შინაარსზე გადასვლა

ადამიანის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადამიანის კონსტიტუციაორგანიზმის თანდაყოლილი და შეძენილი თვისებების ერთიანობის საფუძველზე ჩამოყალიბებული მორფოლოგიური და ფუნქციურ თავისებურებათა ერთობლიობა. ადამიანის კონსტიტუცია განისაზღვრება გარემო პირობების, პირველ ყოვლისა, სოციალური ფაქტორების გავლენით და განაპირობებს ორგანიზმის რეაქციის უნარს (ორგანიზმის თვისებას — უპასუხოს გარემოს ზემოქმედებას ცხოველმოქმედების შეცველით) . ადამიანის კონსტუციის ტიპების თავისებერებათა დადგენას უძველესი დროიდან ცდილობდნენ. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე განარჩევდა კონსტიტუციის რამდენიმე ტიპს. გალენოსმა შემოიტანა ცნება ჰაბიტუსი, გარეგნული შესახედაობა, რაც ხშირად განსაზღვრავს ორგანიზმის თავისებური რეაქციების უნარს. მრავალი ავტორი ადამიანის კონსტიტუციას განსაზღვრავდა ცალკეული ორგანოს ან სისტემის მდგომარეობის მიხედვით. მაგალოთად, ჟ. რ. სიგოს აზრით, ადამიანის სხეული გარემოსთან კავშირს ამყარებს სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, ძვალ-კუნთოვანი და ნერვული სისტემების საშუალებით. ამ ოთხი სისტემით გარემოსთან კავშირის დამყარება სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული ინტენსივობით ხდება, რაც გავლენას ახდენს ადამიანის საერთო აგებულებაზე. აქედან გამომდინარე, სიგომ ადამიანები დაყო 4 ძირითად ტიპად; რესპირაციულ (სუნთქვით), დიგესტიურ (საჭმლის მონელებით) , მუსკულურ (კუნთურ) და ცერებრულ (ტვინოვან) ტიპებად. რესპირაციულ ტიპებს მიდრევილება აქვთ სასუნთქი სისტემის, ხოლო დიგესტიერებს - ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისადმი; კუნთურ ტიპებს უმეტესად გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემები უზიანდებათ, ცერებრულებს — ნერვული სისტემა. ე. კრეჩმერმა 3 კონსტ. ტიპი გამოყო; ასთენიური, ათლეტური და პიკნიკური. კრეჩმერის ასთენიური ტიპი სიგოს რესპირაციულ და ნაწილობრივ ცერებრულ ტიპს შეესაბამება, ათლეტური-კუნთურს, ხოლო პიკნიკური — დიგესტიურს. ადამიანის კონსტიტუციას განიხილავენ აგრეთვე შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით, სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნურვული სისტემების ანტაგონიზმის საფუძველზე და სხვ. ა. ბოგომოლეცი ორგანიზმის ცხოველმოქმედებაში წამყვან როლს აკუთვნებდა შემაერთებელ ქსოვილს, აქედან გამომდინარე, მან ადამიანები 4 კონსტიტუციურ ტიპად დაყო: ასთენიურ, ფიბროზულ, პასტოზურ და ლიპომატოზურ ტიპებად. ასთენიურ ტიპს ახასიათებს ნაზი შემაერთებელი ქსოვილის ჭარბად განვითარება, ფიბროზულს ჭარბად აქვს განვითარებული მკვრივი შემაერთებელი ქსოვილი; პასტოზურს — ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი; ლიპომატოზურს — ცხიმოვანი ქსოვილი. მ. ჩერნორუცკის კლასიფიკაციაში გათვალისწინებულია როგორც მორფოლოგიური, ისე ფუნქციური თავისებურებები. იგი გამოყოფს 3 კონსტიტუციურ ტიპს; ასთენიურს, ნორმოსთენიურსა და ჰიპერსთენიურს. ასთენიური ტიპებისათვის დამახასიათებელია მცირე ზომის გული, მოგრძო ფილტვები და სხვ., ჰიპერსთენიურებისათვის — ძლიერი აღნაგობა, შედარებით გრძელი ტორსი, მოკლე კიდურები, დიდი გული, განიერი აორტა, ტევადი კუჭი და სხვ. ნორმოსთენიურ ტიპებს უკავიათ შუალედური მდგომარეობა ამ ორ ტიპს შორის და გამოირჩევიან სხეულის პროპორციული აღნაგობით. ჰიპერსთენიურ ტიპებს ნივთიერებათა ცვლა შენელებული და დაქვეითებული აქვთ, ამიტომ ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად უვითარდებათ. ასთენიურებს, პირიქით, არა აქვთ სიმსუქნისადმი მიდრეკილება, რადგან გაძლიერებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ამ კლასიფიკაციების საერთო ნაკლია ნერვული სისტემის როლის არასაკმარისი ასახვა. თანამედროვე მოძღვრება ადამიანის კონსტიტუციის შესახებ აუცილებლად გულისხმობს ნერვული სისტემის ტიპოლოგიურ დახასიათებას, აგრეთვე ნერვული სისტემის ყველა მონაკვეთისა და ენდოკრინული სისტემის მდგომარეობას. სხეულის აგებულება არ არის კონსტიტუციური ტიპის ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი, იგი ერთ-ერთი მაჩვენებელია.

ადამიანის კონსტიტუციის ინდივიდუალურ თავისებურებათა გაგებასა და დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა სახის სამკურნალო ღონისძიების სწორად წარმართვისათვის.