ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ)ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის, ადიშჭალის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2040 მ, მესტიიდან 27 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ადიში მდებარეობს ტყიან ხეობაში, მდინარე ადიშჭალის აყოლებით. სოფელში სამი ეკლესიაა და სამივე შემკულია XI–XII საუკუნეების მხატვრობით. ადიში სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება საუკუნეში. მასში შედიოდა სოფელი ზაგარიც, რომელიც 1811-12 წლების ჟამიანობამ მოსპო.

სოფ. ადიშის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, მთის ფერდობზე დგას მთავარანგელოზის სახელობის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია — „თარინგზელ“. XI საუკუნის ეკლესია რესტავრირებულია; ბოლო რესტავრაციამდე ის ძლიერ იყო დაზიანებული, ნგრევის პირას მისული ტაძარი ავარიულად დაბზარული და მორღვეული კონსტრუქციებით იყო წარმოდგენილი. ეკლესიას იმთავითვე ჰქონდა მთელ პერიმეტრზე შემოვლებული დამცავი კედლები, რომლებიც რესტავრაციის შემდეგაც შენარჩუნდა. მთავარანგელოზის ეკლესია სამხრეთით მკვეთრად დაქანებულ ფერდობზე, საგანგებოდ აგებულ სუბსტრუქციაზეა აღმართული. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებული ტაძარი მინიატურული ზომისაა - 4,9X4,2 მ.

სვანეთის განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი ტაძრების მსგავსად, თარინგზელის ეკლესიაც ნაგებია ყორე ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე და მოპირკეთებულია შირიმის თლილი კვადრებით. მოყვითალო-მორუხი ფერის შირიმის საპირე წყობას ასრულებს თაროს ფორმის ლავგარდანი. გარე კედლების სწორკუთხა გეგმარება შიდა სივრცეში დარბაზისა და ოდნავ გაშლილი აფსიდის მოცულობით იცვლება. აფსიდი მცირე ზომის კონქის შუბლით არის დახურული. კოლოფა, არასიმეტრიული ფორმის აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ცენტრში, სარკმლის ქვემოთ კედლიდან შვერილი ტრაპეზის ქვაა.

საკურთხეველი სამხრეთ-აღმოსავლეთით არის გადაწოლილი, კონქის თაღი და აფსიდის მხრები ეკლესიის დანარჩენი მასისაგან 10-12 სმ-ის არის დაშორებული. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია კანკელის მასიური ქვედა ნაწილით. აფსიდს ორსაფეხურიანი მხრები აქვს, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში პილასტრებია, რომლებსაც თაღი ეყრდნობა. ეკლესია ნათდება ვიწრო და მაღალი, შიგნიდან გაგანიერებული სარკმლით, რომელიც აღმოსავლეთ კედლის ცენტრშია გაჭრილი. შესასვლელი დასავლეთ კედელშია მოთავსებული, იგი ვიწრო და დაბალია, ოდნავ გაშლილი ძირით.

ეკლესიის ინტერიერი ისევე, როგორც ექსტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. ინტერიერის მხატვრობა ნაწილობრივ შენარჩუნებულია, მაგრამ საფასადე კედლებიდან მხატვრობის უმნიშვნელო კვალი მხოლოდ სამხრეთ ფასადზე შემოინახა. შედარებით უკეთ მდგომარეობაშია ინტერიერის კედლის მხატვრობა: კონქში გამოსახულია მაცხოვარი, რომლისგანაც ჩრდილოეთით ღვთისმშობელია გამოსახული, სამხრეთით კი იოანე ნათლისმცემელი, რომლის სახეც შედარებით კარგად იკითხება. აფსიდის სამხრეთ ნაწილში სამი მახარობლის კონტური იკითხება. კამარის სამხრეთ ნაწილში, მთელ სიგრძეზე "მოგვთა თაყვანისცემის" სცენაა, რომელიც სამხრეთ კედლის ზედა ნაწილში გრძელდება; ეს უკანასკნელი ცუდად არის შემორჩენილი.

დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში "მაცხოვრის ამაღლებაა". კამარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში "მაცხოვრის ნათლობის" სცენაა, აღმოსავლეთით კი "ხარება". კარის თაღში წმინდანის თავის გამოსახულებაა ასომთავრული წარწერით. ადიშის მთავარანგელოზის სახელობის მომცრო ეკლესია ძალიან მაღალი ისტორიული და მხატვრული ღირებულების ძეგლია, რომლის დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისათვის.

ადიშის მთავარანგელოზის ეკლესიის მხატვრობა XII საუკუნეს მიეკუთვნება და ძალიან საყურადღებოა ნახატის გამომსახველობით. კედლის მხატვრობის ამ ძეგლში მოჩანს შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ე.წ. სვანური სკოლის სპეციფიკური ნიშნები.

ადიშის მთავარანგელოზის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ადიშშია აღმოჩენილი ქართული მწერლობისა და ლიტერატურის ერთ ერთი უძველესი ძეგლი, ე. წ. „ადიშის ოთხთავი“ (სახელი სოფლის მიხედვით უწოდეს), რომელიც 897 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადიშის ეკლესიები. //ჟღერს ქვის ჰარმონია; ნაკვეთი პირველი, ა-დ, საკითხავნი ყმაწვილთათვის, "ციცინათელა", თბილისი 2006 წ., გვ. 15
  • ადიში// ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი,1975, ტ.1, გვ. 96.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]