ანდრეას გრიფიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეას გრიფიუსი

ანდრეას გრიფიუსი
დაბადების სახელი ანდრეას გრაიფი
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი 1616
გლოგაუ
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი 1664
გლოგაუ
ეროვნება გერმანელი
პროფესია პოეზია
დრამატურგია

ანდრეას გრიფიუსი (გერმ. Andreas Gryphius, ნამდვილი გვარი გრაიფი, Greif; დ. 11 ოქტომბერი, 1616, გლოგაუ, ახლანდ. გლოგუვი, პოლონეთი, — გ. 16 ივლისი, 1664, იქვე) — გერმანელი პოეტი და დრამატურგი, ბაროკოს წარმომადგენელი.

დაიბადა სილეზიის ქალაქ გლოგაუში. ადრე დაობლდა. ოცდაათწლიანი ომის დამანგრეველმა შედეგებმა იძულებული გახადა მშობლიური ქალაქი დაეტოვებინა. განათლება სხვადასხვა ადგილზე მიიღო. ბევრს მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საბოლოოდ სილეზიაში 1647 წელს დაბრუნდა. 1650 წლიდან გარდაცვალებამდე ეჭირა სინდიკის თანამდებობა გლოგაუში.

ოცდაათწლიანი ომის შედეგად გამოწვეული გულგატეხილობა და პესიმიზმია გადმოცემული მის სონეტებში, სატირებში, ოდებში, ეპიგრამებსა და ლათინურ ენაზე დაწერილ სასულიერო საგალობლებში. გრიფიუსის ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია სონეტი „სამშობლოს ცრემლები“ (1636), კომედიები „Absurda comica ანუ ბატონი პეტერ სკვენცი“ (1657), „გამიჯნურებული ვარდი“ (1660), „ჰორიბილიკრიბრიფაქსი“ (1663), ისტორიული ტრაგედიები „ლეო არმენიუსი ანუ თავადის მკვლელობა“ (1646), „კარდენიო და ცელინდე“ (დაახლოებით 1643, გამოქვეყნდა 1657), „მოკლული უდიდებულესობა ანუ კაროლუს სტუარდუსი“ (1649), საქართველოს თემაზე დაწერილი ხუთმოქმედებიანი გალექსილი ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“ (1646-1648, გამოქვეყნდა 1657), სადაც აღწერილია ქეთევან დედოფლის ამბავი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე : ტრაგედია 5 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1975.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაშქარაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 275.
  • ხავთასი გ., ნარკვევები გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1 თბ., 1953.
  • Бибичадзе А. А., Грифиус и его трагедия "Королева Грузии Катарина", Тб., 1950.
  • Flemming W., A. Gryphius....Stuttg. — [u. a.], 1965.
  • Szyrocki М., A. Gryphius... Tübingen, 1964.