დეველოპმენტალიზმი
დეველოპმენტალიზმი (ინგლ. Developmentalism) — ეკონომიკური თეორია, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიულად ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გზა აქტიური სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკაა, სადაც წამყვანი ადგილი უჭირავს სახელმწიფო სუბსიდიებს, სატარიფო პოლიტიკას, იმპორტის რეგულირებას, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას და სხვა პროაქტიულ ნაბიჯებს სახელმწიფოს მხრიდან.
დეველოპმენტალიზმის თეორიული საფუძვლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეველოპმენტალიზმის თეორია აცხადებს, რომ ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს სოციალური და კულტურული ცვლილებების საფუძველს მოდერნიზაციის მეშვეობით. დეველოპმენტალისტური მიდგომა ორიენტირდება არა უბრალოდ ეკონომიკურ ზრდაზე, არამედ საზოგადოების საწარმოო სტრუქტურისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე. თეორია მიიჩნევს, რომ განვითარების ეკონომიკური წესები ერთიანი და საფეხურეობრივია ყველა ქვეყნისთვის, რაც აგრარულიდან ინდუსტრიულ ეკონომიკამდე გადასვლასა და შემდგომ პოსტ-ინდუსტრიულ მდგომარეობას გულისხმობს. დეველოპმენტალისტური მიდგომა არაა ერთიანი და მყარი თეორია, რადგან ის კლასიკური ზრდის თეორიებისგან განსხვავებით განვითარების ამ პროცესში ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოზე, როგორც განვითარების პოლიტიკური ინსტრუმენტზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებას. სწორედ ამიტომ დეველოპმენტალიზმი უფრო ხშირად განიხილება, როგორც ეკონომიკური ლიბერალიზმის, თანამედროვეობაში კი ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის, საწინააღმდეგო პოლიტიკად. როგორც წესი დეველოპმენტალიზმი გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიებს. ბოლო საუკუნეში დეველომპენტალისტული იდეები განსაკუთრებით გავრცელებული იყო ლათინურ ამერიკაში და სწრაფი ზრდის მქონე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. დეველოპმენტალისტური სახელმწიფო არის ძლიერი ავტონომიური ბიუროკრატიის მქონე სახელმწიფო. მაგალითად, ევროპული ქვეყნების ადრეული დეველოპმენტარისტული სტრატეგია არ ეფუძნებოდა სახელმწიფოს მაღალ და პირდაპირ დანახარჯებს, როგორც აზიაში მოხდა 1950-იანი წლებიდან. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი განვითარების პერიოდში სახელმწიფოს ხარჯები და წილი ეკონომიკაში ევროპაშიც მკვეთრად გაიზარდა.
ერიკ რეინერტის მიხედვით, დეველოპმენტალიზმის ადრეული მიდგომები ჩანს იტალიელი მოაზროვნეების ჯოვანი ბოტეროს (1533-1617) და ანტონიო სერას (XVI საუკუნე) ნაშრომებში, უფრო ადრე კი არაბი ისტორიკოსის იბნ ხალდუნის ნაწარმოებებში (1332–1406). დეველოპმენტალიზმის უფრო გვიანდელი წარმომადგენლები არიან აშშ-ს ფინანთა მინისტრი ალექსანდრე ჰამილტონი და გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი (1789-1846). დეველოპმენტალისტური მიდგომის კონცეფცია ნაწილობრივ ასახულია ფრანგულ კოლბერტისტულ და დირიჟისტულ დოქტრინებში. საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაზრდის მიზნით სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ჩარევაზე მიუთითებდნენ შედარებით თანამედროვე დეველოპმენტალისტი პოლიტეკონომისტები პოლ როდანი, ალბერტ ჰირშმანი, ალექანდრე გერშენკრონი და რაულ პრებიში. ეს ტრენდი 1980-იანი წლების ბოლოს შეიცვალა და წინა პლანზე წამოიწია ბაზარზე ორიენტირებულმა მიდგომამ. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდგომ დეველოპმენტალიზმის პარადიგმა კვლავ უბრუნდება სახელმწიფოს, როგორც განვითარების წარმმართველს.
