შინაარსზე გადასვლა

გიონიულაჩანის მეჩეთი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიონიულაჩანის მეჩეთი ან შუაწყლის მეჩეთი — მეჩეთი არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონის სოფელ გიონიულაჩანში. მეჩეთი აგებულია ძველი ქართული ეკლესიის (შუაწყლის ეკლესია) ნანგრევებზე.[1][2]

სოფელი გიონიულაჩანი, ადრე ცნობილი იყო როგორც შუაწყალი, ქართული დასახლება ოსმალებმა XVI საუკუნის შუა ხანებში აიღეს. სოფელ შუაწყალის მოსახლეობა 1595 წლის ოსმალეთის საკადასტრო რეესტრის, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, შედგებოდა 9 კომლისაგან.[3] ამ პერიოდის ქართული ეკლესია 1909 წელს დაიშალა და მისი ქვები შუაწყალის მეჩეთის მშენებლობაში გამოიყენეს. მეჩეთის კედელზე მოთავსებულია ეკლესიიდან დარჩენილი ქვა, რომელზედაც ქართული წარწერაა ასომთავრული ასოებით. წარწერა ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე პაპი.“

სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, დანგრეული ეკლესიის ადგილზე საფლავები იყო.[2] მეჩეთის წარწერის მიხედვით, ჰიჯრით 1327 წელს (1909) აგებული მეჩეთის ხის მინარეთი 1990-იან წლებში ქვის მინარეთით შეიცვალა.[4]

შუწყლის მეჩეთი არის თითქმის კვადრატული მართკუთხა ნაგებობა ხის ჭერით, მარტივი ნართექსით ჩრდილოეთის შესასვლელთან და მინარეთით, რომელიც მოგვიანებით დაემატა ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ორი დაბალი მრგვალი თაღოვანი სარკმელია. მეჩეთს შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. მეჩეთის შიდა ხის ელემენტები, ჭერის ჩათვლით, მორთულია გეომეტრიული და ყვავილოვანი მოტივებით გაწყობილი ჩუქურთმებით.[4]