ლინკოლნის საკათედრო ტაძარი
ლინკოლნის კურთხეული ქალწული მარიამის საკათედრო ტაძარი (ინგლ. The Cathedral Church of the Blessed Virgin Mary of Lincoln, ან მოკლედ წმ. მარიამის კათედრალი — St. Mary's Cathedral) — ისტორიული კათედრალი ლინკოლნში, ინგლისი, და ინგლისის ეკლესიის ლინკოლნის ეპისკოპოსის (Diocese) საბრძანებელი. რელიგიური დანიშნულების გარდა თვით შენობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არქიტექტურის თვალსაზრისით; განთქმული ვიქტორიანელი მწერალი ჯონ რესკინი წერდა: ”ყოველთვის მწამდა... რომ ლინკოლნის საკათედრო ტაძარი არქიტექტურის უძვირფასესი ნიმუშია ბრიტანეთის კუნძულებზე და ნებისმიერ სხვა ორ კათედრალს აჯობებდა ერთად აღებულს”.
მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უილიამ I-ის ბრძანებით 1072 წელს ლინკოლნში პირველი კათედრალი აშენდა. მანამდე წმ. მარიამის ეკლესია ლინკოლნში იყო ღვთისმშობლის სახელზე, თუმცა არა კათედრალი, და ეპისკოპოსის საბრძანებელი დორჩესტერის სააბატოში მდებარეობდა, თემზის დორჩესტერში, ოქსფორდშირში. თუმცა ლინკოლნი მდებარეობით უფრო ცენტრალური იყო რეგიონისთვის, რომელიც თემზიდან ჰამბერამდე იჭიმებოდა. ეპისკოპოს რემიგიუსის ბრძანებით პირველი ლინკოლნის ტაძარი ამჟამინდელ ადგილას 1092 წელს აიგო, თუმცა იგი ტაძრის კურთხევამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა. დაახ. 50 წლით გვიან ეს შენობა ხანძარმა გაანადგურა. ეპისკომოსმა ალექსანდრემ კათედრალი ხელახლა ააგო და განავრცო, თუმცა ეს ნაგებობაც განადგურდა, ამჯერად უკვე 40 წლის შემდეგ მომხდარი მიწისძვრით, 1185 წელს.
ტაძრის ცენტრალური კოშკი 83 მ სიმაღლისაა. ერთ დროს მასზე ხის მოთუთიებული ქიმი იდგა, რომელიც ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით 160 მ. აღწევდა — ეს სიმაღლე ტაძარს გიზის პირამიდაზე მაღალს და ამგვარად მსოფლიოს უმაღლეს კონსტრუქციად გახდიდა. ეს ტიტული ტაძარს ორ საუკუნეზე მეტს შერჩებოდა; თუმცა 1549 წელს გამუდმებული წვიმიანი ამინდების გამო მორყეული ქიმი საბოლოოდ ჩამოვარდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიწისძვრის შემდეგ მეფე ჰენრი II-მ 1186 წელს კართუზიელი ბერისა და მოგვიანებით კანონიზირებული წმინდანის ჰიუ ავალონელი დაამტკიცა ლინკოლნის ეპისკოპოსად. მან მასიური აღმშენებლობისა და ექსპანსიის პროგრამა წამოიწყო. რესტავრაცია დაიწყო კათედრალის აღმოსავლეთ ნაწილით აფსიდითა და ხუთი მცირე კაპელით. ცენტრალური ნავი მაშინ ადრეულ ინგლისურ გოტიკურ სტილში აშენდა. ლინკოლნის ტაძარი მალე იმ დროის სხვა არქიტექტურულ სიახლეეებს ითვისებს — კათედრალს დაემატა წვეტიანი არკები, მფრინავი კონტრფორსები და ჯვარედინი ნავები. ამან შესაძლებელი გახადა უფრო ფართო ფანჯრების შექმნა.
წმ. ჰიუ 1200 წელს გარდაიცვალა ტაძრის რეკონსტრუქციის დასრულებამდე. კათედრალის დასავლეთი ნაწილი დღემდე თავდაპირველი სახითაა მოღწეული, აღმოსავლეთი ნაწილი კი ყოველი გაფართოების შემდეგ უფრო აღმოსავლეთით იწევდა: ნორმანული შენობის აღმოსავლეთი კედელი (1073) იყო შუაში იმისა, რაც ამჟამად წმ. ჰიუს ქორალია. ადრეული ინგლისური შენობის (1186) აღმოსავლეთი ბოლო ამჟამად ანგელოზთა ქორალია მაღალი საკურთხევლის უკან. არსებული კონსტრუქცია 1280 წელს დასრულდა, თუმცა რემონტი და ინტერიერის ცვლილებები კიდევ დიდი ხანი გრძელდებოდა. ქიმები გამუდმებით პრობლემატური იყო და 1807 წელს მოიხსნა. ასევე გამუდმებით შიშობდნენ კოშკების წაქცევაზე და ტაძრის საძირკვლის გამაგრების სამუშაოებიც ჩატარდა დღეისთვის უკვე ტრადიციული ძირის გამოთხრისა და ნიადაგის გამაგრების საინჟინრო პროექტით.
კათედრალი ბრიტანეთში სიდიდით მესამეა (საერთო ფართით) წმინდა პავლესა და იორკ მინსტერის ტაძრების შემდეგ, 148მ x 83მ პარამეტრებით. ეს ასევე ლინკოლნშირის უდიდესი შენობაა და 1549 წლამდე ის უმაღლესი შუასაუკუნეების კოშკი იყო ევროპაში (თუმცა მისი ზუსტი სიმაღლე კამათის საგანია). კათედრალის ვრცელ სამრეკლოს (რომლის ზარს ”ლინკოლნის დიდი ტომი” ჰქვია) აქვს საათი, რომელიც ყოველ მეოთხედ საათში რეკავს. საათი XIX საუკუნის დასაწყისში დაამონტაჟეს.
სამხრეთ-დასავლეთ კოშკში ცამეტი ზარია, ორი ჩრდილოდასავლეთ კოშკში და ხუთიც ცენტრალურ კოშკში (დიდი ტომის ჩათვლით).
ლინკოლნის კათედრალსა და მის ეპისკოპოსებს წამყვანი როლი ეჭირათ ინგლისის ისტორიაში. აქ მომხდარ მოვლენათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მაგნა კარტა, რომელსაც ხელი ლინკოლნის ეპისკომოსმაც მოაწერა სხვებთან ერთად. ამ დოკუმენტის დღემდე შემორჩენილ ორ ასლთაგან ერთ-ერთი ამ ტაძარში ინახება.