დეველოპმენტალიზმის ადგილი პოლიტიკურ პროცესში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ დეველოპმენტალიზმი აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში განვითარებადი სამყაროს მიმართ, როგორც კომუნიზმის შეკავების სტრატეგია, დეველოპმენტალიზმი მაინც ცდება ცივი ომის დროინდელ კაპიტალისტურ და სოციალისტურ დიქოტომიას. ერიკ რეინერტის შეხედულებით დეველოპმენტალიზმი, რამდენადაც ის ეკონომიკურ განვითარებას ინდუსტრიულ მასიურ წარმოებაზე აფუძნებს დამახასიათებელია ყველა მოდერნული იდეოლოგიისათვის. მას ეფუძნება სტალინისტური სოციალისტური ისე ფაშისტური გერმანიისა თუ სკანდინავიური სოციალ დემოკრატიის განვითარების შეხედულებები. რეინერტის აზრით, ამის მიუხედავად ის წინააღმდეგობაში მოდის ნეოკლასიკური და ნეოლიბერალური „ვაშინგტონის კონსესუსის“ მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან . ამ გაგებით დეველოპმენტალიზმის იდეა განმანათლებლობის პერიოდს უკავშირდება.
დეველოპმენტალისტური სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი დეველოპმენტალისტური სახელმწიფო პირველად გამოიყენა ჩამერლან ჯონსონმა, საკუთარ წიგნში „სვის-ი და იაპონური სასწაული“, რომელშიც მან შეისწავლა იაპონიის ომის შემდგომი განვითარება და იაპონის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრო. ჯონსონი გამოყოფდა კაპიტალიზმის ორ განსხვავებული ტიპს :
- „გეგმა რაციონალური სახელმწიფო“
- „საბაზრო რაციონალური სახელმწიფო“.
საბაზრო-რაციონალური სახელმწიფო კონცენტრირდება „ჰორიზონტალურ“ პოლიტიკაზე, რათა მთელს ეკონომიკაში გაზარდოს პროდუქტიულობა, იყენებს რეგულაციებს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, განათლებას და ა.შ. ბაზარზე ჩარევის კუთხით ის წარმოადგენს რეგულატორ სახელმწიფოს, რომელიც მეტწილად ისეთი მარეგულირებელი სააგენტოებით მოქმედებს, რომლებიც ქცევის სხვადასხვა სტანდარტების შემოღების მეშვეობით ცდილობენ საჯარო ინტერესის დაცვას საბაზრო ჩავარდნებისგან. მაგალითად, მონოპოლისტური ფასწარმოქმნის კონტროლი, სპეკულაციების რეგულირება, საჯარო სიკეთეების მიწოდება, რომელსაც ბაზარი ვერ უზრუნველყოფს და ა.შ. რეგულაციური სახელმწიფოს მოდელად ჯონსონი განიხილავს ა.შ.შ.-ის, ხოლო დეველოპმენტალისტურ სახელმწიფოდ იაპონიას.
„გეგმა-რაციონალური სახელმწიფო“ იყენებს ანალოგიურ „ჰორიზონტალურ“ პოლიტიკას, თუმცა ამასთან ერთად „ვერტიკალურ“ (სექტორალური შერჩევის) პოლიტიკას, რათა წარმოების სტრუქტურა მიმართოს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მიზნებისკენ. გეგმა რაციონალურ მიდგომებს შეესაბამება „დეველოპმენტარისტული სახელმწიფოს“ მოდელი.
დეველომპენტარისტული სახელმწიფო, „გეგმა რაციონალური“ პრინციპით ერევა ეკონომიკაში, რათა ახალი ინდუსტრიების ზრდა გააძლიეროს და შეამციროს ინვესტიციების დისლოკაცია და წაახალისოს ისეთი ტიპის ინდუსტრიები, რომელთაც ექნებათ მაქსიმალური „გადადინების ეფექტი“. სახელმწიფო ინდუსტრიული პოლიტიკის მეშვეობით ახდენს ისეთი დარგების იდენტიფიცირებას და წახალისებას, რომელთაც გააჩნიათ მზარდი უკუგების ეკონომიკური და სხვა ტიპის სოციალური ეფექტები. ასეთი ტიპის გეგმარებითი სახელმწიფო განსხვავდება საბჭოთა სოციალისტური ცენტრალური დაგეგმარებისგან, თუმცა ისიც იყენებს საბაზრო აქტორებზე მანიპულაციის არაპირდაპირ მეთოდებს. მაგალითად, ახალისებს ფირმებს, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ გეგმებს სუბსიდიებით და უწყვეტს თუ კი გეგმები არ სრულდება. საგადასახადო ინსტრუმენტებით, საჯარო ბანკების, ტექნოლოგიების იმპორტის სუბსიდირებით, და სხვა მეთოდებით ცდილობს ინვესტიციების დინების გეგმაზე დაქვემდებარებას და ა.შ.
ინდუსტრიული პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეველოპმენტალისტური ხედვის უმთავრესი აქცენტი ქვეყნის წარმოებით პოტენციალზეა. განასხვავებენ ინდუსტრიალიზაციის ორ დიდ სტრატეგიას.
