ალექსანდერპლაცი
ალექსანდერპლაცი (გერმ. Alexanderplatz, ალექსანდრეს მოედანი) — ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მოედანი.
მოედანზე, ისევე როგორც მთელ ბერლინში, შერწყმულია წარსულისა და თანამედროვე არქიტექტურა. ეს მოედანი მუდამ ხალხმრავალი და ხმაურიანია. აქ იკვეთება ბერლინის მეტროპოლიტენის სამი ხაზი, ასევე ტრამვაისა და სწრაფი მატარებლების ხაზები. ამ სატრანსპორტო კვანძს ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იყენებს.
1805 წელს ამ ადგილას მდებარეობდა დიდი სავაჭრო მოედანი, რომელსაც მოგვიანებით რუსი მეფის ალექსანდრე I-ის სახელი დაერქვა. მოსახლეობის სწრაფი ზრდისა და ინდუსტრიალიზაციის შედეგად ალექსანდრეს მოედანი პუპულარული გახდა მოსახლეობის ღარიბ ფენებში. 1966-70 წლებში მოედნის ირგვლივ საფუძვლიანი განაშენიანება განხორციელდა: მრავალი ახალი შენობა აშენდა და მოედანი დასავლეთ ბერლინისკენ გაფართოვდა. გაჩნდა მაღლივი სასტუმრო (123 მ), უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი, და მოგვიანებით სატელევიზიო ანძა. თუმცა აქვე შემორჩა ომამდელი შენობებიც, მათ შორის ალექსანდერჰაუზი და ბეროლინაჰაუზი.
ყოფილი გდრ-ის არქიტექტურაზე მნახველს მოედანზე მიანიშნებს დიდი საათი, რომლის მიხედვით შეიძლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დროის გაგება და შადრევანი, რომელსაც ადრე ხალხთა მეგობრობის შადრევანი ერქვა. ამჟამად მიმდინარეობს მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია, რომელიც 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Weszkalnys, Gisa. Berlin, Alexanderplatz: Transforming Place in a Unified Germany (Berghahn Books; 2010) 214 pages
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alexanderplatz - Overview of the changes დაარქივებული 2008-09-21 საიტზე Wayback Machine.