დეივიდ კოპერფილდი
„დეივიდ კოპერფილდი“ | |
---|---|
David Copperfield | |
| |
ავტორი | ჩარლზ დიკენსი |
ილუსტრატორი | ჰებლოტ ნაიტ ბრაუნი |
გარეკანის მხატვარი | ჰებლოტ ნაიტ ბრაუნი |
ქვეყანა | ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
სერია | ყოველთვიური: მაისი 1849 – ნოემბერი 1850 |
ჟანრი |
მხატვრული ლიტერატურა სოციალური კრიტიკა |
გამომცემელი | Bradbury & Evans |
გამოცემის თარიღი | 1850 |
მედია | რბილი და მაგარი ყდები |
გვერდი | 721 |
წინამორბედი | დომბი და შვილი |
მომდევნო | ცივი სახლი |
„დეივიდ კოპერფილდი“ (სრული ორიგინალური სათაური — The Personal History, Adventures, Experience and Observation of David Copperfield the Younger of Blunderstone Rookery (Which He Never Meant to Publish on Any Account) — ჩარლზ დიკენსის რიგით მერვე რომანი, რომელიც პირველად 1850 წელს გამოიცა. ისევე, როგორც წინამორბედი ნაწარმოებები, იგი მანამდე ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. წიგნში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია დიკენსის პირადი ცხოვრებიდან. „დეივიდ კოპერფილდი“ ითვლება დიკენსის ყველაზე ავტობიოგრაფიულ რომანად.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დევიდ კოპერფილდი ობოლი დაიბადა — მამამისის სიკვდილიდან ნახევარი წლის შემდეგ. ისე მოხდა, რომ მის დაბადებას დაესწრო მამამისის მამიდა, მის ბეტსი ტროტვუდი; ამ ქალბატონის ქორწინება ისე წარუმატებელი ყოფილა, რომ იგი მამაკაცთა მოძულე გამხდარა, ქალიშვილობის გვარი დაუბრუნებია და პროვინციაში დასახლებულა. ქორწინებამდე მას ძალიან უყვარდა ძმისშვილი, მაგრამ მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შემდეგ შეურიგდა მის არჩევანს და გაეცნო მის ქვრივს. მის ბეტსიმ სურვილი გამოთქვა მოენათლა ახალშობილი გოგონა (მას უნდოდა, რომ სწორედ გოგონა დაბადებულიყო), ითხოვა მისთვის ბეტსი ტროტვუდ კოპერფილდი დაერქვათ, აპირებდა „სათანადოდ აღეზარდა იგი“ და დაეცვა ყველა შესაძლებელი შეცდომისგან. როდესაც გაიგო, რომ ბიჭი დაიბადა, ისე გაუცრუვდა გული, რომ გამოუმშვიდობებლად სამუდამოდ დატოვა ძმისშვილის სახლი.
ბავშვობაში დევიდი გარშემორტყმული იყო დედისა და ძიძა პეგოტის ზრუნვითა და სიყვარულით; მაგრამ დედა მეორედ გათხოვდა. თაფლობის თვეში დევიდი და ძიძა გაამგზავრეს იარმაუთში სტუმრად პეგოტის ძმასთან. ასე ხვდება პირველად სტუმართმოყვარე გემ-სახლში და ეცნობა მის მკვიდრთ: მისტერ პეგოტის, მის ძმისწულ ქამს და დისწულ ემილის (დევიდს ბავშვურად შეუყვარდება პატარა ემი) და მისტერ პეგოტის ძველი მეგობრის ქვრივს, გამიჯს. შინ დაბრუნებისას დევიდი სახლში „ახალ მამას“ — მისტერ მარდსტონს და სრულიად შეცვლილ დედას აღმოაჩენს: ახლა მას ეშინია ბავშვს მოეფეროს და ყველაფერში ქმარს ემორჩილება. როდესაც მათთან მისტერ მარდსტონის დაც სახლდება, ბიჭის ცხოვრება სრულიად აუტანელი ხდება.
