გიორგი გედევანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (დ. 3 მარტი, 1883, თბილისი, — გ. 15 მაისი, 1957, იქვე) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი ლითონთა ტექნოლოგიების დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1944), პროფესორი (1932), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკის ოჯახში. მისი და-ძმები იყვნენ ოფიცერები ალექსანდრე, იოსებ, ნიკოლოზ გედევანიშვილები, პუბლიცისტი ანასტასია გედევანიშვილი. 1901 წლიდან გიორგი გედევანიშვილიც სამხედრო სამსახურში იყო. მსახურობდა სხვადასხვა საარტილერიო დანაყოფში, შემდეგ, როგორც სამხედრო ინჟინერი — თბილისის საოლქო არსენალის სახელოსნოებში. 1912 წელს დაამთავრა პეტერბურგის საარტილერიო აკადემია. ჰქონდა კაპიტნის წოდება. 1918-1919 წლებში იყო თბილისის არსენალის სახელოსნოების უფროსი. 1918 წელსვე აირჩიეს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარედ. 1919-1920 წლებში საინჟინრო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

1923-1925 გიორგი გედევანიშვილი წლებში იყო მექანიკურ-საარტილერიო ქარხნის ტექნიკური დირექტორი, 1925 წელს — საქართველოს ლითონტრესტის მთავარი ინჟინერი. 1923 წლიდან მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადშექმნილ პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე ლითონთა მექანიკური ტექნოლოგიის კურსის წასაკითხად. 1928 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკური ფაკულტეტის დეკანი, 1930 წლიდან — ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის გამგე. 1944 წელს გედევანიშვილი მონაწილეობდა ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის (ამჟამად სსიპ ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო ინსტიტუტი) ჩამოყალიბებაში. ამავე ინსტიტუტში 1945 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ლითონთა დამუშავების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას და პარალელურად, 1949—1952 წლებში, იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1951-1955 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ტექნიკურ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე და ბიუროს წევრი.

გედევანიშვილი იყო უმაღლესი ტექნიკური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მონაწილეობდა ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნაში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი შრომები ეხება ლითონთა ჭრის თეორიასა და ტექნოლოგიას, მათი წნევით დამუშავებისა და შედუღების პროცესთა საკითხებს (მ.შ., „ლითონების მექანიკური ტექნოლოგია“, 1925; „ლითონის წნევით დამუშავება“, 1938; „შედუღება“, 1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ.შ., რუსეთის იმპერიის წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენი, საბჭოთა პერიოდში — ლენინის ორდენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 33.
  • თავაძე ფ., გოცირიძე გ., გამოჩენილი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი, «მეცნიერება და ტექნიკა», 1953, № 4.
  • გიორგი გედევანიშვილი = Георгий Гедеванишвили : (1883–1957) : ბიობიბლიოგრაფია / რედაქტორი : ნ. ხადური. თბილისი: მეცნიერება, 1989.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]