ავალიშვილის თეატრი
ავალიშვილების თეატრი — ქართული საერო თეატრი თბილისში, ერეკლე II-ის სამეფო კარზე. 1791 წელს დააარსა მწერალმა და დიპლომატმა გ. ავალიშვილმა. სცენისმოყვარეთა დასის წევრები მაღალი წრის წარმომადგენლები იყვნენ (დ. ბაგრატიონი, დ. ჩოლოყაშვილი, თ. ანდრონიკაშვილი, ერეკლე II-ისა და გიორგი ბატონიშვულის ქალიშვილები).
საჯარო წარმოდგენები იმართებოდა ე. წ. პალატში. წარმოდგენის დაწყებამდე გ. ავალიშვილი აუდიტორიას მიმართავდა რეჩიტატივით, რომლის საგანგებოდ გალექსილ ტექსტში თეატრს თანამედროვეთა გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფის ხელშემწყობ საგანმანათლებლო დაწესებულებად აცხადებდა. პირველად დასმა წარმოადგინა „მეფე თეიმურაზი“, რომელსაც გ. ავალიშვილს მიაწერენ. ამ პიესაში საქართველოს რუსეთთან დაახლოების იდეა იყო გატარებული. გ. ავალიშვილი კარგად იცნობდა რუსულ სცენურ კულტურას და ნერგავდა მას ქართულ სცენაზე.
ავალიშვილების თეატრი კლასიცისტური მიმართულებისა იყო. მის რეპერტუარში შედიოდა ზოგიერთი თავგადასული ბატონისა და მეფის მოხელის მამხილებელი პიესები, მათ შორის ავალიშვილის მიერ თარგმნილი ა. სუმაროკოვის ნაწარმოებები: „რქის მატარებლის მიერ გამოსახვა კომედიისა“, „დედა რაყიფი ქალისა“, „უბნობა მკვდართა“ და სხვა.
ავალიშვილების თეატრმა იარსება 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 1, გვ. 115, თბ., 1975