არშაკიდების კავკასიის ალბანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არშაკიდები
ქვეყანა კავკასიის ალბანეთი
ფუძე დინასტია პართიელი არშაკიდები
ტიტულები კავკასიის ალბანეთის მეფე
დამაარსებელი ვაჩაგან I
უკანასკნელი მმართველი ვაჩაგან III
დაარსდა 300
დაიშალა 510

არშაკიდების კავკასიის ალბანეთიპართიული წარმოშობის არშაკიდების დინასტიის მმართველობა კავკასიის ალბანეთის სამეფოში IV-VI საუკუნეებში, რომლის პარალელურადაც დინასტიის განშტოებები ასევე მართავდნენ მეზობელ სომხეთსა და იბერიას[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავკასიის ალბანეთი V საუკუნეში

ალბანეთი, როგორც კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, პირველად ასპარეზზე ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. უმეტესად, ეს უფრო გამოწვეული იყო იმით, რომ იგი პართიის მეფე მითრიდატე II-ისა და სომხეთის მეფე არტავაზდ I-ს შორის მიმდინარე ომების საბრძოლო პოლიგონად იყო ქცეული[2]. თანამედროვე ისტორიკოს მურთაზალ გაჯიევის მტკიცებით, პართიის იმპერიის მმართველ არშაკიდების დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენლებმა III საუკუნის დამლევს მოიპოვა ალბანეთის მეფობა, რათა როგორმე აღეკვეთათ, ან შეესუსტებინათ მაინც რეგიონში არსებული რომაული და სომხური გავლენები. აქვე არსებობს მეორე მხარეც, რომ ალბანეთში პართიული დინასტიის გამეფება ნიშნავდა კავკასიაში ირანიზმის გაბატონებასა და ადგილობრივი დიდებულების ენად, ნელ-ნელა პართიულის ქცევას[3].

330-იან წლებში, უკვე სასანიანთა ირანის მეფე შაპურ II-მ აიძულა კავკასიის ალბანეთის მეფე ვაჩაგან I (ან მისი შემდგომი მეფე, ვაჩე I), რომ თავი სასანიანთა ვასალად ეცნო[4]. აქედან მოყოლებული ალბანეთი სასანიანთა იმპერიის სატრაპიად იქცა, რამაც საგრძნობლად შეამცირა ქვეყანაზე არშაკიდების გავლენა. ისინი, როგორც ვასალი მეფეები, მხოლოდ გარკვეული საზოგადოებრივი და კულტურული პრივილეგიებითღა სარგებლობდნენ, მთავარსარდლობა და სხვა მნიშვნელოვანი უფლება-მოვალეობები კი სასანიანთა მიერ დანიშნულ მარზპანს გადაეცა. მოგვიანებით ალბანეთის მეფე ურნაირი შაპურს ბაგავანის ბრძოლაშიც ახლდა, 327 წელს, რომელშიც იგი სომეხთა მხედართმთავარმა მუშეგ I მამიკონიანმა დაჭრა, თუმცა საბოლოოდ შეიწყალა[5][6]. ამისათვის ურნაირმა მუშეგს მადლობის წერილიც გაუგზავნა მოგვიანებით, სიცოცხლის შენარჩუნებისათვის და ამასთან, შაპურსაც აცნობა, რომ სომხები მის მოკვლას გეგმავდნენ[7].

დაახლოებით 375 წელს ურნაირი მეფე ვაჩაგან II-მ ჩაანაცვლა. 387 წელს სასანიანებმა ერთგულებისათვის ალბანეთის მმართველ არშაკიანებს გადასცეს დამარცხებული სომხების პროვინციები, როგორებიც იყო: არცახი, უტიქი, შაკაშენი, გარდმანი და კოლტი[8]. უკვე მას შემდეგ, რაც 462 წელს მეფე ვაჩე II-ის ანტისპარსული აჯანყება ჩაახშეს, განრისხებულმა მეფე პეროზ I-მა არშაკიანები ჩამოაშორა ალბანეთის მმართველობას[9]. მოგვიანებით, 485 წელს არშაკიდების მმართველობა ალბანეთში აღდგა, როდესაც პეროზის ძმამ და მემკვიდრემ, მეფე ბალაშმა ტახტი ვაჩაგან III-ს დაუბრუნა[6]. ღრმადმორწმუნე ქრისტიანმა მეფე ვაჩაგანმა მაზდეანობაზე მოქცეული ალბანელი დიდებულების დევნა დაიწყო და მათ გაქრისტიანებას უბრძანებდა. მან ომი გამოუცხადა ზოროასტრიზმს, ჯადოქრობასა და კერპთაყვანისმცემლობას[6]. ამის გამო, 510 წელს არშაკიანები საბოლოოდ დაამხეს და მათ ნაცვლად ალბანეთში მიჰრინიდების დინასტია გაამეფეს, რომელიც არშაკიანებთან დინასტიური ქორწინებების გზით იყო დაკავშირებული[10].