- იმპორტის ჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაცია
- ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია
იმპორტის ჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახალი დეველოპმენტალიზმი იმპორტის ჩანაცვლების და ექსპორტზე ორიენტირების პოლიტიკას განიხილავს არა ალტერნატიულ, არამედ შემავსებელ პოლიტიკებად. იმის მიუხედავად, რომ დეველოპმენტალიზმი ორიენტირებული ეროვნულ ეკონომიკაზე სხვადასხვა მკვლევარისთვის აუცილებელია გლობალიზაციის და საერთაშორისო კონკურენციის გათვალისწინება. სწორედ ამით ხსნიან ლათინური ამერიკის ეკონომიკური ტრანსფორმაციის წარუმატებლობას ხოლო აზიური ქვეყნების წარმატებას. როგორც წესი, ინდუსტრიულ პოლიტიკაში გამოყოფენ ინდუსტრიული პოლიტიკის სამ მიდგომას:
- ფუნქციონალური
- ჰორიზონტალური
- ვერტიკალური
ფუნქციონალური პოლიტიკა ყველაზე ზოგადია და ნაკლებ ინტერვენციონისტულია. ის გულისხმობს საინვესტიციო მაკროეკონომიკური გარემოს და პოლიტიკური კლიმატის უზრუნველყოფას. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციისა და გაეროს სამრეწვწლო განვითარების ორგანიზაციის მიერ ჰორიზონტალური პოლიტიკის განსაზღვრება გულისხმობს ინტერვენციებს ისეთი ტიპის სექტორთაშორისი სპეციფიკური საქმიანობების წასახალისებლად, რომლის მიწოდებაც ბაზარს რთულად შეუძლია. ჰორიზონტალური პოლიტიკა ერთგვარად შუალედურია ფუნქციონალურსა და ვერტიკალურ პოლიტიკას შორის. ვერტიკალური ან სელექციური ინდუსტრიული პოლიტიკა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კონკრეტულად შერჩეულ დარგში ან კონკრეტულ საქმიანობაში ჩარევას, მონაწილეობას. შედაგად, იცვლება ეკონომიკური საქმიანობის სტრუქტურა. ეს პოლიტიკა ახალისებს განსაზღვრულ ფირმებს ან დარგებს სხვაზე მეტად (პარალელურად შესაძლებელია ცდილობდეს სხვა დარგის ან საქმიანობის ხელოვნურ შეზღუდვასაც). როგორც, წესი ასეთი მიზანმიმართული პოლიტიკა მიემართება გადამამუშავებელ მრეწველობას და ისეთ დარგებს, რომლებსაც არსებული მიზნის შესაბამისად გააჩნიათ კვალიფიკაციის ამაღლების, სხვა დარგებზე გადადინების და დასაქმების პერსპექტივა.
ძირთადი დებატები მიმდინარეობს იმაზე თუ როგორი უნდა იყოს სელექციური ინდუსტრიული პოლიტიკა განვითარებად ქვეყნებში. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკა უნდა ორიენტირდებოდეს არსებულ კონკურენტულ უპირატესობაზე. მაგალითად, განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ქვეყნებისთვის უმჯობესია ორიენტირება შრომა ინტენსიურ დარგებზე, რადგან არსებობს კაპიტალის სიმწირე და შრომის სიჭარბე. ეკონომისტების მეორე ნაწილის მიხედვით ამგვარ ქვეყნებს აქვთ შედარებითი უპირატესობა იაფი შრომის გამო, მაგრამ მათ მხოლოდ ცალკეულ სექტორში შეუძლიათ გლობალურ ბაზარზე კონკურენცია. მათ არ შეუძლიათ იქცნენ ეკონომიკის განვითარების ძლიერ ფაქტორად და განვითარებულ ტექნოლოგიებზე და მაღალ კვალიფიკაციურ საქმიანობებზე გადასასვლელ ხიდად. ასეთი შედარებითი უპირატესობის სტრატეგიის არჩევის შემთხვევაში თავისუფალი და კონკურენტული ბაზარი ახდენს ქვეყნის სპეციალიზაციას დაბალ დამატებული ღირებულების, დაბალ პროდუქტიულ და კლებადი უკუგების მქონე დარგებში, რომელთაც ცოდნა ინტენსიური დარგებად განვითარების და მიბმის მცირე შესაძლებლობა აქვთ. მეორე მიდგომის მომხრეა კორეელი ეკონომისტი ჰაა ჯუნ ჩანგი. ის ამტკიცებს, რომ ინდუსტრიული პოლიტიკა არ უნდა ექვემდებარებოდეს არსებულ სტატიკურ შედარებით უპირატესობას, არამედ უნდა ქმნიდეს შედარებით უპირატესობას, ახალ დარგებსა და საქმიანობებს. ანალოგიურ მოსაზრებას ეყრდნობიან რობერტ ვეიდი და ალის ამსდენი საკუთარ შრომებში.
ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფოს ეკონომიკური როლის ზრდის ტენდენცია უფრო და უფრო გაძლიერდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როდესაც ევროპის განადგურებული ეკონომიკა სახელმწიფოს მასიურ ინტერვენციას და კოორდინაციას მოითხოვდა. ამას ემატებოდა პოლიტიკური ფაქტორები და კომუნიზმის გავრცელების საფრთხეც, რამაც დასავლელ პოლიტიკურ ელიტებს უფრო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკისკენ უბიძგა. ამ პერიოდში ევროპული ქვეყნები მასიურად იწყებენ, ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კლასიკური ლიბერალური ეკონომიკის დოქტრინებთან. სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს უწოდებენ კაპიტალიზმის ოქროს ხანას, როდესაც არნახულ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, შრომასა და კაპიტალს შორის (სახელმწიფოს ზედამხედველობით) ისტორიული კომპრომისი ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში ყალიბდება ე.წ. კონტინენტური კეთილდღეობის სახელმწიფო მოდელი, ეკონომიკაში რადიკალურად იზრდება სახელმწიფო სექტორის წილი.
საფრანგეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საფრანგეთის ეკონომიკას ესაჭიროებოდა მასიური განახლება და სტრუქტურული ტრანსფორმაცია. ყველა საუბრობდა იმაზე, რომ საფრანგეთი ეკონომიკური სტაგნაციისთვის იყო განწირული. ეს შეხედულება ფართოდ იყო გაზიარებული და, როგორც წესი, ახსნილი იყო ფრანგი ხალხის კულტურული მახასიათებლებით და არა ეკონომიკური ფაქტორებით. ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ფრანგების ხასიათი ვერ შეეგუებოდა ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც საფრანგეთისთვის ძლიერ საჭირო და სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი წინაპირობა იყო.
მიუხედავად პესიმისტური პროგნოზებისა, განვითარებული ქვეყნების სიიდან მხოლოდ იაპონია გაიზარდა საფრანგეთზე სწრაფად. 1945 წლიდან 1975 წლამდე საფრანგეთის ეკონომიკა საშუალო 5%-იან ზრდას განიცდიდა, რაც განვითარებული ქვეყნებისთვის, მით უმეტეს ასეთ ხანგრძლივ პერიოდში, რთულად წარმოსადგენია.
1950 წელს საფრანგეთის ცხოვრების დონე 23%-ით ჩამორჩებოდა ბრიტანეთში არსებულ ცხოვრების დონეს (მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე საზომით), როდესაც 1975 წელს ის უკვე 22% ით აღემატებოდა მას. ერთ თაობაში ასეთი დიდი ცვლილება მდიდარი ქვეყნისთვის ძალზე იშვიათი შემთხვევაა. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საშუალო ფრანგი მუშის რეალური მსყიდველუნარიანობა 1950-1970 წლებში 170% ით გაიზარდა.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთანავე შარლ დეგოლის მთავრობამ კომუნისტური და სოციალისტური პარტიის მონაწილეობით დაიწყო ნაციონალიზაციის ფართო კამპანია. ერთი მხრივ, ეს აიხსნებოდა თავად დეგოლის ეტატისტური და დირიჟისტული შეხედულებებით, ხოლო მეორე მხრივ, სოციალისტების და კომუნისტების აქტიური მონაწილეობით. ენერგეტიკის სექტორის უდიდესი ნაწილი, ელექტროენერგიის, ქვანახშირისა და თხევადი აირების ჩათვლით, სახელმწიფოს ხელში მოექცა. ფართო პოლიტიკური კონსესუსის ფონზე განხორციელდა საფრანგეთის ბანკის და ოთხი უდიდესი ბანკის ნაციონალიზაცია (მხარი დაუჭირა 251 დეპუტატმა 30ის წინააღმდეგ). სახელმწიფო მფლობელობაში შედიოდა საფრანგეთის ავიახაზები, ოთხი უდიდესი ბანკი, 32 სადაზღვეო კომპანია, 19 სამთო მომპოვებლური კომპანია, საავტომობილო კომპანია „რენო“ და სხვა მძლავრი საწარმოები, რომლებიც ჯამში საერთო ინდუსტრიული გამოშვების მეხუთედს იკავებდნენ. 1946 წლის ზაფხულისთვის ნაციონალიზაციის ტალღა დასრულდა. 1980 წლისთვის საფრანგეთის ძლიერი სახელმწიფო სექტორი შეადგენდა ენერგეტიკული სექტორის 94 %-ს, ტელეკომუნიკაციების 83 %-ს, სატრანსპორტო სექტორის 46 %-ს, საბანკო სექტორის 44 %-ს, და სხვა სექტორების 6 %-ს. 80იანების დასაწყისში სოციალისტების მოსვლასთან ერთად საჯარო სექტორის გაფართოებისკენ კიდევ გადაიდგა ნაბიჯები. 11 დიდი კომპანია და დარჩენილი კერძო ბანკები, ყველა მათგანი სახელმწიფოს ხელში გადავიდა. კერძო სექტორი ფაქტობრივად გაქრა ენერგეტიკის, რკინიგზის, ტელეკომუნიკაციების და თამბაქოს წარმოების სექტორებიდან. 1985 წლისთვის ფირმების მთლიან ფიქსირებულ აქტივებში 53 % საჯარო ფირმების საკუთრებაში აღირიცხებოდა, რომელიც ასაქმებდა ეროვნული სამუშაო ძალის მეოთხედს.
