შინაარსზე გადასვლა

ეთერ ჭკადუა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეთერ ჭკადუა (დ. 1966, თბილისი) — ქართველი მხატვარი.

ეთერ ჭკადუა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარია. იგი არის ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის ინსტრუქტორი ნახატისა და კომპოზიციის განხრით, ნიუ-იორკის ხელოვნების ფონდისა და პოლაკ-კრაშნერის ფონდის გრანტის მფლობელი. მისი ნახატების გამოფენა წარმატებით ეწყობა ამერიკის, იაპონიის, საფრანგეთისა და იტალიის ცნობილ სამხატვრო გალერეებში.

მამა – ამბაკო ჭკადუა; დედა – გულიკო კვარაცხელია. ჰყავს ძმა – გოჩა. პოეტური აზროვნება ეთერს ლინგვისტი მამისგან, მხატვრობის ნიჭი კი დედის მხრიდან გამოჰყვა. ბაბუა ხატვის მასწავლებელი იყო ზუგდიდში. 1985 წელს კავკასიური ენების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ქართველოლოგი ქევინ ტუიტი. ქართულსა და სვანურს მას ეთერის მამა, ამბაკო ჭკადუა ასწავლიდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, იქორწინეს და 1988 წელს ამერიკაში გაემგზავრნენ.

ეთერი თბილისის I საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1981 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერისა და მოდის დიზაინის ფაკულტეტები დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მისი ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში.

ქევინ ტუიტს სამსახურიდან გამომდინარე, იაპონიასა და კანადაში უწევდა ცხოვრება, უმაღლეს სასწავლებლებში ანთროპოლოგიურ ლინგვისტიკასა და ქართულ ენას ასწავლიდა. ეთერი ოჯახში ტრიალებდა და თან ხატავდა. რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი ისევ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. პირველივე წარმატებულმა გამოფენამ ჩიკაგოში ქართველ მხატვარს მეტის კეთების სურვილი გაუჩინა. სულ მალე იგი პროფესორად მიიწვიეს კალიფორნიის სანტა-ბარბარას უნივერსიტეტში, სადაც ხატვას, ფერწერასა და კომპოზიციას ასწავლიდა. ეთერისა და მისი მეუღლის ცხოვრების გზები ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიყარა.

ამერიკამ მხატვარი იმითაც მოხიბლა, რომ შემოქმედებითი გზა მრავალი მიმართულებით გაეხსნა: კალიფორნიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროგრამები, გამოფენები შვედეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, იტალიაში. პოლოკ-კრასნერის, ნიუ-იორკის ხელოვნების ფონდების ჯილდოები.

ეთერ ჭკადუას ნახატები ავტობიოგრაფიული ტილოებია, სადაც მეამბოხე ფემინისტი შემოქმედი არ ერიდება დინების საპირისპიროდ ცურვას, ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, საკუთარი აზრების თავისუფლად გამოხატვას. მის შემოქმედებაში ქალი მთავარი სუბიექტია – მაცდური და ვნებიანი, იდუმალი, მებრძოლიც, იარაღით ხელში, გამომწვევი გამოხედვით.

ხელოვანი ნიუ-იორკსა და იამაკაზე ცხოვრობს. ნიუ-იორკში სხვადასხვა უცხოელ არტისტებთან ერთად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, ეკოლოგიურ და სოციალურ პროექტებში. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში პატრიოტული ნოსტალგიები ხშირად აქვს. მის ნახატებში თითქმის ყოველთვის არის რომელიმე ქართული სიმბოლო, იქნება ეს სურათზე გამოსახული ნივთი თუ ის ტექნიკა, რომლითაც იგია შესრულებული. ქართული შტრიხებით ეთერი ცდილობს ეგზოტიკა შემატოს ნამუშევრებს, უცხოელი დამთვალიერებლებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადოს ისინი. იგი თავისუფალია ამ სიმბლოების გამოყენებისას, თავისი სურვილისამებრ ცვლის მათ და ნახატის განუყრელ ნაწილად გადააქცევს.

ხელოვანი საქართველოში ხშირად ჩამოდის და ზოგჯერ თვეობით რჩება. ყოველთვის ცდილობს მოინახულოს მამის მშობლიური კუთხე, მესტიის რაიონის სოფელი ვედი, სადაც ნათესავები ჰყავს. საქველმოქმედო აქციებშიც მონაწილეობს და აგრძელებს იმ ტრადიციებს, რასაც თავის დროზე საფუძველი ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა, მათ შორის, ელენე ახვლედიანმა და ლადო გუდიაშვილმა ჩაუყარეს.

ეთერ ჭკადუას სახელი შეტანილია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოშვებულ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა 2005 წლის კალენდარში. იგი სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ ჩეხეთის საკონსულოში წარდგენილ იმ ცხრამეტ წარმატებულ ქალს შორის იყო, რომელმაც თავისი ქვეყანა ნიუ-იორკში, საკუთარი საქმიანობით წარმატებით და ღირსეულად წარმოაჩინა.

ნიუ-იორკელი ესეისტი და კრიტიკოსი ლილი ვეი ეთერს ახალი ამაზონიის მსოფლიო ქალბატონს უწოდებს, მის შემოქმედებას კი ზოგჯერ შემზარავი და საშიში თანამედროვე სამყაროს ახალ ტალღად მოიხსენიებს, სადაც ერთდროულად იჩენს თავს გამოუსწორებელი ოპტიმიზმიც და სასოწარკვეთაც, ბრძოლის ჟინი და თეთრი ბაირაღიც, სიყვარული – ხანდახან დაუოკებელი ვნების სახით და სიკვდილის სარეცელიც.

  • ნახატები = Paintings, ეთერი ჭკადუა, თბ., 2013
  • ეთერ ჭკადუა, ქართველები ამერიკაში, ი. მახარაძე, თბ., 2011, გვ. 151-154
  • ეთერ ამბაკოს ასული ჭკადუა - ტუიტისა, სვანეთის ისტორიულ–ეთნოლოგიური წარსულიდან, ა. გელოვანი, თბ., 2008, გვ. 336-340
  • „ქართველი ამორძალი“ / ნ. როსტიაშვილი, ბომონდი, თბ., 2011, აპრილი, №4, გვ. 119-121

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეთერ_ჭკადუა“-დან