მარდსტონები ამაყობენ თავიანთი სიმტკიცით, რაშიც „ტირანულ, პირქუშ, ქედმაღალ, სატანისებურ ზნეს გულისხმობენ, რომელიც ორივეს ახასიათებს“. ბავშვს სახლში ამეცადინებენ; მამინაცვლისა და მისი დის მრისხანე მზერა აშინებს ბიჭს და დედას ნასწავლ გაკვეთილებსაც ვერ აბარებს. მისი ცხოვრების ერთადერთი სიხარული მამისეული წიგნებია, რომლებიც, მისდა საბედნიეროდ, საკუთარ ოთახში აღმოჩინა. ცუდი სწავლისთვის სადილს არ აჭმევენ და თავში ურტყამენ; ბოლოს და ბოლოს მისტერ მარდსტონმა გაროზგვასაც მიმართა. როდესაც პირველი დარტყმა იგრძნო, მამინაცვალს ხელზე უკბინა. ამის გამო სელემ ჰაუზის სკოლაში გაამწესეს — პირდაპირ არდადეგების დროს. დედა ცივად გამოეთხოვა მის მარდსტონის შიშით და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეტლი სახლს ნახევარი მილით მოშორდა, ერთგული პეგოტი ჩაუჯდა ეტლში, კოცნით აავსო „თავისი დევი“, ნუგბარ-ნუგბარით აუვსო ჯიბეები და ტყავის საფულე მიაჩეჩა, რომელშიც სხვა ფულთან ერთად ქაღალდში გახვეული დედის ნაჩუქარი ორი ნახევარკრონიანიც იდო, ქაღალდზე კი ეწერა „დევისთვის. სიყვარულით“. სკოლაში ჩასვლისთანავე ზურგზე დაფა დაჰკიდეს წარწერით „უფრთხილდით, იკბინება!“
არდადეგები მთავრდება, სკოლაში მისი ბინადრები ბრუნდებიან და დევიდი ახალ მეგობრებს ეცნობა — მასზე ექვსი წლით უფროს, მოსწავლეებში ლიდერად აღიარებულ ჯემს სტირფორდსა და ტომი ტრედლსს — „ყველაზე მხიარულსა და ყველაზე უბედურს“. სკოლას ხელმძღვანელობს მისტერ კრიკლი, რომელიც აღზრდის მხოლოდ ერთ მეთოდს — დაშინებასა და როზგს აღიარებს; არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ შინაურებსაც სასტიკად ეშინიათ მისი. ერთადერთს, სტირფორდს ერიდება მისტერ კრიკლი და ისიც თავის მფარველობაში აიყვანს კოპერფილდს — იმისთვის, რომ შეჰერაზადასავით უყვება მამის ბიბლიოთეკიდან წაკითხული წიგნების შინაარსს.
საშობაო არდადეგები დგება და დევიდი სახლში მიდის, თუმცა ჯერაც არ იცის, რომ ეს მისი უკანასკნელი შეხვედრა იქნება დედასთან: მალე იგი გარდაიცვლება; მოკვდება დევიდის ახალშობილი ძმაც. დედის სიკვდილის შემდეგ დევიდი სკოლაში აღარ ბრუნდება: მისტერ მარდსტონი უხსნის, რომ განათლება ძვირი ჯდება და ისეთს, როგორიც დევიდ კოპერფილდია, არც გამოადგება, რადგან თავი უკვე საკუთარი შრომით უნდა ირჩინოს. ბიჭი მძიმედ განიცდის თავის მიუსაფრობას: მარდსტონებმა დაითხოვეს პეგოტი, კეთილი ძიძა — ერთადერთი ადამიანი მთელს სამყაროში, რომელსაც ბიჭი უყვარდა. პეგოტი იარმაუთში ბრუნდება და ცოლად მიჰყვება მეეტლე ბარკისს, მაგრამ განშორებამდე დაიყოლიებს მარდსტონებს, გაუშვან დევიდი იარმაუთში და იგი კვლავ ხვდება გემ-სახლში ზღვის პირას, სადაც ყველა თანაუგრძნობს მას და ყველა კეთილია მის მიმართ — ეს იყო სიყვარულის უკანასკნელი ყლუპი მძიმე განსაცდელის წინ.
მარდსტონი დევიდს ლონდონში აგზავნის „მარდსტონისა და გრინბის“ სავაჭრო სახლში სამუშაოდ. ასე შედის დამოუკიდებელ ცხოვრებაში ათი წლის დევიდი და ფირმის მონა ხდება. სხვა ბიჭებთან ერთად იგი მთელი დღე რეცხავს ბოთლებს და გრძნობს, თანდათანობით როგორ ავიწყდება სკოლაში ნასწავლი და შიში ზარავს იმაზე ფიქრში, რომ შეიძლება წინა ცხოვრებიდან ვინმემ ამ დღეში დაინახოს. მისი ტანჯვა ძლიერი და ღრმაა, მაგრამ ის მაინც არ ჩივის.
