ბარბარა პრამერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარბარა პრამერი
Barbara Prammer
ბარბარა პრამერი Barbara Prammer
ავსტრიის ეროვნული საბჭოს მე-11 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ოქტომბერი, 2006 – 2 აგვისტო, 2014
წინამორბედიანდრეას კოლი
მემკვიდრედორის ბურესი

დაბადებული11 იანვარი, 1954
ოტნანგ-ამ-ჰაუსრუკი, ზემო ავსტრია, ავსტრია
გარდაცვლილი2 აგვისტო, 2014
ვენა, ავსტრია
პოლიტიკური პარტიაავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
განათლებალინცის უნივერსიტეტი

ბარბარა პრამერი (გერმ. Barbara Prammer; დ. 11 იანვარი 1954, ოტნანგ-ამ-ჰაუსრუკი, ავსტრია — 2 აგვისტო 2014, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი 2006—2014 წლებში. პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე. ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 2004 წლის 6 ივლისიდან 8 ივლისამდე ანდრეას კოლთან და ტომას პრინცჰორნთან ერთად ასრულებდა ავსტრიის კოლექტიური პრეზიდენტის მოვალეობას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა პრამერი დაიბადა ზემო ავსტრიაში, ავსტრიის პატარა ქალაქ ოტნანგ-ამ-ჰაუსრუკში 1954 წლის 11 იანვარს. სწორედ ამ ქალაქში დაიწყო მან თავისი კარიერა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მანამდე, 1973 წელს, მან დაასრულა ფიოკლაბრუკის კომერციული კოლეჯი. 1978 წელს შევიდა და სწავლობდა იოჰან კეპლერის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 1986 წელს ამავე უნივერსიტეტში მიანიჭეს სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. 1989 წლამდე მუშაობდა სოციალურ პედაგოგად ლინცის რეაბილიტაციის ცენტრში და იყო ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის სახელმწიფო სამსახურის რეფერანტი.

1990 წელს აირჩიეს ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალტა საბჭოს ხელმძღვანელად. აღნიშნული თანამდებობა ეკავა 2005 წლამდე. 1991-1995 წლებში ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის პარლამენტის დეპუტატი და ვიცე-პრეზიდენტია. 1995 წელს აირჩიეს ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფედერალური საბჭოს წევრად და პარტიის ხელმძღვანელის მოადგილედ. 1995-1997 წლებში ზემო ავსტრიის ბუნების დაცვისა და ბინათმშენებლობის მინისტრის თანამდებობას იკავებს. 1997-2000 წლებში ავსტრიის ქალთა საქმეებისა და მომხმარებელთა უფლებების მინისტრია. ამ პოსტზე, იგი ცდილობდა გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებების საკანონმდებლო დონეზე განხილვას. ბარბარა პრამერის მინისტრობის პერიოდში, ავსტრიელმა ქალებმა მიიღეს სამხედრო სამსახურისდა ასევე ღამით მუშაობის უფლება. 1999 წელს აირჩიეს ავსტრიის ეროვნული საბჭოს წევრად. 2000 წელს კი გახდა ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2006 წლებში ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო 2006 წლიდან გარდაცვალებამდე ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი.

მას შემდეგ, რაც გადავიდნენ ვენაში საცხოვრებლად, მისი ქმარი ვოლფგანგ პრამერი, რომელიც მუშაობდა ლინცში მუშათა ფედერალური პალატის ფილიალში, მდივანმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. ბარბარა პრამერი ამ დროს მდივნის მხარდამჭერ პოზიციაზე აღმოჩნდა და 2001 წელს ცოლ-ქმარი განქორწინდა. წყვილს ჰყავთ ორი შვილი.

პრამერი გარდაიცვალა 2014 წლის 2 აგვისტოს პანკრეასის სიმსივნისაგან[1], 60 წლის ასაკში[2]. დაკრძალულია ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე. დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიალი გაიმართა 9 აგვისტოს და მას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი, კანცლერი ვერნერ ფაიმანი, განათლების, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრი გაბრიელა ჰაინიშ-ჰოსეკი, ჟურნალისტი ბარბარა კოუდენჰოვ-კალერგი და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს პარლამენტის სპიკერები: გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ნორბერტ ლამერტი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველე, ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე იოსიპ ლეკო, მონტენეგროს პარლამენტის ხელმძღვანელი რანკო კრივოკაპიჩი, ევროპის პარლამენტის წევრი ილრიკე ლუნაჩეკი, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი კატალინ სილი და იტალიელი პოლიტიკოსი პია ლოკატელი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარბარა პრამერს რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული: საპატიო ნიშანი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის (2000 წ.); ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის (2007 წ.); საპატიო ლეგიონის ორდენი (2014 წ.); ზემო ავსტრიის დიდი საპატიო ოქროს ნიშანი და ალბერტ შვეიცერის ავსტრიული საზოგადოების მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pankreas-Krebs: Selten, symptomlos und tödlich! German. AHVV Verlags GmbH (5 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 8 August 2014
  2. Nationalratspräsidentin Barbara Prammer verstorben German.