ასინქრონული ელექტროძრავა
ასინქრონული ელექტროძრავა — ელექტრული ასინქრონული მანქანა, რომელიც ელექტროენერგიას მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასინქრონული ელექტროძრავის შექმნა შესაძლებელი გახდა მბრუნავი მაგნიტური ველის მოვლენის აღმოჩენის შემდეგ. 1888 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა გ. ფერარისმა და ხორვატიელმა ინჟინერ-მეცნიერმა ნიკოლა ტესლამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მეცნიერულად დაასაბუთეს მბრუნავი მაგნიტური ველის არსი. 1887 წელს ნიკოლა ტესლამ ააგო პირველი ორფაზიანი ასინქრონული ელექტროძრავა, მაგრამ ამუშავების ცუდი მახასიათებლების გამო იგი ვერ გავრცელდა. 1889 წელს მ. დოლივო-დობროვოლსკიმ გამოცადა სამფაზიანი ასინქრონული ელექტროძრავა, რომლის როტორი „ციყვის ბორბლის“ ტიპისა იყო. ეს ძრავა სხვა ძრავებთან შედარებით მეტად მარტივი და საიმედოა (კონსტრუქცია დღემდე ძირითადად უცვლელია). 1890 წელს დოლივო-დობროვოლსკიმ გამოიგონა ფაზური როტორი, რომელსაც ჰქონდა საკონტაქტო რგოლები და მუშავებული მოწყობილობა.
ასინქრონული ელექტროძრავის ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასინქრონული ელექტროძრავის კონსტრუქციის გაფორმებას, სიმძლავრესა და გაბარიტს განსაზღვრავს მისი დანიშნულება და მუშაობის პირობები. მაგალითად, საერთო დანიშნულების ასინქრონული ელექტროძრავს აქვს, წყლით ან ჰაერით, გაგრილების სისტემა; არის აგრეთვე აფეთქებაუსაფრთხო გარსაცმიანი ასინქრონული ელექტროძრავა, რომელსაც უმთავრესად შახტებსა და აფეთქებასაფრთხიან სათავსებში იყენებენ. ზოგიერთი სახის (მაგალითად, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სისტემებისათვის განკუთვნილ) ასინქრონული ელექტროძრავას აქვს მართვის ბლოკებისა და დამცავი ამამუშავებელი აპარატურის კომპლექტიც. ასინქრონული ელექტროძრავის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტია სტატორი - უძრავი ნაწილი და როტორი - მბრუნავი ნაწილი.
ასინქრონული ელექტროძრავების ბრუნვის სიჩქარის რეგულირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასინქრონული ელექტროძრავის სტატორის გრაგნილებში გამავალი ორ ან სამფაზიანი ცვლადი დენის მიერ აღძრული მბრუნავი მაგნიტური ველისა და როტორის გრაგნილებში სტატორის ველის მიერ ინდუცირებული დენის ურთიერთმოქმედების შედეგად მანქანის ლილვზე წარმოქმნილი მექანიკური ძალვები აიძულებს როტორს ასინქრონულად იბრუნოს მაგნიტური ველის ბრუნვის მიმართულებით. როტორის ბრუნვის სიჩქარე ნაკლებია ველის ბრუნვის სიჩქარეზე. როტორის გრაგნილი შეიძლება იყოს ფაზური ან მოკლედ შერთული (გალია). ასინქრონული ელექტროძრავის როტორის ბრუნვის სიჩქარე სტატორის მაგნიტური ველის ბრუნვის სიხშირეზეა დამოკიდებული. ამ სიჩქარეს განსაზღვრავს მკვებავი დენის სიხშირე და ძრავას პოლუსების წყვილთა რიცხვი. ასინქრონული ელექტროძრავის ბრუნვის სიჩქარის შეცვლა სტატორის მკვებავ ქსელში დენის სიხშირის რეგულირებით ან პოლუსების წყვილთა რიცხვის შეცვლით შეიძლება. ფაზურროტორიან ასინქრონული ელექტროძრავის სარეგულირებლად როტორის წრედში რთავენ სარეგულაციო რეოსტატს რეგულირება შეიძლება აგრეთვე რამდენიმე მანქანის კასკადური ჩართვით. მოკლედ შერთული როტორიანი ასინქრონული ელექტროძრავის ქსელში უშუალოდ ჩართვისას ამუშავების დენი 4-7-ჯერ აღემატება ნომინალურს, ამიტომ ქსელში უშუალოდ რთავენ მხოლოდ 200 კვტ-მდე სიმძლავრის ძრავას. ამუშავების დენის ძალა 3-4-ჯერ შეამცირონ, მძლავრმოკლედ შერთულ ასინქრონული ელექტროძრავის ამუშავებისას შემცირებულ ძაბვას აწვდიან. ფაზურროტორიანი ასინქრონული ელექტროძრავის ამუშავების დენს ზღუდავენ როტორის წრედში ჩართული ამუშავების წინაღობით, რომელსაც როტორის გაქანების პროცესში თანდათან ამცირებენ. ასინქრონული ელექტროძრავა სხვადასხვა სიმძლავრისაა (ვატის მეათედებიდან ათასობით კვტ-მდე). ცვლადი დენის სხვა ძრავებთან შედარებით სამფაზიანი ასინქრონული ელექტროძრავის კონსტრუქცია უფრო საიმდეო და მარტივია. მარტივია აგრეთვე მისი სქემა. ასინქრონული ელექტროძრავას აქვს ნაკლიც: მცირე დატვირთვის რეჟიმით მუშაობისას ხარჯავს მნიშვნელოვან რეაქტიულ სიმძლავრეს; შეზღუდულია მისი ბრუნვის სიჩქარის რეგულირების დიაპაზონი. არარეგულირებად ამძრავებში ძირითადი ძრავაა სამფაზიანი ასინქრონული ელექტროძრავა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 632.