დევიდი ძალიან უახლოვდება თავისი ბინის მეპატრონის, მისტერ მიკომბერის ოჯახს; მიკომბერი თავქარიანი და უიღბლო კაცია, რომელსაც მუდმივად მოადგებიან ხოლმე მევალეები და რომელიც მუდმივად იმის იმედით ცხოვრობს, რომ ოდესმე „ბედი გაუღიმებს“. მისის მიკომბერი, რომელიც იოლად ვარდება ისტერიკაში და ასევე იოლად მშვიდდება, ხშირ-ხშირად სთხოვს დევიდს დააგირაოს ხან ვერცხლის კოვზი, ხან შაქრის მაშა; მაგრამ მალე მიკომბერებთან გამომშვიდობება უხდება: ისინი სავალო ციხეში აღმოჩნდებიან და განთავისუფლების შემდეგ უკეთესი ხვედრის საძიებლად პლიმუტს გაემგზავრებიან.
დევიდს ლონდონში ერთი ახლობელი ადამიანიც არ რჩება და მყარად გადაწყვეტს, პაპიდასთან გაიქცეს ტროტვუდში. წერილში ეკითხება პეგოტის, სად ცხოვრობს პაპიდა და სესხად ნახევარ გინეას სთხოვს. ფულისა და ფრიად გაურკვეველი პასუხის მიღების შემდეგ, რომ მის ტროტვუდი „სადღაც დუვრის მახლობლად“ ცხოვრობს, დევიდი თავის ნივთებს ზანდუკში ჩააწყობს და საფოსტო კარეტების სადგურისკენ გაემართება; გზაში გაძარცვავენ და უკვე ზანდუკისა და ფულის გარეშე ფეხით დაადგება გზას. ღია ცის ქვეშ გაათენებს ღამეს, გაჰყიდის ქურთუკს და ჟილეტს, პური რომ იყიდოს, უამრავ განსაცდელს გადაიტანს და მეექვსე დღეს, მშიერი და ჭუჭყიანი, დამტვრეული ფეხებით, ჩააღწევს დუვრს. გაუმართლებს და პაპიდის სახლს იპოვის, ტირილით მოუყვება თავის ამბავს და თავშესაფარს მოსთხოვს. პაპიდა მარდსტონებს წერილს მისწერს და საბოლოო პასუხის მიცემას მათთან მოთათბირების შემდეგ დაჰპირდება, მანამდე კი დევიდს დაბანენ, სადილს აჭმევენ და ნამდვილ, სუფთა ლოგინში აწვენენ.
მარდსტონებთან მოთათბირების შემდეგ ბებია გაერკვა, რომ ეს პირქუში, უხეში და ხარბი ხალხია, რომლებმაც ისარგებლეს იმით, რომ დევიდის დედამ, რომელიც საფლავში ჩაიყვანეს, ანდერძში სპეციალურად არ აღნიშნა დევიდის წილი და მთელს მის ქონებას დაეპატრონენ, ხოლო ბავშვს ერთი პენსიც არ გამოუყვეს. ყველაფერ ამის შემდეგ პაპიდამ გადაწყვიტა, დევიდის ოფიციალური მეურვე გამხდარიყო. როგორც იქნა, დევიდი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. პაპიდა ცოტა უცნაურია, მაგრამ მეტად კეთილია და არა მხოლოდ თავისი ძმის შვილიშვილის მიმართ. მის სახლში ცხოვრობს წყნარი გიჟი მისტერ დიკი, რომელიც პაპიდამ ბედლამს გადაარჩინა. დევიდი იწყებს კენტერბერიში დოქტორ სტრონგის სკოლაში სწავლას. რამდენადაც სკოლის პანსიონში ადგილები აღარ არის, პაპიდა მადლიერებით იღებს თავისი იურისტის, მისტერ უიკფილდის წინადადებას, თავისთან შეიკედლოს ბიჭი. ცოლის გარდაცვალების შემდეგ მისტერ უიკფილდი სევდის ჩასახშობად უზომო რაოდენობით პორტვეინს ეტანებოდა; ერთადერთი სინათლე მის ცხოვრებაში მისი ქალიშვილი, დევიდის თანატოლი აგნესი იყო. იგი დევიდსაც კეთილ ანგელოზად მოევლინა. მისტერ უიკფილდის იურიდიულ კანტორაში მსახურობს ურია ჰიპი — საზიზღარი არსება, ჟღალთმიანი, მთელი ტანით დაკლაკნილი, მუდმივად ღია წითელი უწამწამო თვალებით, დღემუდამ ცივი და სველი ხელებით, რომელიც თითოეულ თავის ფრაზას პირმოთნედ ამატებს „ჩვენ პატარა და მორჩილი ხალხი ვართ“.
