აბედათის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბედათის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, სოფ. აბედათი.
აბედათის ციხესიმაგრე — საქართველო
აბედათის ციხესიმაგრე
აბედათის ციხესიმაგრე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
აბედათის ციხესიმაგრე

აბედათის ციხე-დარბაზიშუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე სოფელ აბედათში, (მარტვილის მუნიციპალიტეტი). ერთ-ერთი ვერსიით, ლეგენდარული „ონოგურისი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი აბედათი მდებარეობს მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე. აბედათის ციხის ტერიტორიაზე გასულ საუკუნეში, პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით, ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ნაშთები მრავლად იპოვეს. პარმენ ზაქარაია ვარაუდობდა, რომ ნოქალაქევის ,,საკონტროლო ზონაში’’ იყო აგებული აბედათის ძველი ციხე, ონოგურისი და მას IV-VI საუკუნეებით ათარიღებდა, ხოლო აბედათის უკვე შუა საუკუნეებში აგებული ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ.[1] მდებარეობს ზღვის დონიდან 130 მეტრზე.

არქეოლოგიური გათხრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ იგი მინიმუმ სამი ფენისგან შედგება, არქიტექტურული მასალა ძირითადად ადრეფეოდალური ხანისაა. ფლეთილი ქვით ნაგები ციხე ორი გალავნისგან შედგება, მთავარი გალავანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია 10-12 მეტრი სიმაღლისაა, გალავნის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია და უერთდება სამხრეთის გალავანს. ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთები, მთის რელიეფის შესაბამისად, მეორე გალავნითაა შემოფარგლული. ფერდობს მიმყოლი ეს მეორე გალავანი ზემოდან მიწის დონეზეა დარღვეული. ფერდობზე გამავალი გალავანი მასში ჩართული კოშკით, ციხის თავდაპირველ ფენას უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის დათარიღება, ცხადია IV-VI საუკუნით შეიძლება, მაგრამ იგი ალბათ მთელ შუა საუკუნეებში მოქმედი იყო ვიდრე XVIII საუკუნის ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი დიდი და მცირე გადაკეთება განუცდია. გალავნის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილია ელინისტური ხანის ძვ. წ. III-I საუკუნეების კერამიკული მასალა, ასევე დასავლეთ საქართველოს XIII-XIV საუკუნეების კირმანეული და XVII-XVII საუკუნეების თურქული ვერცხლის მონეტები და ჩიბუხები.

ციხის შიგნით, აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებულია ეკლესია, რომელიც არ უნდა იყოს ციხის თანადროული. თავდაპირველად ციხეს შეუძლებელია საკუთარი ეკლესია არ ჰქონოდა, მაგრამ აღმოჩენილი ეკლესია უფრო გვიანდელია და პარმენ ზაქარაიასა და თამილა კაპანაძის აზრით IX საუკუნის უნდა იყოს. იგი საშუალო ზომის დარბაზული ნაგებობაა, ნაშენი ოდნავ დამუშავებული ქვით. საშენად ძირითადად გამოყენებულია მოთეთრო კირქვა. ეკლესია წინა საუკუნის ბოლოს განუახლებიათ და იატაკი მოუწყვიათ კარგად თლილი ქვით. ეკლესიას დასავლეთით სწორკუთხა კარიბჭე აქვს და შესასვლელიც კარიც მხოლოდ ამ მხრიდან არის.

ციხე ამჟამად კეთილმოწყობილია, ეკლესია მოქმედია. დასავლეთის კედელთან აგებულია ძველი სტილის მეგრული ოდა.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პ. ზაქარაია, ვ. ლექვინაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 27.
  • გ. ელიავა, „აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი“, თბ., 1971

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აბედათის ციხე-დარბაზი (მარტვილის რ-ნი)
  2. ფოლკლორის ფესტივალი „ონოგურისი“, მარტვილი 2013