დემოსთენე
დემოსთენე (ძვ. ბერძნ. Δημοσθένης; დ. ძვ. წ. 384, ატიკა ― გ. ძვ. წ. 322, კალაბრია) — ძველი ათენის სახელმწიფო მოღვაწე და ორატორი. დაიბადა იარაღის ოსტატის ოჯახში. ორატორული ხელოვნების შესწავლის შემდეგ ლოგოგრაფი გახდა, ანუ სხვებისათვის წერდა სიტყვებს, ასწავლიდა რიტორიკას, თვითონ იღებდა მონაწილეობას სასამართლო პროცესებში, გამოდიოდა სახალხო შეკრებებზე. შემონახულია დემოსთენესთვის მიკუთვნებული 61 სიტყვა, 56 გამოსვლა, 6 წერილი (აქედან 20-მდე სიტყვა და რამდენიმე წერილი, როგორც ჩანს, მას არ უნდა ეკუთვნოდეს). ძვ. წ. 351 წელს წარმოთქვა თავისი პირველი „ფილიპიკა“ — სიტყვით გამოსვლა მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის (ალექსანდრე მაკედონელის მამის) წინააღმდეგ, რომელშიც მკვეთრად გააკრიტიკა ათენის პასიური პოზიცია მაკედონიის დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ბერძნული პოლისების დამოუკიდებლობას. ამ დროიდან დემოსთენე გახდა ათენისა და საბერძნეთის სხვა პოლისების ანტიმაკედონური დაჯგუფების აღიარებული ბელადი. ფაქტობრივად ათენის ხელმძღვანელად გახდომის შემდეგ, ცდილობდა შემოეღო კანონი საგანგებო სახელმწიფო ბეგარის — ტრიერარქიის შესახებ, ე.ი. აღჭურვილიყო სამხედრო გემები — ტრიერები ცალკეული მოქალაქეებითა და მეტეკებით და გამოეყენებინათ თეორიკონი, ე.წ. სანახაობის ფული სამხედრო მიზნებისათვის; რამდენიმე სამხედრო კავშირის გზით დემოსთენე იღწვოდა შექმნილიყო ბერძნული პოლისების ანტიმაკედონური კოალიცია. ქერონეის ბრძოლაში (ძვ. წ. 338) მოკავშირეთა დამარცხების შემდეგ იგი აგრძელებდა ფრთხილი, მაგრამ თანმიმდევრული ანტიმაკედონური პოზიციის დაჭერას. ძვ. წ. 323 წელს (ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ) ხელახლა მოუწოდა მაკედონიასთან საბრძოლველად. ლამიის ომში (ძვ. წ. 323–322) ბერძენთა ახალი მარცხის შემდეგ, მტრების მხრიდან დევნაში მყოფმა დემოსთენემ თავი მოიწამლა. თანმიმდევრულმა პატრიოტულმა პოზიციამ და უბადლო ორატორულმა ოსტატობამ მისი სახელი პოპულარულად აქცია. მისი მოღვაწეობა მსოფლიო ორატორული ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Демосфен // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 8 — М., 1972.