LUCRECIA515

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„LUCRECIA515“

ავტორი ლაშა ბუღაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ღალატი და უჯახური ურთიერთობები
ჟანრი სატირა, რომანი
გამომცემელი სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2013
გვერდი 246
ISBN ISBN 978-9941-15-939-8

„LUCRECIA515“ლაშა ბუღაძის 2013 წლის რიგით მეხუთე სატირული რომანი[1].

რომანის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის დასაწყისში ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ’’ მკითხველს ლაშა ბუღაძის ორი ახალი წიგნი, რომანი ,,Lucrecia515’’ და ,,როიალ ქორთში’’ დადგმული პიესა – ,,პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა’’ წარუდგინა. ორივე მათგანის გამოცემამ დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება გამოიწვია. დაიწერა რეცენზიები, სტატიები, ბლოგები. აღსანიშნავია ლაშა მილორავას დაწერილი ესე – Lucrecia515, ანუ კითხვარი მოღალატე ქმრებისთვის. მწერალთა სახლში ჩატარდა რომანის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მწერლებმა და ლიტერატორებმა, მათ შორის იყვნენ: გიგი თევზაძე, ლევან ცაგარელი, თათა ცოფურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი..[2]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის პროტაგონისტი სანდრო 37 წლის ქართველი დაოჯახებული კაცია, რომელიც საწებლის ქარხანაში მუშაობს ერთ–ერთ წამყვან თანამდებობაზე. ჰყავს პირადი მძღოლი ომარი. აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა ოჯახში გაუთავებელი პრობლემები აქვს და მუდმივად სხვა ქალის შებმას ცდილობს. რომანის დასაწყისში მისი ინტერესის ობიექტი ცხრამეტი წლის სტუდენტი ტასოა, რომელსაც კაფეში დაპატიჟებს. თუმცა ყველაფერი მისი სურვილის მიხედვით არ მიდის. მალე ტასოს მეგობრებიც გამოჩნდებიან და სანდროს მისი ბინაში აყვანა გაუძნელდება. როდესაც ტასო საპიფარეშოში გავა, სანდროც გაჰყვება და მასთან სექსის მცდელობა ექნება, თუმცა უშედეგოდ. შერცხვენილი სანდრო ტასოს მეგობრებისგან უჩუმრად გაიპარება კაფედან. სახლში გვიან დაბრუნებული კი თავის ცოლს, ქეთის მოატყუებს, რომ პანაშვიდზე იყო. ამის შემდეგ ტყუილი ჩვეულებრივი ამბავი ხდება.

ერთი თვის შემდეგ სანდრო ანას გაიცნობს. ანაც დაახლოებით შუაასაკს მიტანებული გაუთხოვარი ქალია, რომელიც დიდ დროს მეგობრებთან ურთიერთობას უთმობს. სანდროს გაცნობისდღესვე დაპატიჟებს სახლში, თუმცა კაცს პატივმოყვარეობა ათქმევინებს უარს. იმავე ღამით თავის მეგობართან გიასთან წავა და ყველაფერს მოუყვება. გიას დარიგებით კი კვლავ დაბრუნდება ანასთან და იმავე ღამით სექსი ექნება. ამის შემდეგ ეს მათ ყოველდღიურ რუტინად იქცევა. ქეთი ნელ–ნელა ხვდება, რომ მისი ქმარი ღალატობს და ამიტომ ორი ათას ლარად დაიქირავებს ჰაკერს, რომელიც სანდროს მეილს გატეხავს. თუმცა სანდრო ჯერჯერობით წინდახედულად იქცევა და მესიჯებს შლის. ქეთი ვეღარ მოითმენს და ანას თვითონ მიწერს. ანა რამდენიმე კვირა ვერ ხვდება ვერაფერს. ბოლოს სანდროს შეატყობინებს. სანდრო და ქეთი იჩხუბებენ, რის შემდეგაც ცოლი დედამისთან გადავა ნიკუშასთან(მათი შვილი) ერთად.

სანდროს ურთიერთობა ანასთანაც დაეძაბება, რადგან ვეღარ გააკეთებს არჩევანს ცოლსა და საყვარელს შორის. მალე მათი ამბავი ანას სამეგობროში საჭორაო თემა გახდება. ამაზე სანდრო ანას ეჩხუბება და დროებით შეწყვეტს ურთიერთობას. მალე აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ბარათიდან დიდი რაოდეონობით ფულია დაკარგული. სხვა გზას რომ ვერ მონახავს, პოლიციას თხოვს დახმარებას, რის გამოც თავისი პირადი ურთიერთობების გამოაშკარავებაც მოუწევს. გამოძიებიდან დადგინდება, რომ ფული ქეთის მიერ დაქირავებული ჰაკერის მოპარულია, თუმცა ის გაქცევას და დამალვას მოასწრებს. აღმოჩნდება,რომ ქეთი ორსულადაა და მასთან კვლავ კავშირის გაბმა იწყება. ერთი თვის შემდეგ ანასაც ურიგდება, თუმცა ერთ დღეს მასთან მისული დასისხლიანებული საყვარელი დახვდება. აღმოჩნდება, რომ ეს მისი სიდედრის, ლეილას ნამოქმედარია. გაბრაზებული სანდროს ქეთისთან ავა და ლეილას ცემს, თუმცა მას გათიშავენ და მეორე დღეს საავადმყოფოში გაიღვიძებს. ამის შემდეგ სანდროს ცხოვრებაში ყველაფერი ირევა. გადის თვეები და სანდრო მუდმივად ეხვეწება ანას, რომ შეურიგდეს, თუმცა უშედეგოდ. სანდროს ყურადღებას ახალი თანამშრომელი ქალი გადაატანინებს, რომელიც ჩაიზე დაპატიჟებს.. ყველაფერი ხელახლა იწყება.

ძირითადი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სანდრო - ახალგაზრდა საწებლის ქარხნის თანამშრომელი, რომელსაც თავის ცოლთან ურთიერთობა არ ჰყოფნის და მუდმივად საყვარლის ძებნაშია.
  • ქეთი - სანდროს ცოლი
  • ნიკუშა - სანდროს და ქეთის ერთადერთი შვილი
  • ანა - სანდროს საყვარელი
  • გია - სანდროს საუკეთესო მეგობარი
  • ლეილა - სანდროს სიდედრი, ქეთის დედა.
  • ომარი - სანდროს პირადი მძღოლი.
  • მაია აჩბა - ანას მეგობარი.
  • ტასო - სანდროს ერთ–ერთი პირველი ინტერესის ობიქეტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=LUCRECIA515&oldid=4309622“-დან