საფრანგეთის „ბრწყინვალე ოცდაათი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წელს საფრანგეთში ჟან მონეს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ცენტრალური დაგეგმარების სააგენტო. სააგენტოს საქმიანობა ძირითადად ორი ნაწილისგან შედგებოდა პირველი იყო დაგეგმარება, როგორც პროგნოზირების სისტემა, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავდა გეგმის ინსტიტუციონალიზებას, გავლენების მოხდენასა და მოქმედებას. ეკონომიკური პროგნოზირება ეყრდნობოდა შენატანებისა და პროდუქტის (input–output) ანალიზს, ხოლო გეგმა გულისხმობდა შრომის, მატერიალური ბაზის და კაპიტალური რესურსების უკეთეს განაწილებას. პირველი ოთხწლიანი გეგმა კონცენტრირებული იყო 8 ძირითად სექტორზე (ქვანახშირი, ცემენტი, ელექტროენერგია, ტრანსპორტი, ფერტილიზაცია, აგრომეურნეობა და ნავთობგადამუშავება). მასალები მიწოდებული იყო სტატისტიკის სამსახურის მიერ, რომელმაც ამ პერიოდში ასევე რეფორმაცია განიცადა. განვითარების პროექტების კონცეფციები წარედგინებოდა მოდერნიზაციის კომიტეტს, რომელშიც მონაწილეობდა ათასობით ინდუსტრიული მენეჯერი და პროფკავშირების წარმომადგენლები. საბოლოო გეგმას განიხილავდა ეს კომისია, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა პრემიერ მინისტრს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. რამდენადაც მიზნები სავალდებულო არ იყო, მათი განხორციელებისთვის გამოიყენებოდა სახელმწიფო ფინანსები, პოზიტიური დისკრიმინაციის მეთოდი, სუბსიდიები, კრედიტები და სახელმწიფო გარანტიები. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების დიდი ნაწილი კერძო იყო, მასზე დიდ გავლენას და კონტროლს ახდენდა სახელმწიფო აქტიურ ინდუსტრიულ პოლიტიკასთან ერთად, სახელმწიფომ ასევე კონტროლი განახორციელა კრედიტის მიწოდებაზე ერთი მხრივ ბანკების ნაციონალიზაციით, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციების, მიზნების და შეზღუდვების დაწესებით კერძო ბანკებსა თუ საკრედიტო ორგანიზაციებზე. მნიშვნელოვანია არა უბრალოდ კრედიტებზე ხელმისაწვდომობა, არამედ სახელმწიფოს მიერ რეგულირება, რაც კრედიტების გადანაწილებას ახდენს სასურველ სექტორებზე. ამას ხელი შეუწყო პოლიტიკურმა კონსენსუსმა, ერთი მხრივ, მასიური ინვესტიციების აუცილებლობისა და მეორე მხრივ კრედიტის ნაციონალიზაციის შესახებ. 1945 წელს ოთხი მთავარი კომერციული და ცენტრალური ბანკის ნაციონალიზაცია მოხდა. ნაციონალიზაცია გულისხმობდა, რომ სახელმწიფოს უნდა მოეხდინა საჯარო, კერძო და ზედამხედველობითი ინსტიტუციების ქსელის ისეთი ორგანიზება, რომელიც მოახდენდა ეროვნული ეკონომიკის და სოციალური პრიორიტეტების დაკრედიტების გარანტირებას.