დოქტორ სტრონგის სკოლა მისტერ კრიკლის სკოლისაგან სრულიად განსხვავდებოდა. დევიდი წარმატებით სწავლობდა და ბედნიერმა სასკოლო წლებმა, რომელთაც ათბობდა პაპიდის, მისტერ დიკისა და კეთილი ანგელოზის აგნესის სიყვარული, თვალის დახამხამებაში ჩაიქროლა. სკოლის დამთავრების შემდეგ პაპიდამ დევიდს შესთავაზა ლონდონს გამგზავრება, პეგოტის მონახულება, დასვენება და შემდეგ რაიმე სასურველი საქმის ამორჩევა; დევიდი სამოგზაუროდ მიეშურება. ლონდონში სტირფორდს შეხვდება, რომელთან ერთადაც სწავლობდა სელემ ჰაუზში. სტირფორდი თავის დედასთან სტუმრად ეპატიჟება, დევიდი მიიღებს მიპატიჟებას. თავის მხრივ, დევიდიც მიიპატიჟებს სტირფორდს იარმაუთში. გემ-სახლში მივლენ სწორედ იმ დროს, როდესაც ემილისა და ქამის ნიშნობა მიმდინარეობს; ემილი გაიზარდა და გამშვენიერდა, მთელი მხარის ქალებს შურთ მისი სილამაზისა და გემოვნებიანი ჩაცმის გამო; ემილი მკერავად მუშაობს. დევიდი თავისი ძიძის სახლში გაჩერდა, სტირფორდი კი — ფუნდუკში; დევიდი მთელი დღეები დადის სასაფლაოზე ძვირფას საფლავებთან; სტირფორდი ზღვაში გადის, აწყობს ნადიმებს მეზღვაურებისთვის და ხიბლავს მთელი სანაპიროს მოსახლეობას, „აღძრული მბრძანებლობის გაუცნობიერებელი სურვილით, უანგარიშო მოთხოვნილებით მოიპოვოს, დაიპყროს ისიც კი, რაც მისთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს“. როგორ ნანობს დევიდი, რომ იგი ჩამოიყვანა!
სტირფორდი აცდუნებს ემილის და ქორწილის წინადღეს ქალი მასთან ერთად გარბის, „რომ დაბრუნდეს როგორც ლედი ან სულ არ დაბრუნდეს“. ქამს გული დაემსხვრევა და მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, შრომაში ჩაახშოს თავისი სევდა, მისტერ პეგოტი კი გაემგზავრება მთელს ქვეყანაზე ემილის საძებნელად და გემ-სახლში რჩება მხოლოდ მისის გამიჯი — რათა ფანჯარაში მუდმივად ენთოს სინათლე, იმ შემთხვევისთვის, თუკი ემილი დაბრუნდება. მრავალი წელი არ იქნება მისგან არანაირი ცნობა, სანამ დევიდი არ გაიგებს, რომ იტალიაში ემილი გაექცა სტირფორდს, როდესაც მას მობეზრდა და შესთავაზა, ჩემს მსახურს გაჰყევი ცოლადო.
პაპიდა სთავაზობს დევიდს, იურისტის კარიერა აირჩიოს და პროქტორი გახდეს. დევიდი თანხმდება, პაპიდა ათას ფუნტ შეიტანს მისი განსწავლისთვის, მოუწყობს ცხოვრებას და დუვრში დაბრუნდება. იწყება დევიდის დამოუკიდებელი ცხოვრება ლონდონში. გაიხარებს, როდესაც ისევ შეხვდება ტომი ტრედლს, სელემ ჰაუზელ მეგობარს, რომელიც ასევე იურიდიულ ასპარეზზე შრომობს, მაგრამ ღარიბია და ცხოვრებისთვის და სწავლისთვის საჭირო ფულს დამოუკიდებლად შოულობს. ტრედლსი დანიშნულია და აღტკინებით უყვება დევიდს თავისი სოფის შესახებ. დევიდიც შეყვარებულია დორაზე, იმ ფირმის მფლობელის, მისტერ სპენლოუს ქალიშვილზე, სადაც პრაქტიკას გადის. მეგობრებს ბევრი აქვთ სალაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მკაცრად ეპყრობა, ტრედლსი გასაოცრად კეთილი სულისაა. ირკვევა, რომ მისი ბინის პატრონები ცოლ-ქმარი მიკომბერები არიან; ისინი, როგორც ყოველთვის, ახლაც ვალებში არიან ჩავარდნილი. დევიდი სიამოვნებით განაახლებს ძველ ნაცნობობას; ტრედლსი და მიკომბერები წარმოადგენენ მისი ურთიერთობის წრეს, სანამ მიკომბერები კენტერბერიში არ გაეშურებიან გარემოებათა გავლენით და ახალი იმედებით ფრთაშესხმულები, რომ „ბედმა გაუღიმათ“: მისტერ მიკომბერმა სამუშაო მიიღო „უიკფილდისა და ჰიპის“ კანტორაში.
