შინაარსზე გადასვლა

იტალიურ-ამერიკული სამზარეულო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იტალიურ-ამერიკული სამზარეულო — იტალიური სამზარეულოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბებული ვარიაცია. მისი შექმნა განაპირობა ამერიკაში იტალიელი იმიგრანტების დიდმა რაოდენობამ — მათ და მათმა შთამომავლობამ იტალიის სხვადასხვა რეგიონის და ქალაქის სამზარეულო გაავრცელეს როგორც კერძო შტატებში, ასევე მთელ ამერიკაში. დღეს იტალიურ-ამერიკული სამზარეულო გავრცელებულია სახლებსა და რესტორნებში, ამ სტილში მუშაობს ბევრი მსოფლიო კლასის შეფი.

იტალიურ-ამერიკული სამზარეულო უმეტესად სამხრეთი იტალიის სამზარეულოზეა დაფუძნებული, მაგრამ აღინიშნება ჩრდილოეთი იტალიის გავლენაც. იტალიელი იმიგრანტების უმეტესობა ამერიკაში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში დასახლდა, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად მძიმე ვითარებაში იყო, განსაკუთრებით იტალიის სამხრეთი. იმიგრანტების პირველი ნაკადები უმეტესად ნეაპოლის და სიცილიის მკვიდრებისგან შედგებოდა, ამიტომაც ამ ორი ადგილის სამზარეულოს განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა. დღესაც იტალიურ-ამერიკული კერძები ხშირად ნეაპოლთან და სიცილიასთან ასოცირდება. იტალიის რეგიონებთან გაიგივებულია ასევე ზოგი ინგრედიენტიც, მაგ. სამხრეთ იტალიასთან - ზეითუნის ზეთი, მშრალი პასტა, ტომატის სოუზი, ჩრდილოეთთან - რიზოტო, პოლენტა, თეთრი სოუზი.[1]

ამერიკაში თანდათან გაიზარდა ინტერესი იტალიური სამზარეულოს მიმართ და გაჩნდა მოთხოვნა მეტ ახალ, ამერიკის მაგივრად იტალიის ინგრედიენტებით და ტრადიციებით დამზადებულ კერძებზე. ამ პერიოდში ამერიკულმა საზოგადოებამ მიიღო იტალიური ესპრესო, ნუტელა და ტირამისუ. თანამედროვე სახოს პასტა კარბონარის წარმოშობა კი ამერიკის გავლენის შედეგია მეორე მსოფლიო ომის დროს.[2] ამერიკა ჰუმანიტარული დახმარების სახით რომში ბეკონს და კცერცხს აგზავნიდა, რომელსაც იტალიელები პასტისთვის იყენებდნენ, დღეს იტალიური სამზარეულო ამერიკაში ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით პიცა და პასტა (განსაკუთრებით სპაგეტი ტეფტელით [3]), თუმცა მათი იერსახე ძალზე განსხვავდება იტალიურისგან.

ამერიკის მეღვინეობის ისტორიას მჭიდრო კავშირი აქვს იტალიასთან. პირველად იტალიური ღვინის სახეობები ამერიკაში XIX საუკუნის ბოლოს ფლორიდის შტატში შემოიტანეს იტალიელებმა და ბრიტანელებმა. მათ შორის იყო იტალიელი ექიმი ფილიფ მაცეი, რომელიც ამერიკის მესამე პრეზიდენტის, ტომას ჯეფერსონის ახლო მეგობარი იყო, მათ გაავრცელეს ამერიკაში ვაზი, ზეთისხილი და სხვა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთვის დამახასიათებელი მცენარეები.[4]

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ბევრი იმიგრანტი, მათ შორის იტალიელი, სახლდებოდა კალიფორნიაში, სადაც ჯერ კივევ იყო ჭორები ოქროს საბადოებზე. იქ მათ დიდი და ნაყოფიერი მიწის ფართობები ხვდებოდათ, სადაც ადვილი იყო ვაზის მოყვანა. ალკოჰოლის აკრძალვამდე ამერიკაში პოპულარული გახდა ღვინის ბევრი იტალიური ბრენდი, რომლების უმეტესობაც დღესაც არსებობს, მაგ. Seghesio, Simi, Sebastiani Vineyards და Foppiano. მშრალი კანონის შემოღების შემდეგ მევენახეების ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ისინი უმეტესად თავს ირჩენდნენ ღვინის ეკლესიისთვის მიწოდებით (რაც აკრძალული არ იყო) ან ყურძნის წვენის გაყიდვით - ამ ორმა პრაქტიკამ (და ასევე ალკოჰოლის არალეგალურმა წარმოებამ და გავრცელებამ) გადაარჩინა ამერიკული მეღვინეობის ინდუსტრია.[5]

დღეს იტალიელ-ამერიკელთა შორის პოპულარობით სარგებლობს როგორც ამერიკული და კალიფორნიული, ასევე იტალიიდან იმპორტირებული ღვინო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]