ლატვიური სამზარეულო
ლატვიური სამზარეულო შედგება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ხორცისგან, რომელიც ძირითად კერძთა უმრავლესობაში გვხვდება. ლატვიელები თევზსაც ხშირად მიირთმევენ ქვეყნის ბალტიის ზღვის სანაპიროსთან მდებარეობის გამო.
ლატვიის სამზარეულოზე გავლენას სხვა ბალტიისპირეთის ქვეყნებიც ახდენდნენ.[1] ლატვიური რეცეპტების ხშირი ინგრედიენტები ადგილობრივი წარმოშობისაა. ესენია: კარტოფილი,[2] ხორბალი, ქერი, კომბოსტო, ხახვი, კვერცხი და ღორის ხორცი. ქვეყანაში მკაფიოდ გამოხატული ოთხი წელიწადის დროის გამო, სამზარეულოც შესამჩნევად სეზონურია. თითოეულ სეზონსა და წელიწადის დროს, მისთვის დამახასიათებელი პროდუქტები და კერძები აქვს.[3] ლატვიური საკვები როგორც წესი საკმაოდ ცხიმიანია, სანელებლები კი მცირე რაოდენობით გამოიყენება.
კვების დრო და ხასიათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ლატვიელები ჩვეულებისამებრ დღეში სამჯერ მიირთმევენ. საუზმე როგორც წესი მსუბუქია და სენდვიჩის ან ომლეტისგან შედგება, რომელსაც გვერდს სასმელი, უმეტესად რძე უმშვენებს. ლატვიაში ლანჩს დღის 12-დან 3 საათამდე მიირთმევენ. ის დღის მთავარი კერძია და საკვების ფართო სპექტრისაგან შედგება. ლანჩზე შესაძლოა შეხვდეთ სტარტერსა (სუპი) და დესერტსაც. ვახშამი დღის უკანასკნელი კერძია, რომელიც საკვების რაოდენობით ლანჩს ჰგავს და არა საუზმეს. მზა საკვებისა და გაყინული ნახევარ-ფაბრიკატების მოხმარება დღესდღეობით საკმაოდ ხშირია.[4]
ჩვეული საკვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლატვიის სამზარეულო ბალტიისპირეთის ტიპური წარმომადგენელია, უფრო ფართო გაგებით კი ჩრდილოეთ ქვეყნების. საკვები მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა, ხოლო სანელებლები მცირე რაოდენობით გამოიყენება. გამონაკლისია შავი პილპილი და მარცვლოვანთა თესლები, მაგალითად ძირა. ჭვავი ან ხორბალი, შვრია, ბარდა, ჭარხალი, კომბოსტო, ღორის ხორცი და კარტოფილი ლატვიური სამზარეულოს მთავარი წარმომადგენლები არიან. აქ შეხვდებით პურეულისა და რძის პროდუქტების უამრავ ნაირსახეობას, რაც ქვეყნის სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბევრი ხშირად მომზადებული კერძი თანამედროვე ლატვიაში, პირდაპირ სხვა ქვეყნებიდანაა შემოსული, ამ ქვეყნების ლატვიაზე ისტორიული ბატონობის პერიოდიდან. ასე მაგალითად საბჭოთა კავშირიდან გადმოღებულ პოპულარულ კერძებს მიეკუთვნება: პელმენი არაჟნით, ბორში, სტროგანოვი, ქაშაყის სალათი (ასევე ცნობილი როგორც - ქაშაყი ბეწვის ქურქში/შუბაში), მწვადი, რასოლი (იგივე ოლივიეს სალათი), ფლავი, კეფირი, კვასი და სალიანკა.[5]
სასმელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალთახალი არყის ხის წვენი ძალიან პოპულარულია გაზაფხულზე. ასევე პოპულარულია მისი ფერმენტირებული ვარიანტი, რომელსაც ქიშმიშს, შავი მოცხრის პატარა ტოტებსა და ლიმონის ქერქს უმატებენ. ზოგიერთი მწარმოებელი ფერმენტირებულ და გაზიან არყის ხის წვენს მთელი წლის განმავლობაში ყიდის.
ძველისძველი ლატვიელები მე-13 საუკუნემდე, ალუსს (ლუდი), მედალუსს (თაფლის ლუდი) და მიესტინს (თაფლის ფერმენტაციით მიღებული ალკოჰოლური სასმელი) როგორც სადღესასწაულო ისე ყოველდღიური მოხმარებისთვის ხარშავდნენ. ჩრდილოეთის, იგივე ბალტიის ჯვაროსნების შემდეგ, ადგილობრივი ლუდის ხარშვის მეთოდზე დასავლეთ ევროპულმა მეთოდმა მოახდინა გავლენა. მაგალითისთვის, ჯვაროსნებამდე ლუდის ხარშვის პროცესში უამრავ სხვადასხვა ბალახეულს იყენებდნენ, შემდეგ კი ეს ყველაფერი სვიამ ჩაანაცვლა, როგორც სასმლის უფრო დიდხანს შენახვისა და გემოს მიმნიჭებელმა დანამატმა.[6] ლუდსახარში ლაბიეტისი დღესაც განაგრძობს ძველ ტრადიციებს. ის სხვადასხვა ბალახეულს, ყვავილებს, კენკროვნებსა და სანელებლებს იყენებს ლუდის ხარშვის პროცესში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Latvian Cuisine Archived October 11, 2011, at the Wayback MachineLatvian Institute. Accessed September 2011.
- ↑ potato-maintains-vegetable-supremacy-in-latvia Public Broadcasting of Latvia. December 23, 2019. Retrieved August 12, 2019.
- ↑ Ošiņa, Sandra; Ošiņš, Valdis (2014). Traditional and modern Latvian foods and beverages (PDF). The Association of Latvian Rural Tourism.
- ↑ The_Cuisine_of_Latvia (PDF). Latvijas Institūts. 2004. Archived from the original on 21 September 2014. Retrieved 26 May 2012.
- ↑ From Peasant to Pleasant. The Cuisine of Latvia დაარქივებული 2020-07-30 საიტზე Wayback Machine. (PDF). The Latvian Institute. 2014. ISBN 978-9-98-473651-8. Retrieved 12 December 2017.
- ↑ Zariņš, Viesturs (December 10, 2010). history-of-beer-in-latvia-spans-centuries/ Latvians Online. Retrieved December 24, 2009.