შინაარსზე გადასვლა

ეპისტოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეპისტოლე (ძვ. ბერძნ. ἐπιστολή, epistolḗ — წერილი) — წერილის ფორმით დაწერილი სპეციფიკური ლიტერატურული ჟანრის თხზულება.

ეპისტოლე ქრისტიანობის ადრეულ ხანაში ასეთი სახით ჩამოყალიბდა: ეპიკური შინაარსი (უპირატესად ავტორის აზრი, იდეა და არა თხრობითი ამბავი) ხშირად ლირიკული უშუალობით გადმოიცემა, უშუალო კავშირია დამყარებული ავტორსა და ადრესატს შორის. ყოველი ეპისტოლე მიძღვნილია მხოლოდ ერთი გარკვეული ადრესატისადმი (ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი) და განკუთვნილია მხოლოდ განსაზღვრული მომენტისათვის. ესაა ერთგვარი ღია წერილი, რომელიც გადმოსცემს ავტორის შეხედულებას ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე, ამიტომ ის მტკიცებითი და დამრიგებლობითი ხასიათისაც არის.

ქართულში ტერმინი შემოსულია V საუკუნიდან, როცა ბიბლიის სხვა ნაწილებთან ერთად ითარგმნა ამ ხასიათის თხზულებებიც. მოღწეულია უძველესი ქართული თარგმანები პავლე მოციქულის 14 ეპისტოლისა და 7 ე. წ. კათოლიკე ეპისტოლისა (იაკობისა, პეტრესი და იოვანესი). X–XI საუკუნეებიდან ეპისტოლე „მოკითხვათა და საქმეთათჳს მინაწერის“, ანუ საზოგადოდ წერილის მნიშვნელობითაც იხმარება. ჩვეულებრივ კი ძველ და საშუალო ქართულშიც წერილის შინაარსს გამოხატავდა სიტყვა „წიგნი“. სალიტერატურო ქართულში ეპისტოლეს ორივე, ძველი და ახალი მნიშვნელობა შემორჩა.