ნეიროქირურგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Parkinson surgery.jpg

ნეიროქირურგია — კლინიკური დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ნერვულ დაავადებებს, რომლებსაც ძირითადად ქირურგიული მეთოდებით მკურნალობენ. თანამედროვე ნევროლოგია ნეიროქირურგიის თეორიული საფუძველია. ნეიროქირურგია მოიცავს ნეიროონკოლოგიას, ნეიროტრავმატოლოგიას, ნეიროანგიოლოგიას, სტეორეოტაქსიულ ქირურგიას, თანდაყოლილი მანკების ქირურგიას, ეპილეფსიის და ძლიერი ტკივილის ქირურგიას და სხვ.

როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა, ნეიროქირურგია გამოეყო ქირურგიას XX საუკუნის დასაწყისში. 1898 წელს პეტერბურგში, პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ნერვულ და ფსიქოლოგიურ კლინიკასთან გაიხსნა ნეიროქირურგიული განყოფილება. 1912 წელს პეტერბურგშივე დაარსდა სპეციალური ნეიროქირურგიული კლინიკა. დიდი როლი ითამაშა სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების შექმნამ. 1926 წელს ფიოდოროვმა და მოლოტკოვმა შექმნეს მსოფლიოში პირველი ქირურგიის ნევროპათოლოგიური ინსტიტუტი. 1929 წელს, რენტგენოლოგიის ინსტიტუტთან მოეწყო ნეიროქირურგიული კლინიკა, რომელიც 1934 წელს გადაკეთდა საბჭოთა სამედიცინო მეცნიერებების აკადემიის ნეიროქირურგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. 1938 წელს ქირურგიის ნევროპათოლოგიური ინსტიტუტი და ნეიროქირურგიული კლინიკის შერწყმის შედეგად შეიქმნა ლენინგრადის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი. 1950 წელს დაარსდა კიევის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი. სსრკ-ს მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებსა მსხვილ ადმინისტრაციულ ცენტრებში შეიქმნა მრავალი ნეიროქირურგიული კლინიკა და განყოფილება. ჩამოყალიბდა ერთიანი საბჭოთა ნეიროქირურგიული სკოლა, რომელსაც საფუძვლად დაედო ავადმყოფთა გამოკვლევა-მკურნალობის კომპლექსურობის პრინციპი, რაც მიზნად ისახავდა მოსაზღვრე დისციპლინების (ნევროპათოლოგია, ნეიროფიზიოლოგია, ნეირორენტგენოლოგია, ნეიროოფთალმოლოგია, ოტონევროლოგია და სხვ.) სპეციალისტების კოლექტიურ მოღვაწეობას. მეორე მსოფლიო ომის დროს (1941-1945) ნეიროქირურგიის სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობა მიმართული იყო ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებების საკითხების შესწავლაში. ომის შემდგომ პერიოდში ნეიროქირურგიული დაწესებულებების ქსელის გაფართოებამ და უახლესი აპარატურითა და ხელსაწყო-იარაღებით აღჭურვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მკურნალობის შედეგები თვის ტვინის სიმსივნის, ეპილეფსიისა და სხვ. დაავადებების დროს. შეიქმნა ახალი დარგები - თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვთ ქირურგია (ნეიროანგიოლოგია) და სტერეოტაქსიული ქირურგია. ფართოდ დაინერგა მიკროქირურგია (ქირურგიული ოპერაციების ჩატარება მიკროსკოპის დახმარებით); დაიხვეწა რენტგენოკონტრასტული გამოკვლევის მეთოდები (მიმართული, სელექციური, ტოტალური ანგიოგრაფია და სხვ.); დაინერგა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის თანამედროვე მეთოდები, რამაც შესაძლებელი გახადა ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების მართვა როგორც ოპერაციის დროს, ისე მის შემდეგ.


საქართველოში ნეიროქირურგიის ფუძემდებელია ჩიქოვანი. ამ დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ ქირურგებსა და ნევროპათოლოგებს (მუხაძე, კახიანი, მაჭავარიანი, ერისთავი, ყიფშიძე, სარაჯიშვილი, ქავთარაძე და სხვ.). ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ქირურგიული პათოლოგიის საკითხებს მიეძღვნა ფიფიას, ზაქარაიას, ტყავაძის, ახმეტელის, დემეტრაძის, გიგოლოვის და ჟვანიას ნაშრომები.

ნეიროქირურგიის დარგში პრაქტიკული და მეცნიერული მუშაობა მიმდინარეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური და საექსპერტო ნევროლოგიის და ქირურგიის კლინიკებში; ქუთაისში საავადმყოფოში გახსნილი იყო ნეიროქირურგიის განყოფილება, ხოლო ბათუმისა და სოხუმის საავადმყოფოებში გამოყოფილი იყო სპეციალური საწოლები ნეიროქირურგიული ავადმყოფებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]