Mother's Milk — ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის მეოთხე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1989 წლის 16 აგვისტოს. დისკი გამოსცა ლეიბლმა EMI Records.
გიტარისტ ჰილელ სლოვაკის დაღუპვის და დრამერ ჯეკ აირონსის წასვლის შემდეგ ჯგუფი კვლავ შეიკრიბა. ამჯერად გიტარისტის ადგილი ჯონ ფრუშანტემ დაიკავა, ხოლო დრამერი გახდა ჩედ სმითი. ფრუშანტეს გავლენით ჯგუფის ჟღერადობა უფრო მეტად მელოდიური გახდა, რიტმზე ნაკლები აქცენტით. პროდიუსერი მაიკლ ბაინჰორნი უპირატესობას ანიჭებდა მძიმე მეტალის სტილის რიფებს, რაც ფრუშანტეს ზედმეტი ეჩვენებოდა. შედეგად, იგი და ბაინჰორნი ჩაწერისას მუდმივად კამათობდნენ.
დისკს ჯგუფის ყველა წინა ალბომთან შედარებით დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. Billboard 200-ში იგი #52 პოზიციამდე ავიდა და პოპულარობა შეიძინა სიმღერით „Knock Me Down“ და სტივი უანდერის„Higher Ground“-ით. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელმაც RIAA-სგან ოქროს დისკის სტატუსი მიიღო და პირველი, რომელმაც Peppers-ს საერთაშორისო წარმატება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლდა კრიტიკოსების მხრიდან ისეთივე დადებითი შეფასებები, როგორც The Uplift Mofo Party Plan-ის (1987) შემთხვევაში, Mother's Milk-მა, ემი ჰენსონის (AllMusic) აზრით, „...ჯგუფი ფანკ-როკ-რეპერებიდან მცირე საშუალებებით აქცია მეინსტრიმულ ცუდ ბიჭუნებად.“[3] დისკს საბოლოოდ პლატინის სტატუსი მიენიჭა.