მასიურ სახელმწიფო ინვესტიციებთან, ფინანსების მობილიზაციასთან და სახელმწიფო სექტორის გაძლიერებასთან ერთად დაგეგმარების პოლიტიკამ მთავარი როლი ითამაშა საფრანგეთის მოდერნიზაციაში. პირველი ოთხწლიანი გეგმა დიდი წარმატებით შესრულა და დასახული რაოდენობის ქვანახშირის, ელექტროენერგიის, ცემენტის და რკინა-მეტალის წარმოების დონეს მიაღწია.
საფრანგეთში დაიწყო ენერგო სექტორის რადიკალური განახლება. გეგმა ორიენტირდებოდა ელექტრო ენერგიაზე და მართლაც, 1950 წლიდან 1970 წლამდე ელექტრო ენერგიის მოხმარება 250 % ით გაიზარდა და ამასთან ერთად ქვანახშირის წილი 74 %-იდან 17 %*-ზე დაეცა. პირველ დეკადებში, ნავთობპროდუქტები ინარჩუნებდნენ ადგილს (18 %-51 %-მდე 1950-1968 წწ) თუმცა ამბიციური ატომური სადგურის პროექტის შემდეგ 1955 წელს, ატომურმა ენერგიამ დომინანტური ადგილი დაიკავა. ასევე მაქნანების ექსპორტი მთლიანი გამოშვების 26%-დან 46 %-მდე გაიზარდა.
მონეს პირველ ხუთწლიან გეგმას მიყვა ჰირშის გეგმა (1954-1957) წლებში, რომელმაც წარმოების სექტორთან ერთად აგრარული და სამშენებლო სექტორები მოიცვა. 1955 წელს დაემატა რეგიონალური განვითარების გეგმაც. გეგმის მიხედვით ინდუსტრიული გამოშვება 30%-ით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 20%-ით, ხოლო მშენებლობა 60%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ მიზნების დიდი ნაწილი, მიუხედავად ცენტრალიზებული მბრძანებლობის არ არსებობისა, გადაჭარბებით შესრულდა 57 წელს. მესამე გეგმა (1958–1961) უკვე აქტიურად იყენებდა შესავალ-გასავალის მატრიცებს (input–output matrix), ხოლო მეოთხე გეგმა (1962–1965) მთლიანად ინდიკატორული დაგეგმარების მოდელად იქცა.
ყოველი გეგმა ეფუძნებოდა კონკურენტუნარიანობის ზრდას და მოდერნიზაციას. 1970-1980 წლებამდე გეგმები ეფუძნებოდა საფრანგეთის ეკონომიკის გარდაქმნას თანამედროვე ტექნოლოგიური და საბაზრო მოთხოვნების მიხედვით, 1971-1975 წლების გეგმა კი მსხვილი, საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კომპანიების შექმნა იყო. მაგალითისთვის ქიმიურ მრეწველობაში სახელმწიფო გეგმის მიხედვით განხორციელდა 4,7 $ მილიარდის ინვესტიცია, რაც ხუთი მთავარი კომპანიის (ორი კერძო და 3 სახელმწიფო) ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა. ამ კომპანიებმა საკუთარი წილი 1977 წლისთვის 16 %-დან 37 %-მდე გაზარდეს. რიგით მეცხრე ხუთწლიანი გეგმა (1984–1988) უფრო მეტად სამეცნიერო განათლებისკენ და კვლევითი საქმიანობისკენ გადაიხარა. კვლევაზე და განვითარებაზე ინვესტიციები გაორმაგდა. გეგმის მიხედვით განხორციელდა ქიმიური მრეწველობის რესტრუქტურიზაცია ფარმაცევტული მედიკამენტების წარმოების სწრაფი განვითარებით. ამ ცვლილებების მეშვეობით კი წამყვანმა ფრანგულმა კომპანიებმა შეიძინეს 13 ევროპული და 21 ამერიკული კომპანია 1985-1087 წლებში (Martinelli, 1991).
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]60-იანი წლების დასაწყისიდან კორეის ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, სამი ათეული წლის განმავლობაში ( 1962 წლიდან 1989 წლამდე). მოსახლეობის საშუალო წლიური შემოსავალი 87 $ დან ავიდა 40,830 $ მდე(1962–1989)წწ – ში. 2004 წელს კორეა შეუერთდა ტრილიონიანი მსოფლიო ეკონომიკების კლუბს.
ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია სტრუქტურული ტრანსფორმაცია. გადამამუშავებელი მრეწველობა 20 წლიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის 18 %-დან 30 %-მდე იზრდება, ხოლო სოფლის მეურენობის წილი 38 %-დან 12 %-მდე ეცემა. ასევე თანდათანობით იცვლება მრეწველობის შემადგენლობაც - იზრდება მრეწველობის სექტორში მაღალ ტექნოლოგიური დარგების წილი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარების პროცესში.
