შინაარსზე გადასვლა

აპარატი და ხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპარატი და ხელი
ავტორი სალვადორ დალი
წელი 1927
კატალოგი P 195[1]
ტიპი ზეთი, მუყაო
სიმაღლე 62 სმ
სიგანე 47.5 სმ
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, ფლორიდის შტატი
მუზეუმი სალვადორ დალის მუზეუმი

აპარატი და ხელიესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი. შესრულებული ზეთის საღებავებით მუყაოზე 1927 წელს. ამჟამად ინახება სალვადორ დალის მუზეუმში, ფლორიდაში. ნამუშევარი მუზეუმს მისტერ და მისის მორსებმა პირადი კოლექციიდან გადასცეს.[2]

ეს სიურეალისტური ნამუშევარი რამდენიმე გეომეტრიულ მარტივ ფიგურას და მათ თავზე გაშლილ წითელ, დეტალებით დატვირთულ ხელს წარმოადგენს. სურათზე გამოსახულია ერთმანეთზე მოთავსებული პირამიდა და სამკუთხედი. გარემოცული მოჩვენების მსგავსი საგნებით, რომლებშიც შესაძლებელია ლურჯი სიზმრის ბურუსში გამოსახული ქალის შიშველი ფიგურების და სხეულების გარჩევა. დალიმ ნახატს ეს დეტალი მას შემდეგ დაუმატა, რაც ცხრათვიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნდა. ჯარში ყოფნისას მან მრავალი ახალი სიმბოლო და საგანი დაამატა საკუთარ სიურეალისტურ ნამუშევრებს. ნახატის სახელში მოხსენებული „აპარატი“ ფიგურების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანის სხეულს წააგავს. ფიგურას აქვს ადამიანის მსგავსი მკლავები, ფეხები, თვალი, და თავი. სამკუთხედისა და პირამიდის ერთბლიობა დალის ამ პერიოდში შესრულებულ მრავალ ნამუშევარში გვხვდება, რაც გარკვეულწილად მის ძილის პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

ფიგურის თავზე გამოსახული ხელი დაკავშირებულია მასტურბაციასთან. ამ თემაზე სალვადორ დალი იმ პერიოდში მრავალ ნამუშევარს ქმნიდა. იმხნად დალი ინსპირირებული იყო ფროიდის შემოქმედებით, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო.[2]

ქალის ფიგურები, რომლებითაც გარშემორტყმულია ფიგურა, ასახავენ აპარატის ფიქრებს. ნამუშევარი ასახავს არტისტის პირად ეროტიულ ილუზიებსა და გრძნობებს, რაც ასევე დალის იმ პერიოდის შემოქმედების გამოკვეთილი თემაა.[3]

გეომეტრიული ფიგურის, აპარატის მარცხენა ფონზე გამოსახულია ვირის ფიგურა, რომელიც უკანა ფეხებზე დგას. ვირს თავს ესხმიან და მის მუცელზე პირდაპირი იერიშით შთანთქავენ ბუზები. მარჯვენა ფონზე გამოსახულია ქალის ფიგურა კლასიკურ პოზაში და გეომეტრიულ თანწყობაშია მთავარ ფიგურასთან.[4]

  1. https://www.salvador-dali.org/en/artwork/catalogue-raisonne-paintings/obra/195/apparatus-and-hand
  2. 2.0 2.1 Apparatus and Hand, 1927 by Salvador Dali - ციტატა: „The Surrealists founded their work on the ideas of Sigmund Freud, the father of psychoanalysis. For Dali, Freud's influence began prior to joining the group in 1929. As students in Madrid, Dali and his friends read Freud's 'The Interpretation of Dreams'. He says he was "seized with a real vice of self-interpretation, not only of my dreams but of everything that happened to me, however accidental it might seem...“. DaliPaintings.com. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2019.
  3. Moorhouse, Paul. Dalí, PRC Publishing, 1990
  4. Greeley, Robin. Surrealism and the Spanish Civil War, , Yale University Press, 2006