კავკასიის ალბანეთის არშაკიდი მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადად, ანტიკური წყაროების მიხედვით, კავკასიის ალბანეთის ტახტზე არშაკიდების დინასტიის წარმომადგენელი სულ ათი მეფე იჯდა. ივარაუდება, რომ შესაძლოა მათი რიცხვი უფრო მეტი ყოფილიყო, თუმცა დღეისათვის ალბანეთის არშაკიდი მეფეების სია ასეთია:

  1. ვაჩაგან I მამაცი, მმართ. 300-336;
  2. ვაჩე I, მმართ. 336-350;
  3. ურნაირი, მმართ. 350-375;
  4. ვაჩაგან II, მმართ. 375-385;
  5. მერხავანი, მმართ. 385-395;
  6. სატო, მმართ. 395-405;
  7. ასაი, მმართ. 405-415;
  8. ასვაგენი, მმართ. 415-440;
  9. ვაჩე II, მმართ. 440-462;
  10. ვაჩაგან III ღვთისმოსავი, 485-510.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alikberov, A.K. (2020). „Peoples and languages of Caucasian Albania: on the language continuum as an alternative for Koine“, From Albania to Arrān: The East Caucasus between the Ancient and Islamic Worlds (ca. 330 BCE–1000 CE). Gorgias Press, გვ. 307–335. DOI:10.31826/9781463239893. ISBN 978-1463239886. 
  • Chaumont, M. L. (1985). „Albania“. Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 8. pp. 806–810.
  • Gadjiev, Murtazali (2017). Construction Activities of Kavād I in Caucasian Albania. Brill, გვ. 121–131. 
  • Gadjiev, Murtazali (2020). „The Chronology of the Arsacid Albanians“, From Albania to Arrān: The East Caucasus between the Ancient and Islamic Worlds (ca. 330 BCE–1000 CE). Gorgias Press, გვ. 29–35. ISBN 978-1463239886. 
  • Hewsen, Robert H. (2001). Armenia: A Historical Atlas. University of Chicago Press. ISBN 978-0226332284. 
  • Schulze, Wolfgang (2018). „Caucasian Albanian and the Question of Language and Ethnicity“, Sprachen, Völker und Phantome. Gorgias Press, გვ. 275–312. DOI:10.1515/9783110601268-008. ISBN 9783110601268. 
  • Toumanoff, C. (1986). „Arsacids vii. The Arsacid dynasty of Armenia“. Encyclopaedia Iranica, Vol. II, Fasc. 5. pp. 543–546.
  • Zuckerman, Constantin (2020). „The Caucasus between Byzantium and the Caliphate (9th-10th c.)“, From Albania to Arrān: The East Caucasus between the Ancient and Islamic Worlds (ca. 330 BCE–1000 CE). Gorgias Press, გვ. 149–191. DOI:10.31826/9781463239893. ISBN 978-1463239886. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Toumanoff 1986, pp. 543–546.
  2. Schulze 2018, p. 282.
  3. Schulze 2018, pp. 282–283.
  4. Gadjiev 2020, p. 31.
  5. Gadjiev 2020, p. 30.
  6. 6.0 6.1 6.2 Chaumont 1985, pp. 806–810.
  7. Faustus of Byzantium, History of the Armenians, Book Four, Chapter 5
  8. Hewsen 2001, pp. 40, 75.
  9. Gadjiev 2020, p. 33.
  10. Zuckerman 2020, p. 158.