ურია ჰიპმა მოხერხებულად იყენებს მისტერ უიკფილდის სისუსტეს, ხდება მისი კომპანიონი და ნელ-ნელა ხელთ იგდებს მის კანტორას. იგი განზრახ აურ-დაურევს ანგარიშებს, უსინდისოდ ძარცვავს ფირმას და მის კლიენტებს, მუდმივად ათრობს მისტერ უიკფილდს და შთააგონებს, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი ლოთობაა. იგი მისტერ უიკფილდის სახლში გადადის საცხოვრებლად და აგნესის დაუფლებას ცდილობს. მიკომბერი, რომელიც მთლიანად მასზეა დამოკიდებული, სწორედ ამ ბინძურ საქმეში უნდა დაეხმაროს მას. ურია ჰიპის ერთ-ერთი მსხვერპლი — დევიდის პაპიდაა. იგი გაკოტრდა; მისტერ დიკთან ერთად იგი ლონდონში გადადის საცხოვრებლად, ხოლო დუვრის სახლს გააქირავებს, თავი რომ როგორმე გაიტანოს.
დევიდს ეს ამბავი ვერ გასტეხს; იგი მუშაობას იწყებს დოქტორ სტრონგის მდივნად, რომელიც პენსიაზე გავიდა და ლონდონში დასახლდა (ეს ადგილი კეთილმა ანგელოზმა აგნესმა აშოვნინა); ამას გარდა, დევიდი სწავლობს სტენოგრაფიას. ბებიას ისე მიჰყავს მეურნეობა, რომ დევიდს ეჩვენება, თითქოს კი არ გაღარიბდა, არამედ გამდიდრდა; მისტერ დიკი ქაღალდების გადაწერით შოულობს ფულს. სტენოგრაფიას რომ დაეუფლა, დევიდმა საპარლამენტო რეპორტიორობა დაიწყო და ფინანსურად წელში გაიმართა. მიუხედავად ამისა, მისტერ სპენლოუმ, დორას მამამ, გაღარიბებულ დევიდს სახლში მისვლა აუკრძალა. დორასაც ეშინია სიღარიბისა. დევიდი უნუგეშოდაა; მაგრამ როდესაც მისტერ სპენლოუ მოულოდნელად გარდაიცვალა, გაირკვა, რომ მისი საქმეები სრულიად მოუწესრიგებელი ყოფილა და დორა, რომელიც ახლა მამიდებთან ცხოვრობს სულაც არაა დევიდზე უფრო მდიდარი. დევიდს უფლება ეძლევა, მიაკითხოს მას; დორას მამიდები მშვენივრად შეეწყვნენ დევიდის ბებიას. დევიდს არ მოსწონს, რომ ისინი ყველანი დორას სათამაშოსავით ეპყრობიან, მაგრამ თავად დორას არაფერი აქვს საწინააღმდეგო. როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწევს, დევიდი დაქორწინდება. ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდება: ორი წლის შემდეგ დორა ისე გარდაიცვლება, რომ წესიერად დაქალებასაც ვერ მოასწრებს.
მისტერ პეგოტი იპოვის ემილის; ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ემილიმ ლონდონს ჩამოაღწია, სადაც მარტა ენდელი, ხელიდან წასული გოგონა იარმაუთიდან, რომელსაც ემილი ოდესღაც დახმარებია, თავის კეთილისმყოფელს გადაარჩენს და ბიძამისის ბინაში მიიყვანს (ემილის ძიებაში მარტას ჩართვის იდეა დევიდს ეკუთვნოდა). ახლა მისტერ პეგოტი აპირებს ავსტრალიაში ემიგრირებას, სადაც არავინ დაინტერესდება ემილის წარსულით.