ხუთწლედები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელისფლებაში პაკ ჩონ ჰის მოსვლის შემდეგ ეკონომიკური მართვა დაეფუძნა ხუთ წლიან გეგმებს, რომელსაც ადგენდა სამინისტროთაშორისო უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე „ეკონომიკის განვითარების საბჭო“. პირველი ხუთწლედის ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კორეული ეკონომიკა წარმოადგენს „მართულ კაპიტალიზმს“ პაკი სათავეში მოსვლის შემდეგ ახდენს ყველა ბანკის ნაციონალიზაციას, რითიც სახელმწიფო კონტროლს უქვემდებარებს ფინანსურ დინებებს. ამასთან იქმნება ახალი სახელმწიფო ბანკები, რაც სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლს საინვესტიციო სესხებზე. სახელმწიფოს მიერ კრედიტებზე კონტროლი სუბსიდირებასთან ერთად წარმოადგენდა კორეული კორპორაციების (ჩებოლების) მადისციპლინარებელ საშუალებას. კორეული ეკონომიკური პოლიტიკა ემყარებოდა სახელმწიფოს მიერ ფორმირებულ კონკურენციას, რომელიც მკაცრად კონრტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მიზნებთან შესაბამისობაში. არაეფექტური კორპორაციები რჩებოდნენ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ხოლო წარმატებული ოპერირების შემთხვევაში ისინი ორმაგად ჯილდოვდებოდნენ (სახელმწიფოს დახმარება და საბაზრო მოგება). ძირითადი კრიტერიუმები ეფუძნებოდა პროდუქტის საექსპორტო კონკურენტულობას.
პირველი ხუთწლიანი გეგმა წარმოადგენდა ეფექტური მრეწველობისკენ მიმავალ პირველ ნაბიჯებს, აქცენტი იყო გაკეთებული ისეთი დარგების განვითარებაზე როგორებიცაა: ელექტროენერგია, მინერალური სასუქები, ნავთობქიმიური მრეწველობა, საცემენტო მრეწველობა. მეორე ხუთწლიანი გეგმა მოიაზრებოდა მრეწველობის მოდერნიზაციას და პირველი რიგში იმ დარგების განვითარებას, რომელებიც აწარმოებდა მანამდე იმპორტირებულ პროდუქციას, ესენია: ფოლადის წარმოება, მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა. მესამე ხუთწლედი მნიშვნელოვანი იყო ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკით, პირველ რიგში ეს იყო მძიმე და ქიმიური მრეწველობა, აგრეთვე მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა, გემთმშენებლობა და ნავთობგადამუშვება. მეოთხე ხუთწლედში აწარმოებდა მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიან საქონელს. სტრატეგიული მიმართულებები მოიცავდნენ სამეცნიერო მაღალტექნოლოგიურ დარგებს: ესენია მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა. ამ ყველაფრის შედეგად მძიმე და ქიმიური მრეწველობა გაიზარდა 51,8 %-ით 1981 წელს, ექსპორტის წილი წარმოებაში გაიზარდა 45,3 %-მდე. მეხუთე და მეექვსე ხუთწლედების პერიოდში მძიმე და ქიმიურ მრეწველობაზე აქცენტი შემცირდა და გადავიდა მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, როგორიცაა: ელექტრონიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. მეშვიდე ხუთწლედმა 1992-96 და შემდგომმა ხუთწლედებმა გააგრძელეს ეს მიმართულება.
ინსტრუმენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორეული სახელმწიფო იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტებს სხვადასხვა პერიოდში. ესენი იყო „ჩვილი ინდუსტრიების“ საერთაშორისო კონკურენციისგან დაცვა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აკრძალვა და განაწილება ადგილობრივი ინტერესების მიხედვით“, (ზოგიერთ სფეროში საექსპორტო ზონების გარდა იკრძალებოდა ინვესტიციები, თუმცა დაშვების შემთხვევაში მათ უნდა გაეძლიერებინათ ადგილობრივი საწარმოო შესაძლებლობები და მოეხდინათ ტექნოლოგიების ტრანსფერი), სატარიფო პოლიტიკა (1980-იან წლებამდე სამრეწველო პროდუქტზე ტარიფები 30-40 %-მდე მერყეობდა), საერთაშორისო ვაჭრობის პრეფერენციები, მაგალითად პრიორიტეტის მინიჭება საწარმოო საშუალებების და შუალედური მასალის შემოტანისთვის (იკრძალებოდა იმ პროდუქტის შემოტანა, რომლის მიწოდებაც ადგილობრივ ბაზარს შეეძლო). მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო სუბსიდიები განსაკუთრებით საექსპორტო სექტორში, რომელსაც ერთვოდა „კვლევის და განვითარების“ კომპონენტიც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სახელმწიფოს საწარმოების შექმნა სტრატეგიულ სექტორებში - ნავთობი, ქვანახშირი, გაზი, სასუქი, ფოლადი და ელექტროენერგია. შედარებით უპირატესობის აგების კლასიკური შემთხვევაა დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოლადის მწარმოებელი კომპანია „პოსკოს“ ჩამოყალიბება, რომლის შექმნაც მსოფლიო ბანკის მიერ არ იყო რეკომენდირებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Erik S. Reinert, 2010. "Developmentalism," The Other Canon Foundation and Tallinn University of Technology Working Papers in Technology Governance and Economic Dynamics 34, TUT Ragnar Nurkse Department of Innovation and Governance.
