ინოლა გურგულია
ინოლა გურგულია | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 25 ივლისი, 1929 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 24 ნოემბერი, 1977 |
საქმიანობა | მომღერალი |
ინოლა გურგულია (დ. 25 ივლისი, 1929 — გ. 24 ნოემბერი, 1977) — ქართველი კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი.
დაიბადა 1929 წლის 25 ივლისს. გაიზარდა თბილისის ძველ უბანში. ყოველ ზაფხულს იგი ატარებდა სამეგრელოს სოფელ უჩაშონაში. გიტარაზე დაკვრა მამიდამ ასწავლა, ჩონგურსა და ფანდურზე — ძიძამ. მან დაწერა სიმღერები: გიტარა, სიზმარია, ღიმილი მინდა, მადლობელი ვარ, უშენოდ და სხვები; ასევე, 15 საბავშვო სიმღერა, მათ შორის: საქანელა, კარუსელი, გვირილა, განი განდაგანა, ოდელია-დელა და ა.შ
1952 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. აქვე მან გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“, რომელიც ასრულებდა გურგულიას მიერ (ხშირად თავისსავე ლექსზე) დაწერილ სიმღერებს. 1960-იან წლებში ის გადაიღეს რამდენიმე ფილმში, სადაც მისი სიმღერებიც ჟღერს. სიცოცხლის განმავლობაში მას არ ჩაუწერია არცერთი ოფიციალური ფირფიტა.
გურგულიას სიმღერებს ჰქონდათ ერთგვარი აკორდული მღერის სტილი, რომელიც თავისი არსით ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა.
ინოლა გურგულია გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.