შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრია (პეტერგოფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრიის პარკში მდებარე ეკლესია კაპელა.

ალექსანდრია (რუს. Александрия) — სასახლეებისა და პარკების ანსამბლი პეტერგოფში, სანქტ-პეტერბურგის გარეუბანში. რუსეთის იმპერატორების ერთ-ერთი რეზიდენცია 1830 წლიდან 1917 წლამდე. სახელწოდება მიიღო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ცოლის იმპერატრიცა ალექსანდრა თედორეს ასულის პატივისცემის ნიშნად. პარკი შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების შემადგენლობაში.

ტერიტორია, რომელზედაც მდებარეობს ალექსანდრია, ეკუთვნოდა ოთხ მფლობლებს, რომლებმაც იგი მიიღეს პეტრე I-საგან სააგარაკედ. ჩანაწერების თანახმად ეს იყო ალექსანდრე იაკოვლევის, დანიელ ჩევკინის, იაკობ ბრიუსისა და პეტრე მოშკოვის მიწის ნაკვეთები. მფლობელები შეიცვალნენ 1725 წელს.

რამდენიმე მონაცემის მიხედვით ეს მიწები 1725-1726 წლებში ეკუთვნოდა ალექსანდრე მენშიკოვს და დაიწყო სასახლის მშენებლობა. მშენებლობა არ დასრულებულა.

1733 წელს აღნიშნული ადგილი ეკუთვნოდა იმპერატრიცა ანა იონეს ასულის მფლობელობაში.

1825 წელს ამ მიწის მფლობელი გახდა ნიკოლოზ I, რომელმაც ტახტზე ასვლის შემდეგ საკუთარი ცოლის სახელი უწოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. ამის შემდეგ აგარაკს ეწოდა „მისი უდიდებულესობის პირადი აგარაკი ალექსანდრია“. 1826 წელს დაიწყო სასახლის მშენებლობა, რომელიც გაგრძელდა 1829 წლამდე და ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ადამ მენელასი. სასახლე იყო ორსართულიანი და ააგეს გოთიკურ სტილში. იმისათვის, რომ იდილიური ხასიათი მიეცათ სასახლისათვის, მის ახლოს ააშენეს ფერმა ძროხებისთვის, სადაც ასევე იყო მწყემსების ოთახი, სამზარეულო და საკუჭნაო.

კოტეჯის მშენებლობასთან ერთად ხდებოდა რომანტიკული პარკის ფორმირებაც. მის შექმნაზე 20 წელი მუშაობდა ბაღების ხელოსანი პეტრე ერლერი. მისი ცხედარი გადაასვენეს ალექსანდრიაში და დაკრძალულია ფერმერების სამხრეთი შესასვლელის ახლოს.

ალექსანდრიის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და საინტერესო ნაგებობაა გოთიკური კაპელა — სამეფო ოჯახის კარის ეკლესია, რომელიც აგებულია ალექსანდრე ნეველის სახელზე.

1920-1930-იან წლებში ალექსანდრია ნელ-ნელა გადაიქცა მუსიკალურ კომპლექსად. 1932 წელს კაპელაში გახსნეს ალექსანდრიის კომპლექსის ისტორიის მუზეუმი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ფერმერთა სასახლე მნიშვნელოვნად დაზიანდა, მისი ავეჭი განადგურდა და ომის შემვეგ იგი საერთო საცხოვრებლად გადააკეთეს. ომის დროს პარკი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი გახდა. ასევე ძლიერ დაზიანდა ე. წ ქვედა აგარაკი. 1960-იან წლებში ავარიულობის გამო დაანგრიეს.

ფერმერთა სასახლის რესტავრაცია დასრულდა სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავთან დაკავშირებით, მაგრამ 2005 წლის ხანძარმა ძლიერ დააზიანა შენობა. 2006 წლისთვის კვლავ მიმდინარეობდა რესტავრაცია. ამავე წელს მორიგი რესტავრაციის შემდეგ კვლავ გაიხსნა გოთიკური კაპელა.

2010 წლის 19 ივნისს რესტავრაციის შემდეგ ფერმერთა სასახლე გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]