შინაარსზე გადასვლა

Lacoste

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lacoste
დაფუძნდა 1933
სათავო ოფისი პარიზი, საფრანგეთი
მმართველი
რენე ლაკოსტი
პროდუქცია ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია

ლაკოსტი (Lacoste) — ფრანგული კომპანია. დაარსდა 1933 წელს. სიმბოლო და ლოგოზე გამოსახულება არის მწვანე ნიანგი. იგი დააარსა ცნობილმა ფრანგმა ჩოგბურთელმა[1] რენე ლაკოსტმა (1904–1996).[2]

1923 წელს რენე ლაკოსტმა მოიგო დევისის ჩემპიონატი, რის შედეგადაც, გადმოცემის თანახმად, მწვრთნელთან დადებულ სანაძლეოში (ჩემპიონატის მოგებაზე) მოიგო ნიანგის ტყავისგან დამზადებული ჩემოდანი. სწორედ ამის გამო შეარქვეს მეტსახელად „ნიანგი“ (ალიგატორი). მისმა ახლობელმა რობერტ ჯორჯმა მოიტაცა იდეა და დაუხატა მას ნიანგი, რომელიც 1927 წელს ამერიკაში ჩატარებულ ჩემპიონატში ამოქარგულ იქნა რენეს მაისურზე, რომლითაც მან მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა. მან მოიგო ეს შეხვედრა. რენეს მიერ პირველად მსოფლიოში სპორტულ მოედანზე ჩაცმულმა მოსახერხებელმა, მოკლესახელოიანმა, ტრიკოტაჟის მაისურმა მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა.[3]

1933 წელს რენე ლაკოსტმა სპორტში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევის (10-გზის „დიდი შლემის“ ჩემპიონატის გამარჯვებულია) შემდეგ დაამთავრა თავისი სპორტული კარიერა და იმ დროისთვის საფრანგეთში ყველაზე დიდი ტრიკოტაჟის ფაბრიკის მმართველთან ანდრე ჟილესთან ერთად დააფუძნა ახალი ბრენდი, რომელსაც დაარქვა თავისი სახელი – ლაკოსტ.

ახალი კომპანიის მიერ შექმნილი პირველი პროდუქტი იყო უკვე ცნობილი ტენისის თეთრი პერანგი მწვანე ნიანგით. ამავე დროს, ბრენდი „ლაკოსტ“ მუშაობდა სხვა სახეობის სპორტული მაისურების დამზადებაზე.

1951 წლიდან კომპანია „ლაკოსტმა“ გააფართოვა თავისი პროდუქციის ასორტიმენტი და დაიწყო, თეთრის გარდა, ფერადი სპორტული მაისურების წარმოებაც. 1952 წელს „ლაკოსტის“ მაისური გაგზავნილ იქნა ამერიკაში, როგორც „პროფესიონალი სპორტსმენის სიმბოლო“. ამერიკაში მაისურმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თანაც მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პროდუქცია იკერებოდა ამერიკული ზომების სისტემით ყველაზე პატარა ზომებშიც.

1963 წელს კომპანია „ლაკოსტის“ მმართველობა გადავიდა მისი შვილის – ბერნარდ ლაკოსტის ხელში. ამის შემდეგ „ლაკოსტის“ ლოგო ამშვენებს ფირმის მიერ გამოშვებულ ყველა პროდუქციას: სპორტულ ტანსაცმელს, სპორტულ ინვერტარს, პარფიუმერიას, სათვალეების ჩანთებს, საათებს, ფეხსაცმელს და სხვა აქსესუარებს.

70-იან წლებში „ლაკოსტი“ გახდა ძალიან პოპულარული ბრენდი მთელ მსოფლიოში. ყველაფერი, რაც იქმნებოდა სამოდელო სახლ „ლაკოსტში“, მომენტალურად იძენდა საოცარ პოპულარობას.

სპორტული ბრენდიდან „ლაკოსტი“ გადაიქცა ყოველდღიურ, ყველასთვის მოსახერხებელ, მოდურ ბრენდად.

2004 წლის დასაწყისში ბერნარ ლაკოსტი სერიოზულად დაავადდა, რის გამოც კომპანიის მმართველობა გადავიდა უმცროსი ძმის – მიშელ ლაკოსტის ხელში. ბერნარდი გარდაიცვალა 2006 წლის 21 მარტს პარიზში.

2005 წელს კომპანიის დიზაინერი და სამოდელო სახლის დირექტორმა კრისტოფ ლემერმა შეცვალა ბრენდის ემბლემა და ნიანგი გახდა ვერცხლისფერი.

დღეს კომპანია „ლაკოსტის“ 65% წილის მფლობელი არის ლაკოსტის ოჯახი, 35% წილისა – კომპანია „დევანლეი“ (Devanlay). „ლაკოსტის“ პარფიუმერული ხაზის ლიცენზიის მფლობელია კომპანია Procter and Gamble. „ლაკოსტის“ სათავო ოფისი მდებარეობს პარიზში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lacoste Logo: Design and History. Famouslogos.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-24. ციტირების თარიღი: 2011-07-29.
  2. Overview Lacoste French Apparel – Rene Lacoste. textilefabricgarment.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-16. ციტირების თარიღი: 2013-09-08.
  3. Lacoste history
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Lacoste&oldid=4684440“-დან