შინაარსზე გადასვლა

დაფნე კარუანა გალიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფნე კარუანა გალიცია
დაბადების თარიღი 26 აგვისტო 1964
სლიემა, მალტა
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი 2017
ბიდნიჯა, მალტა
მოქალაქეობა მალტა
საქმიანობა პუბლიცისტი, ჟურნალისტი
მეუღლე(ები) პიტერ გალიცია
შვილ(ებ)ი 3

დაფნე კარუანა გალიცია, ინგლ Daphne Caruana Galizia (1964-2017) — მალტის პოლიტიკური მიმომხილველი, საგამოძიებო სფეროს ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც კორუფციაში და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ამხელდა ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს. იგი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

ხედი აფეთქების ადგილის გზაზე, გორაკზე. ბანერი მოუწოდებს სიმართლეს და სამართლიანობას.
ხედი აფეთქების ადგილიდან, საიდანაც მანქანა მინდვრებს შეეჯახა.
მემორიალური ადგილი, სადაც მანქანის ნამსხვრევები შეჩერდა.

კარუანა გალიციამ მალტის უნივერსიტეტი დაამთავრა არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის განხრით. აქტივისტის რეპუტაცია მან შეიძინა 1982 წელს, როდესაც 18 წლის ასაკში დაპატიმრებული იყო ხელისუფლების კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. სიცოცხლის ბოლომდე იგი თანამშრომლობდა წამყვან საგაზეთო გამოცემებთან, სადაც იგი საავტორო სვეტის სახით რეგულარულად ახდენდა პოლიტიკური მოვლენების კომენტირებას.

2006 წლის შემდეგ ის საკუთარ ბლოგს აწარმოებდა, სადაც აღწერდა ნეპოტიზმის, ფულის გათეთრების, კორუფციის, აგრეთვე, მალტაში აზარტული ბიზნესისა და დანაშაულებრივი სამყაროს ურთიერთობების შესახებ.

გალიციას მრავალჯერ დაემუქრნენ სასჯელით, რის გამოც იგი სახელმწიფოს მიერ დანიშნული პირადი დაცვით სარგებლობდა 2013 წლამდე. განსაკუთრებული ცნობადობა ჟურნალისტმა შეიძინა "პანამის დოკუმენტებზე" მუშაობით, რომელმაც ფარდა ახადა მსოფლიოს არაერთი პოლიტიკური ლიდერის კონტაქტებს ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიებთან. ამ ხმაურიან მასალებს უფრო მეტი მკითხველი ჰყავდა, ვიდრე ყველა სხვა გამოცემას ჯამში.[1]

იმის მიუხედავად, რომ მხილებების ძირითადი ობიექტი მმართველი ლეიბორისტული პარტია იყო, კორუფციულ გარიგებებში ჟურნალისტი ბრალს სდებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერსაც. მისი მტკიცებით, მალტის პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი ფლობდა გასაიდუმოებულ პანამურ კომპანიას, საიდანაც ოჯახი იღებდა თანხებს ილხამ ალიევის გარემოცვიდან. ამ სკანდალური ბრალდებებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის პასუხად ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა.[2]

სიკვდილის დღისათვის გალიციას წინააღმდეგ ცილისწამებასთან დაკავშირებული 48 სარჩელი იყო სასამართლოში შეტანილი. თავდასხმების შედეგად ცეცხლი წაუკიდეს მისი სახლის შესასვლელს, ყელი გამოსჭრეს ძაღლებს, მას კი ჯადოქარს თუ მალტის მტერს უწოდებდნენ.[3]

2017 წლის 16 ოქტომბერს ბომბი აფეთქდა ავტომანქანაში, რომელსაც დაფნე გალიცია მართავდა. აფეთქების ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფრაგმენტები 80 მ რადიუსში მოისროლა. ტრაგედიამ შეძრა როგორც მთელი ქვეყანა, ასევე ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა. დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო. მალტაში გლოვის დღე გამოცხადდა. 2019 წელს გამოძიებამ ბრალი წაუყენა პრემიერის ადმინისტრაციის უფროსს, რამაც გამოიწვია თანამდებობიდან თავად მთავრობის თამჯდომარის გადადგომა.

მკვლელობის ერთ-ერთმა შემსრულებელმა ვინსენტ მუსკატმა დეტალურად აღწერა დანაშაულის მომზადების პროცესი.[4] მისი თქმით, ამ საქმის განსახორციელებლად მსხვილმა ბიზნესმენმა იორგენ ფენეხმა სამ პირს 150 ათასი ევრო გადაუხადა. სასამართლოს განაჩენით, მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.[5]

თხუთმეტი ქვეყნის 45 ჟურნალისტმა წამოიწყო "დაფნეს პროექტი" დაღუპული კოლეგის საქმიანობის გასაგრძელებლად და მალტის პილატუს ბანკს, აზერბაიჯანულ და მალტურ პოლიტიკურ ელიტას იტალიურ დამნაშავეთა სამყაროს და ლიბიის ნავთობით კონტრაბანდისტებს შორის კავშირების გამოსაძიებლად.[6]

შვედეთში, ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, აშშ-ში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში მრავალმა ორგანიზაციამ პატივი სცა ჟურნალისტს და მას სხვადასხვა ჯილდო და პრიზი მიანიჭა სიკვდილის შემდგომ.

სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეს-ოთახს დაფნე კარუანა გალიციას სახელი დაერქვა.

ოჯახური მდგომარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს დაქორწინდა პიტერ გალიციაზე, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი იყო. წყვილს სამი ვაჟი შეეძინა.

  • Debono, Joseph A.; Muscat, Caroline, eds. (2017). Invicta: The Life and Work of Daphne Caruana Galizia. Pertinent Press.
  • Bonini, Carlo; Delia, Manuel; Sweeney, John (2019). Murder on the Malta Express: Who Killed Daphne Caruana Galizia?. Malta: Midsea Press.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირადი საიტი "დაფნეს ფონდის" საიტი