შინაარსზე გადასვლა

ელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელი (თურქ., აზერბ. ილ, ელ - ტომი, ხალხი) — მეჯოგე-მომთაბარე მოსახლეობა კახეთსა და ქვემო ქართლში XVI-XIX საუკუნეებში.

ელის შემოჭრისა და დამკვიდრების ცდა საქართველოში დაკავშირებული იყო მომთაბარე ხალხების (სელჩუკები, მონღოლები, თურქმანები) შემოსევებთან. XI საუკუნიდან ისინი ბრძოლით იკავებდნენ მცირე აზიისა და ამიერკავკასიის ტერიტორიას. საქართველოში ელიის ჩამოსახლება იქცა სეფიანთა დინასტიის შაჰების პოლიტიკად, რომლის მიზანი იყო ქართული ფეოდალური მიწათმფლობელობისა და სახელმწიფოებრიობის მოსპობა.

შაჰ-აბას I-მა ელი დიდ მასებად ჩაასახლა მის მიერ გაჟლეტილი და ირანში გადასახლებული კახელების მიწა-წყალზე. ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში ფეხს იკიდებდა ნახევრად პატრიარქალური, ნახევრად ფეოდალური წყობის, ეთნიკურად უცხო სოციალური ძალა, რომლის ჩამორჩენილი ეკონომიკური ბაზა (ექსტენსიური მეურნეობა, ფეოდალური მიწათმფლობელობის ზრდადაუსრულებელი ფორმები) საფუძველს აცლიდა საქართველოს სამიწათმოქმედო მეურნეობის ინტენსიურ დარგებს და გადაგვარებით ემუქრებოდა ადგილობრივ სოციალურ-პოლიტიკურ წყობილებას.

ელის დამკვიდრება შაჰ-აბას-I-ის გეგმის ქართულ-ქრისტიანული სამეფოების „გურჯისტანის“ სახანოებად გადაქცევის დასაწყისი იყო. ეს გეგმა ჩაშალა მარტყოფის ბრძოლამ გ. სააკაძის მეთაურობით. თურქმანული ტომების ჩასახლების მორიგი ცდა შაჰ-აბას II-ის დროს ჩაშალა კახეთის აჯანყებამ (1659). XVII საუკუნის II ნახევრიდან კახეთსა და ქვემო ქართლში მეჯოგე-მომთაბარე და მკვიდრბინადარი მოსახლეობის თანაფარდობა უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. ელის ნაშთები ლოკალიზებულ იქნენ ადგილობრივი ფეოდალური ურთიერთობათა გარემოცვაში. ელის გამოცოცხლების პოლიტიკა, რასაც ნადირ-შაჰი ატარებდა ქართლსა და კახეთში XVIII საუკუნის 30-40-იან წლებში, მარცხით დამტავრდა. XVIII საუკუნის საქართველოში შემუშავებულ იქნა „ელის დებულება“, რომელიც შევიდა „დასტურლამალში“. ელის ეკავა სომხითი, ალგეთისა და დმანისის ხეობები. მისი სოციალური სტრუქტურა ირანში მცხოვრები ყიზილბაშური ტომების მომთაბარული ორგანიზაციის შესაბამისი იყო.

საქართველოში განსახლებული ყიზილბაშური ტომებიდან ცნობილია: ჯავანშირი, ქეშალუ, ნაჯბადილი, არახლუ, დემურჩი, აჰმადლუ, ჰასანლუ და სხვა. ამ ტომების ძირითად სოციალურ უჯრედებს ოიმახი და ობა ეწოდებოდა. ელის განსახლებული იყო სახელმწიფო, სამეფო და საფეოდალო მიწებზე. საქართველოს ხელისუფლება ფისკალური და სამხედრო მიზნებისათვის 3 წელიწადში ერთხელ ატარებდა ელის აღწერას. XVIII საუკუნიდან შესამჩნევი გახდა ელის მკვიდრბინადრულ ცხოვრებაზე გადასვლის ტენდენცია. ელის სამეურნეო და სოციალური პროგრესი საქართველოში უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, ვიდრე მის მონათესავე ირანსა და ანატოლიიის თურქმანულ ტომებში.

  • გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ელი&oldid=4684225“-დან