The British Museum
- ↑ 2.0 2.1 maki-e, Britannica
- ↑ 3.0 3.1 Maki-e, GALLERY JAPAN
- ↑ 4.0 4.1 Maki-e Masterpieces, The Kiyomizu Sannenzaka Museum
- ↑ Igarashi Family, Britannica
- ↑ Togidashi maki-e, Britannica