შინაარსზე გადასვლა

ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი — კონსტანტინე ერისთავის სახელობის სამედიცინო დაწესებულება. მდებარეობს თბილისში. საქართველოში ქირურგიის დარგის მოთავე დაწესებულება. შეიქმნა 1946 წელს როგორც ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 2000 წლიდან მიიღო ახლანდელი სტატუსი. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო გ. მუხაძე (1946-1948). სხვადასხვა დროის ცენტრის ცენტრის დირექტორები იყვნენ: დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი პროფესორი ა. გზირიშვილი (1948-1950); აკადემიკოსი კ. ერისთავი (1950-1974); აკადემიკოსი გ. იოსელიანი (1974-1989); აკადემიკოსი ე. ფიფია (1989-1990); პროფესორი გ. გოკიელი (1990-1996). 1996 წლიდან ცენტრის დირექტორია საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი ბ. მოსიძე.

არსებობის მანძილზე ცენტრი ჩამოყალიბდა როგორც მრავალპროფილიანი სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი და კლინიკური დაწესებულება. მის სტრუქტურაშია: I და II ზოგადქირურგიის, ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკები შესაბამისი განყოფილებებით. გარდა ამისა, არის ფილტვის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დიაგნოსტიკის განყოფილებები. თავდაპირველად ინსტიტუტი მუშაობდა საჭმლის მომნელებელი სისტემის ქირურგიულ პრობლემებზე. წლების განმავლობაში მას დაემატა ქირურგიის სხვა პროფილებიც. კლინიკასა და ექსპერიმენტში მუშავდებოდა ქირურგიის აქტუალური საკითხები. ჩატარდა, საქართველოში პირველად, თირკმლის გადანერგვა თირკმლის ქრონიკულიუკმარისობის ტერმინალურ სტადიაში მყოფ ავადმყოფზე. ღვიძლის გადანერგვაზე მიმდინარეობდა ხანგრძლივი ექსპერიმენტული კვლევა და სხვა მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული დამხმარე სისხლის მიმოქცევის და ხელოვნური გულის ბიოტექნიკური სისტემის შემუშავების, შექმნის და ექსპერიმენტულ აპრობაციაში. კლინიკურ პირობებში დეტალურადაა შესწავლილი პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომის კლინიკა და მკურნალობა. ცენტრში დანერგილია თანამედროვე ოპერაციული მეთოდები ორგანოთა ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებით და პაციენტთა სრული ქირურგიული რეაბილიტაციით. ცენტრის არსებობის მანძილზე მომზადდა 70-ზე მეტი მეცნიერების დოქტორი, 200-ზე მეტი მედიცინის მეცნიერების კანდიდატი, გამოიცა 51 მონოგრაფია და სახელმძღვანელო, 22 შრომათა კრებული და 23 კონფერენციის მასალა. გამოქვეყნდა მრავალი სამეცნიერო სესია, მათ შორის 10 საერთაშორისო. ცენტრს მჭიდრო კონტაქტები აქვს საზღვარგარეთის მრავალ სამეცნიერო ცენტრებთან.

2011 წელს ცენტრი კორპორაცია „ავერსმა“ შეიძინა და მოახდინა მისი აღდგენა–განახლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]