ალექსანდრე ბორტნიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ბორტნიკოვი

ალექსანდრე ბორტნიკოვი (რუს. Алекса́ндр Васи́льевич Бо́ртников; დ. 15 ნოემბერი, 1951, მოლოტოვი, სსრკ) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დირექტორი 2008 წლის 12 მაისიდან. არმიის გენერალი (2006).

ამჟამად არის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის და დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს თავმჯდომარე. 2008 წლის 25 მაისიდან — რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1951 წლის 15 ნოემბერს ქალაქ მოლოტოვში (დღევანდელი პერმი).

1973 წელს დაასრულა სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერთა ლენინგრადის ინსტიტუტი. მუშაობდა ქალაქ გატჩინის ქარხნებში.

1975 წელს დაასრულდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ფელიქს ძერჟინსკის სახელობის უმაღლესი სკოლა; იმავე პერიოდში გაწევრიანდა საბჭოთა კავშირის კომპარტიაში, რომლის რიგებშიც პარტიის დაშლამდე ირიცხებოდა.

1975 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრსადაზვერვო დანაყოფების ოპერატიული და სახელმძღვანელო შემადგენლობის წევრი.[1]

2003 წლის ივნისამდე იყო რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კონტრსადაზვერვო ოპერაციების სამართველოს უფროსის მოადგილე (სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში).[2]

2004 წლის 2 მარტს გახდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე; იგი აგრეთვე სათავეში ჩაუდგა „ФСБ“-ს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტს.

2004 წლის 11 ივლისს გახდა „ФСБ“-ს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. 2006 წელს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.[3] იმავე წლის დეკემბეში, ანუ, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, მიიღო არმიის გენერლის წოდება.

2008 წლის 12 მაისიდან არის „ФСБ“-ს დირექტორი და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო იმავე წლის 25 მაისიდან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.

სანქციები და საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 26 ივლისს, რუსეთის მიერ უკრაინის ტეროტირიაზე ჩატარებული ქმედებების გამო, ბორტნიკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ევროკავშირმა და კანადამ;[4][5] თუმცა, იგი არ მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში, რომელშიც იყო პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული 35 პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი.[6] 2015 წლის თებერვალში, ამერიკული მხარის მოწვევთ, ბორტნიკოვმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში შემდგარ სამიტში, რომელიც ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლას მიეძღვნა.[7]

2018 წლის 27-28 იანვარს ბორტნიკოვი კვლავ ეწვია აშშ-ს, ამჟამად სერგეი ნარიშკინთან ერთად. ისინი შეხვდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს დირექტორ მაიკ პომპეოს (რომელმაც მალევე დატოვა ეს თანამდებობა და სახელმწიფო მდივანი გახდა; იგი ჯინა ჰასპელმა ჩაანაცვლა. ეს იყო რუსული და ამერიკული სპეცსამსახურების ხელმძღვანელების პირველი ასეთი დონის შეხვედრა. მხარეებმა იმსჯელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან წამოსულ საფრთხეზე.[8]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 27 ივლისს გამოქვეყნდა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბორტნიკოვმა, „ФСБ“-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, პრესტიჟულ რუბლიოვო-უსტინსკოეს შოსეზე გაყიდა 4,8 ჰექტარი მიწა, რომელიც საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა. გაზეთის ინფორმაციით, ბორტნიკოვმა და სხვებმა ამ გაყიდვიდან 2,5 მილიონი დოლარი მიიღეს. გაზეთის მტკიცებით, ეს გამოძიება იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგან, რომელთა გამოც „ФСБ“ გამოვიდა წინადადებით, შეეზღუდათ საჯარო წვდომა „როსრეესტრის“ ინფორმაციაზე.[9][10] პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ატარებდა არანაირ გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით, რადგან ეს „ФСБ“-ს პრეროგატივა იყო.[11]

