ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი
ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი (ინგლ. Victoria and Albert Museum) — დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილესი მუზეუმი მსოფლიოში; მდებარეობს სამხრეთ კენსინგტონში, დასავლეთ ლონდონი; დაფუძნდა 1852 წელს. შესვლა 2001 წლიდან უფასოა.
მუზეუმი თავდაპირველად დაარსდა, როგორც სამხრეთ კენსინგტონის მუზეუმი 1851 წლის დიდი გამოფენის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბუნების ისტორიის მუზეუმის, როიალ ალბერტ ჰოლის, ალბერტის მემორიალისა და მეცნიერების მუზეუმთან ერთად. ერთობლიობაში ისინი ქმნიან კულტურულ დაწესებულებათა კომპლექსს, ცნობილს სახელით ალბერტოპოლისი. პირველი ხელმძღვანელი იყო სერ ჰენრი კოული, რომელიც ასევე ორგანიზატორი იყო დიდი გამოფენის და, რომელმაც მუზეუმის კოლექციისთვის რამდენიმე ობიექტი ამ გამოფენაზე შეიძინა. წლების განმავლობაში მუზეუმმა მრავალი მნიშვნელოვანი ნივთი შემატა საკუთარ კოლექციას. თავდაპირველად მუზეუმში გამოფენილი იყო ხელოვნებისა და მეცნიერების ექსპონატები, რათა მნახველი ამ დარგებში მიღწევების ნიმუშებით დაეინტერესებინა. ამ პერიოდში ითვლებოდა, რომ ეს მომხმარებელთა, მწარმოებელთა და დიზაინერთა გემოვნებას გააუმჯობესებდა, რაც ზოგადად კულტურასა და ეკონომიკასაც აამაღლებდა.