შინაარსზე გადასვლა

დიუნკერკის ევაკუაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიუნკერკის ევაკუაცია
საფრანგეთის კამპანიის ნაწილი

სანაპიროზე ჩამწკრივებული ბრიტანელი ჯარისკაცები ევაკუაციის მოლოდინში
თარიღი 26 მაისი – 4 ივნისი, 1940
მდებარეობა დიუნკერკი, საფრანგეთი
შედეგი მოკავშირეების უკან დახევა
338 226 ჯარისკაცის ევაკუაცია
მხარეები
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დროშა საფრანგეთი
ბელგიის დროშა ბელგია
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
დანაკარგები
≈ 100 000 ჯარისკაცი
≈ 40 000 ტყვე

244 ბრიტანული გემი
≈ 60 ფრანგული გემი
106 თვითმფრინავი
მთელი საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალები და სხვ.

≈ 140 თვითმფრინავი
დიუნკერკის ევაკუაცია ვიკისაწყობში

დიუნკერკის ევაკუაცია (ოპერაციის პირობითი სახელი — „დინამო“) — მეორე მსოფლიო ომის ფრანგული კამპანიის დროს ქალაქ დიუნკერკის (ჩრდ. საფრანგეთი) რაიონიდან ბრიტანული, ასევე ფრანგული და ბელგიური ჯარების ნაწილის საევაკუაციო ოპერაცია 1940 წლის 26 მაისიდან 4 ივნისამდე.

1940 წლის 20 მაისს „გელბის“ გეგმის მიხედვით გერმანული სატანკო შენაერთები გაიჭრნენ ლა-მანშის სრუტისკენ, რის შედეგადაც მოკავშირეთა არმიის 1-ელი ჯგუფის ჯარები (10 ინგლისური, 18 ფრანგული და 12 ბელგიური დივიზია; მეთაური — გენერალი პიერ ბიიოტი, 25 მაისიდან გენერალი ჟორჟ მორის ჟან ბლანშარი) მოწყვეტილები და ზღვისკენ მიმწყვდეულები აღმოჩნდნენ ქალაქების გრავლინის, არასისა და ბრიუგეს რაიონებში (იხ. დიუნკერკის ბრძოლა). მოკავშირეთა ჯარები ბლოკირებული ჰყავდა გერმანიის არმიათა ჯგუფ „ა“-ს (გენერალ-პოლკოვნიკი გერდ ფონ რუნდშტეტი) და არმიათა ჯგუფ „ბ“-ს (გენერალ-პოლკოვნიკი ფედორ ფონ ბოკი). გერმანულ ჯარებს უპირატესობა ჰქონდათ ტანკებში და ავიაციაში, თუმცა 23 მაისს რუნდშტედტის ბრძანებით, რომელიც მოწონებული იყო ჰიტლერის მიერ, შეტევა შეჩერდა. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ გერმანულ სარდლობას უნდოდა სატანკო დივიზიების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება შემდგომში საფრანგეთის კამპანიის გადამწყვეტ ბრძოლებში გამოსაყენებლად. ამას გარდა, ჰიტლერი თვლიდა, რომ უმსხვილესი ევროპელი მოკავშირის დაკარგვა და კუნძულზე დემორალიზებული ჯარისკაცების დაბრუნება ბრიტანეთის მთავრობას უბიძგებდა გერმანიასთან სეპარატული ზავის გაფორმებისკენ. თუმცა მოკავშირეებმა არ ისარგებლეს საკუთარი თავდაცვის გამაგრების შესაძლებლობით. იმ დროს, როდესაც ფრანგული სარდლობა ცდილობდა დიუნკერკთან პლაცდარმის შენარჩუნებას, ბრიტანეთის სარდლობამ, მოკავშირეთა შეუტყობინებლად, დაიწყო საკუთარი საექსპედიციო არმიის ევაკუაციის გეგმის შემუშავება. 26 მაისს დაიწყო მისი განხორციელება, რისთვისაც გამოიყენეს 700-მდე გემი. 27 მაისს გერმანიის ჯარების შეტევა განახლდა, 28 მაისს ბელგიის არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. იმავე დღეს საფრანგეთის სარდლობამ თავისი ჯარების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, ამისთვის გამოიყენეს 250-მდე გემი. საევაკუაციო პლაცდარმის თავდაცვა ორგანიზებული იყო ქალაქების ნიუპორტის და ბერგის განაპირას გამავალ არხებზე და აღწევდა დიუნკერკიდან დასავლეთით 15 კმ-მდე. ჯარებსა და ფლოტს ჰაერიდან იცავდა ინგლისური გამანადგურებელი ავიაცია, რომელმაც 27 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში 2700-ზე მეტი გაფრენა გააკეთა დიდი ბრიტანეთის აეროდრომებიდან და დიუნკერკის რაიონში დროებითი უპირატესობა მოიპოვა. მოკავშირეთა ჯარების ევაკუაცია დასრულდა 4 ივნისის დილას.

ევაკუაციის შედეგად, მოკავშირეებმა შეძლეს 338 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია (დაახლ. 200 ათასი ინგლისელი, დაახლ. 139 ათასი ფრანგი და ბელგიელი). დაკარგეს 100 ათასზე მეტი ადამიანი, მ.შ. დაახლ. 40 ათასი ტყვედ ჩავარდა. გერმანულმა ჯარებმა გაანადგურეს 244 ბრიტანული და დაახლ. 60 ფრანგული გემი, ჩამოაგდეს 106 თვითმფრინავი (სხვა მონაცემებით — 302), ხელში ჩაიგდეს თითქმის მთელი საბრძოლო ტექნიკა, სამხედრო ქონება და საბრძოლო მასალები. ბრიტანულმა ავიაციამ და მოკავშირეთა საზენიტო არტილერიამ ჩამოაგდო დაახლ. 140 გერმანული თვითმფრინავი. დიუნკერკის ევაკუაციის გამოცდილებამ აჩვენა არააღჭურვილი ნაპირიდან ჯარების ზღვით ევაკუაციის ორგანიზების შესაძლებლობა მტრის ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში.