ალექსანდრე გედევანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (დ. 16 თებერვალი, 1870 — გ. 1933) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1918-1919 წლებში. იყო გენერალ იოსებ გედევანიშვილისა, პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის, ინჟინერ გიორგი გედევანიშვილის და პუბლიცისტ ანასტასია გედევანიშვილის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. 1888 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური. დაამთავრა პავლეს სახელობის I სამხედრო სასწავლებელი. 1889 წელს გახდა პოდპორუჩიკი, 1893 წელს კი პორუჩიკი. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. 1900 წელს მიიღო შტაბსკაპიტნის, ხოლო 1901 წელს კაპიტნის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1907 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი, 1910 წელს კი პოლკოვნიკი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იყო 203-ე ქვეითთა პოლკის მეთაური. 1915 წელს მიიღო გენერალ-მაიორობა. 1917 წელს იყო დასავლეთის ფრონტზე მოქმედი 51-ე ქვეითი დივიზიის მეთაური.

1917 წლის ბოლოდან საქართველოში მონაწილეობდა ქართული შეარაღებული ძალების მშენებლობაში. 1918 წლის დასაწყისში იყო ბათუმის გამაგრებული რაიონის და ციხე-სიმაგრის კომენდანტი. პირველი რესპუბლიკის დროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე სამწყობრო-ოპერატიულ დარგში. 1918 წლის ივლისიდან 1919 წლის აპრილის ჩათვლით იყო საქართველოს შეარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1921 წელს დარჩა საქართველოში და მსახურობდა წითელ არმიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 87-88.
  • ჩაჩხიანი ა., „დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი“, თბილისი, 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]