- Johnson CA (1982) MITI and the Japanese miracle: the growth of industrial policy 1925–1975. Stanford University Press, Stanford
- SUBAGYO, MUJTAHID. (2014). JAPAN AS A PLAN RATIONAL AND DEVELOPMENTAL STATE: THE GOVERNMENT’S ROLE IN HIGH SPEED GROWTH OF ECONOMY IN THE POSTWAR PERIOD. Jurnal Pendidikan Akuntansi Indonesia. 4. 10.2108
- Reinert, Erik and Kattel, Rainer, (2009), The Economics of Failed, Failing, and Fragile States: Productive Structure as the Missing Link, The Other Canon Foundation and Tallinn University of Technology Working Papers in Technology Governance and Economic Dynamics, TUT Ragnar Nurkse Department of Innovation and Governance.
- Reinert E.S. (2016) Antonio Serra and the Problems of Today. In: Patalano R., Reinert S.A. (eds) Antonio Serra and the Economics of Good Government. Palgrave Studies in the History of Finance. Palgrave Macmillan, London
- Wade, R.H. (2018), The Developmental State: Dead or Alive?. Development and Change, 49: 518-546.
- Adams, William J., Restructuring the French Economy: Government and the Rise of Market Competition since World War II, Washington: Brookings Institution (1989).
- Dalton, George, 1974. Economic Systems and Society. Capitalism, Communism and the Third World, Harmondsworth: Penguin Education.
- Lieberman, Sima, 1977. The Growth of European Mixed Economies, 1945–1970.
- Alan T. Peacock, Jack Wiseman,1961. The Nationalized Industries
- Pierangelo Toninelli 2008, 675-692 Análise Social, vol. XLIII (4.º),
- Oskar GRÜNWALD, 1980 annals of public and cooperative economics Volume51, Issue4.
- Industrial Policy in Europe after 1945 Wealth, Power and Economic Development in the Cold War Edited by Christian Grabas Research Assistant, Humboldt University Berlin, Germany and Alexander Nützenadel Professor of Social and Economic History, Humboldt University Berlin, Germany.
- The New France: A Society in Transition 1945-1977 (Third Edition) by John Ardagh
- Owen, Geoffrey (2012) Industrial policy in Europe since the Second World War: what has been learnt? ECIPE Occasional paper , 1. The European Centre for International Political Economy, Brussels, Belgium.
- Financing a planned economy. Institutions and credit allocation in the French Golden age of growth (1954-1974). Eric Monnet, Paris School of Economics July 2012
- Robert Wade , Development strategies in a globalized world: Policymaking in an evolving framework of global governance Speaker: Tuesday, 16 September 2014
- Chang, Ha-Joon. (2011). 1 Industrial Policy: Can We Go Beyond an Unproductive Confrontation? A Plenary Paper.
- UNCTAD and UNIDO (2011). Economic Development in Africa Report 2011: Fostering Industrial Development in Africa in the New Global Environment. United Nations. Geneva and New York.
- Bad Samaritans: The Myth of Free Trade and the Secret History of Capitalism, Ch. 9, Defying the market, p. 210. New York, N.Y. : Bloomsbury Press, 2009.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- BRESSER-PEREIRA, LUIZ CARLOS. (2017). The two forms of capitalism: developmentalism and economic liberalism. Brazilian Journal of Political Economy, 37(4), 680-703.
- Henry Etzkowitz, Sandra N Brisolla, Failure and success: the fate of industrial policy in Latin America and South East Asia,Research Policy, Volume 28, Issue 4, 1999, Pages 337-350, ISSN 0048-7333.
- The political economy of industrial policy in Korea , Ha-Joon Chang Cambridge Journal of Economics, Volume 17, Issue 2, June 1993, Pages 131–157