შინაარსზე გადასვლა

კასპის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კასპის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპში. კასპის რკინიგზის სადგურსა და მდინარე ლეხურას შორის. მიეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას (ძვ. წ. XIV—VIII სს.).

1962—1963 წლებში მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიიციის კასპის რაზმმა (ხელმძღვანელი ა. კალანდაძე, რაზმის უფროსი მ. ბარამიძე) გათხარა ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ორმოსამარხები და 1 კენოტაფი. სამარხი ორმო სწორკუთხა ან ოვალურია და ხის ძელებით ან ფიქალითაა გადახურული. სამარხები ძირითადად თითო მიცვალებულისთვისაა განკუთვნილი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ კიდურებმოხრილი, მარჯვნივ (მამაკაცები) ან მარცხნივ (ქალები) გვერდზე, იშვიათად — გაშოტილი. ყოველ მიცვალებულს ჩატანებული ჰქონდა 1-იდან 16-მდე თიხის ჭურჭელი (უმთავრესად მორგვზე დამზადებული შავი, ლეგა ან მონაცრისფრო ხელადები, დოქები, ტოლჩები, სასმისები, ბადია-ლანგრები, დერგები, ქილები, ქოთნები, სადღვებლები და სხვა); იარაღი (ბრინჯაოს ფოთლისებური, გრძელყუნწიანი სამკუთხა ფორმის სატევრები, მოკლე მახვილი, მასრაგახსნილი და მთლიან-მასრიანი შუბისპირები და ხელშუბისპირები, ისრისპირები, რკინის სატევრები და შუბისპირები); სამკაული (საკინძები, სამაჯურები, საკანჭურები, ამულატები, ნემს-მახათბი, მაშა-ჩქიფები, სარდიონის, პასტის, კაურის და ქარვის ნაირგვარი მძივები და სხვა). მსგავსი მასალა აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს (სამთავრო, ნარეკვავი, აღაიანი, მეტეხი, კავთისხევი, ხოვლე, თბილისი და სხვა) სინქრონულ ძეგლებში.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.