შინაარსზე გადასვლა

ელენა ნელიპჩიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელენა ნელიპჩიჩი (ბოსნ. Jelena Nelipčić ან Jelena Nelipić; დ. უცნობია – გ. 1422) — ბოსნიის დედოფალი. მეფე სტეპან ოსტოიას მესამე ცოლი.

ელენა ნელიპიჩების ფეოდალური საგვარეულოს წევრია. 1401 წელს იგი ცოლად გაჰყვა სპლიტის თავადს, ხრვოიე ვუკჩიჩ-ხრვატინიჩს. ელენა კათოლიკე იყო, მაგრამ მისი ქმარი – ბოსნიის ეკლესიის მიმდევარი. 1416 წელს ხრვოიე გარდაიცვალა და მისი სამფლობელო ელენას დარჩა.[1]

მეორედ ელენა ბოსნიის მეფეზე, სტეპან ოსტოიაზე დაქორწინდა. მას მზითევში მოჰყვა თავისი გარდაცვლილი ქმრის სამფლობელოები, მათ შორის ქალაქი იაიცე. 1418 წელს სტეპან ოსტოია გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა მისი ვაჟი სტეპან ოსტოიჩი, რომელიც მას მეორე ცოლის, კუიავასგან ჰყავდა.

ელენას სამეფო კარზე არც გავლენა და არც ძალაუფლება არ ჰქონდა, ხოლო კუიავა მისი ვაჟის გამეფების მერე გაძლიერდა და გადაწყვიტა შური ეძია. 1419 წელს ელენა სტეპან ოსტოიჩმა დააპატიმრებინა, სამი წლის შემდეგ იგი ციხეში გარდაიცვალა უცნობ გარემოებებში.

არის ვარაუდები, რომ ბალშა ჰერცეგოვიჩი ელენასა და ხრვოიეს შვილია, თუმცა ამის დამტკიცება არ ხერხდება. სხვა შთამომავალი მას არ ჰყოლია.

  1. Fine, John Van Antwerp (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. Michigan: University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4.