ამასობაში მისტერ მიკომბერი, რომელსაც აღარ ძალუძს ურია ჰიპის თაღლითობაში მონაწილეობა, ტრედლსის მეშვეობით ამხელს მას. მისტერ უიკფილდის კეთილი სახელი გადარჩება, პაპიდას და სხვა კლიენტებს კი მათი ქონება უბრუნდებათ. მადლიერებით აღსავსენი, მის ტროტვუდი და დევიდი მიკომბერის თამასუქებს გაანაღდებენ და ამ მშვენიერ ოჯახს ფულს ასესხებენ: მიკომბერებიც ავსტრალიაში გამგზავრებას გადაწყვეტენ. მისტერ უიკფილდი დახურავს თავის ფირმას და პენსიაზე გადის; აგნესი გოგონებისთვის სკოლას ხსნის.
ავსტრალიაში გემის გამგზავრების წინადღეს იარმაუთის სანაპიროს საშინელი ქარიშხალი დაატყდება თავს, რომელიც ქამისა და სტირფორდის სიცოცხლეს შეიწირავს.
დორას სიკვდილის შემდეგ დევიდი, რომელიც ცნობილი მწერალი გახდა (ჟურნალისტიკიდან იგი ბელეტრისტიკაზე გადავიდა), კონტინენტზე გაემგზავრა, რათა შრომაში ჩაეკლა თავისი დარდი. სამი წლის შემდეგ დაბრუნდა და ცოლად შეირთო აგნესი, რომელსაც, როგორც გაირკვა, მთელი ცხოვრება ჰყვარებია იგი. პაპიდა, ბოლოს და ბოლოს, გახდა ნათლია ბეტსი ტროტვუდ კოპერფილდისა (ასე ჰქვია მის ერთ-ერთ შვილთაშვილს); პეგოტი დევიდის შვილებს ზრდის; ტრედლსი დაქორწინდა და ბედნიერია. ემიგრანტები მშვენივრად მოეწყვნენ ავსტრალიაში. ურია ჰიპი იმ ციხეში ზის, ხოლო ამ ციხის უფროსი ჩვენი ძველი ნაცნობი მისტერ კრიკლია.
ამრიგად, ცხოვრებამ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველხარისხოვანი პერსონაჟები:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დევიდ კოპერფილდი, ბეტსი ტროტვუდი, ჯემს სტირფორდი, კლარა პეგოტი,მისტერ პეგოტი, აგნესა, დორა, ემილია(პატარა ემი), მისტერ და მისის მიკობერები, ქამი, ტომ ტრედელსი, მისტერ დიკი, მისტერ ვიკფილდი, ური ჰიპი
მეორეხარისხოვანი პერსონაჟები:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისტერ კრილი(სკოლის დირექტორი) , მისტერ მელი, ჯენეტი(ბეტსის მოახლე), დოქტორი სტრონგი და მისის სტრონგი, ლიტიმერი, მისის გუმიჯი, მართა, მის მაუჩერი, მისტერ სპენლო
წარმატება და დადგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. იგი არა მხოლოდ არაერთხელ იქნა გამოცემული მსოფლიოს ხალხთა ენებზე, არამედ დაიდგა რადიო, სასცენო თუ კინო სივრცეში.
დეივიდ კოპერფილდის პატივსაცემად ფსევდონიმი აიღო დეივიდ სეთ კოტკინმა, მსოფლიოში ცნობილმა ილუზიონისტმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- David Copperfield (Major Literary Characters series). Edited and with an Introduction by Harold Bloom. 255 pages. 1993 New York: Chelsea House Publishers
- Graham Storey: David Copperfield – Interweaving Truth and Fiction (Twayne's Masterworks Studies). 111 pages. 1991 Boston: Twayne Publishers
- Approaches to Teaching Dickens' David Copperfield. Edited by Richard J. Dunn. 162 pages. 1984 New York: The Modern Language Association of America
- Barry Westburg: The Confessional Fictions of Charles Dickens. See pages 33 to 114. 1977 DeKalb: Northern Illinois University Press
- Catcher in The Rye, J.D. Salinger; Penguin 1951
- Black Books -TV Series/DVD – Assembly Film and Television/Channel 4, 2002; Episode 2, Series 1 – 'Manny's First Day.'
- The University Society, Inc., New York (no date). Seven volume set, "The Works of Charles Dickens," illus. by Barnard, Cruikshank and many others.