2017 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორთა, წევრ-კორესპონდენტთა და აკადემიკოსთა ჯგუფმა ღია წერილში გააკრიტიკა ბორტნიკოვი, უკანასკნელის მიერ „როსიისკაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორისთვის, ვლადისლავ ფრონინისთვის მიცემული ინტერვიუს გამო.[12] ჯგუფის აზრით, ბორტნიკოვი სტალინისიულ რეპრესიებს ამართლებდა.[13][14] ინტერვიუ მიეძღვნა „სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის“ (ВЧК) დაარსების 100 წლის იუბილეს. ისტორიკოსმა ნიკიტა პეტროვმა აღნიშნა „სამართლებრივი ნიჰილიზმი“ ბორტნიკოვის მხრიდან.[15]

ოჯახი და შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორტნიკოვს ჰყავს მეუღლე და შვილი — დენის ბორტნიკოვი (დ. 19 ნოემბერი, 1974). დენისმა დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკისა და ფინანსების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1996 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა „საწარმო-სამშენებლო ბანკში“. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს ВТБ ბანკში, არის ჩრდილოეთ-დასავლეთ რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი და კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. 2011 წლის ნოემბრიდან არის მმართველობის წევრი.[16]

2009 წელს ალექსანდრე ბორტნიკოვის შემოსავალი, მისი ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, იყო 4,7 მილიონი რუბლი. 2013 წელს შემოსავალი გაიზარდა და 8,72 მილიონი რუბლი შეადგინა. კიდევ ერთხელ გაიზარდა შემოსავალი 2015 წელს — 11,5 მილიონი რუბლი.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Взят под опеку «Коммерсантъ Власть» № 19 (772) от 19 мая 2008 г.
  2. А. Бортников. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-21. ციტირების თარიღი: 2018-11-02.
  3. Высшие офицеры, участвовавшие во встрече с Президентом России по случаю их назначения на вышестоящие должности и присвоения им высших воинских (специальных) званий, 26 июля 2006 года.
  4. ЕС включил в санкционный список Бортникова
  5. Канада ввела санкции в отношении 14 россиян и 13 компаний
  6. Санкционные списки против российских граждан и компаний
  7. Директор ФСБ РФ примет участие в Вашингтоне в саммите по противодействию насильственному экстремизму
  8. Сергей Горяшко, Гордон Коррера. (2018-02-01) Директор ЦРУ раскрыл тему тайной встречи с главами российских разведок. Русская служба Би-Би-Си. ციტირების თარიღი: 2018-02-01.
  9. СМИ узнали о сделке начальства ФСБ по продаже элитной земли в Подмосковье // РБК, 27.07.2015
  10. Лубянские на Рублёвке დაარქივებული 2016-04-06 საიტზე Wayback Machine. // Новая газета, 27.07.2015
  11. Кремль прокомментировал публикацию о земельных сделках руководителей ФСБ // РБК, 27.07.2015
  12. Фронин В. А.. (2017-12-19) ФСБ расставляет акценты. Александр Бортников: Разрушение России для некоторых до сих пор остается навязчивой идеей. Наша задача - не дать состояться их планам. Российская газета — Федеральный выпуск №7454 (288). ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  13. Трунина А.. (2017-12-22) Академики РАН обвинили главу ФСБ в оправдании сталинских репрессий. РБК. ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  14. Черных А.. (2017-12-22) «Как человек, рожденный в 1937 году, я хочу предупредить». Академики написали коллективное обращение в связи с интервью главы ФСБ. Коммерсантъ. ციტირების თარიღი: 2017-12-22.
  15. Елена Рачева. «Попытка создать красивую историю госбезопасности провалилась» // Новая газета. — 2018. — № 1. — С. 12—13.
  16. Бортников Денис Александрович - Член правления. www.vtb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-26. ციტირების თარიღი: 2016-11-25.
  17. Сведения о доходах, расходах, об имуществе и обязательствах имущественного характера :: Федеральная Служба Безопасности. www.fsb.ru. ციტირების თარიღი: 2016-11-25.