იაპონური ჯგუფი
"იაპონური ჯგუფი" ( ბერძ. Ὀμάς Ἰαπώνων ) — პოლიტიკური ჯგუფის არაოფიციალური სახელი 1906-1908 წლების საბერძნეთის პარლამენტში
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფი ჩამოყალიბდა 1906 წლის ივნისში, იმავე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არაოფიციალური სახელი მას უწოდა ჟურნალისტმა ვლასის გავრილიდისმა 1907 წლის 10 (23) თებერვალს გაზეთ აკროპოლისის სტატიაში, სადაც მათი სულისკვეთება შეადარა რუსეთ-იაპონიის ომის დროს იაპონელი ჯარისკაცების მიერ გამოვლენილ შეუპოვრობას.[1][2]
წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"იაპონიის ჯგუფის" წევრები იყვნენ: :ხარილაოს ტრიკუპისის პარტიის წარმომადგენელი, ატიკისა და ბეოტიის პრეფექტურის დეპუტატი სტეფანოს დრაგუმისი; აჩაიის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრიოს გუნარისი, რომელიც თავდაპირველად გეორგიოს თეოტოკისის პარტიაში იყრიდა კენჭს; კიკლადელი დეპუტატი. თეოდოროს დილიანისის პარტიიდან — პეტროს პროტოპაპადაკისი. კინოურიის დამოუკიდებელი დეპუტატი ხარალამბოს ვოზიკისი —თავდაპირველად კენჭს იყრიდა დილიანისისა და ალექსანდროს ზაიმისის პარტიებიდან; 1906 წელს არჩეული კარდიცას პრეფექტურის დამოუკიდებელი დეპუტატი აპოსტოლოს ალექსანდრისი; დილიანის პარტიის წარმომადგენელი, ჰერმიონიდის პრეფექტურის დეპუტატი ემანუელ რეპულისი; ეიალიას დეპუტატი ანდრეას პანაგიოტოპულოსი. ჯგუფის საპატიო ლიდერის როლს ასრულებდა ხანდაზმული დრაგუმისი, მაგრამ მაგრამ მისი ნამდვილი მამოძრავებელ ძალას ახალგაზრდა იურისტი დიმიტრიოს გუნარისი წარმოადგენდა, რომელმაც განათლება საფრანგეთსა და გერმანიაში მიიღო და ბისმარკის სოციალური კანონმდებლობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. [3] პროტოპაპადაკისი ინჟინერი იყო. მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ის რჩებოდა გუნარისის ახლო თანამოაზრედ [3] . ვოზიკისი ცნობილი გახდა იმით, რომ 27 წლის ასაკში აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად. [3]
ჯგუფში შედიოდნენ სხვადასხვა პარტიისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, რაც დამაბრკოლებელი გარემოება იყო ცალკე პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად. თუმცა, თავად „იაპონური ჯგუფის“ წევრებს არასოდეს გაუკეთებიათ რაიმე სერიოზული მცდელობა, გაერთიანებულიყვნენ რეალურ მასობრივ პარტიაში, უპირველეს ყოვლისა, გუნარისის არ სურდა ლიდერის როლში გამოსულიყო [3] .
მიზნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„იაპონელების“ მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი , რამაც 1893 წელს გამოიწვია სახელმწიფოს გაკოტრება, 1897 წლის საბერძნეთ-თურქეთის ომში დამარცხება და შემდგომში საერთაშორისო ფინანსური კონტროლის დაწესება. „იაპონელები“ აკრიტიკებდნენ პოლიტიკურ კლასს და პარტიების უსარგებლო მონაცვლეობას. ისინი გამოდიოდნენ რადიკალური მოდერნიზაციის პროგრამების გატარების იდეით. გამოირჩეოდნენ ანტიელიტარული და ანტიკორუფციული რიტორიკით, რომელიც მიზნად ისახავდა მორალური ღირებულებების დაცვას.[4]
საქმიანობის შეწყვეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა, როდესაც 1908 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს თეოტოკისმა გუნარისს, პროტოპაპადაკისსა და რეპულისს შესთავაზა სამთავრობო თანამდებობები. შედეგად, პირველმა ორმა თანხმობა განაცხადა. გუნარისი ფინანსთა მინისტრი გახდა, თუმცა ბიუჯეტის განხილვისას ყოფილი თანამოაზრეების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რის გამოც იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
მიუხედავად იმისა, რომ "იაპონურმა ჯგუფმა" ვერ მიაღწია თავის მიზნებს, ის მაინც გახდა პოლიტიკური რეფორმის წინამორბედი, რომელიც დაიწყო 1909 წლის ათენის აჯანყების და ელეფთერიოს ვენიზელოსის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Τάσος Βουρνάς, Ιστορία της νεώτερης και σύγχρονης Ελλάδας, εκδ. Παπαδήμα, Αθήνα 1997, Τόμος Α΄
- Llewellyn Smith, Michael . Ionian Vision: Greece in Asia Minor, 1919–1922 — Ann Arbor: University of Michigan Press, 1998. — ISBN 1-85065-368-2.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Llewellyn Smith, 1998, p. 7
- ↑ Gallant, Thomas W. (2015-01-21) Edinburgh History of the Greeks, 1768 to 1913 Edinburgh University Press. p. 210. ISBN 978-0-7486-3607-5.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Llewellyn Smith 1998.
- ↑ Llewellyn Smith, 1998, p. 8.