33 მელიტინელი მოწამე
33 მელიტინელი მოწამე | |
---|---|
გარდაიცვალა | III საუკუნე |
ხსენების დღე | ახ. სტილით - 20 ნოემბერი (ძვ. სტ. 7 ნოემბერი) |
33 მელიტინელი მოწამე — წმინდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი: იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე ახალი სტილით 20 ნოემბერი ძვ. სტ. (7 ნოემბერი).
იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა.
თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობით მხედართა დიდი რაზმი გაგზავნეს კაპადოკიაში. მათ დაევალათ იქ ფართოდ გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოების ამოძირკვა და ამასთან ერთად, იმპერატორის ლაშქრისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მეომრების შეგროვება. ლისიუსმა სამხედრო სამსახურში სხვებთან ერთად დიდი ფიზიკური ძალით აღჭურვილი და მოქნილი იერონის აყვანაც ბრძანა, მაგრამ მან ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების სამსახურზე უარი განაცხადა. როცა იერონის ლისიუსთან ძალით მიყვანას შეეცადნენ, მან, ძელით აღჭურვილმა, უკუაქცია მომხდური მხედრები და თვრამეტ თანამოაზრესთან ერთად ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. ლისიუსის მეომრებმა ვერ შეძლეს ამ მღვიმის აღება. ბოლოს იერონის ერთ-ერთი მეგობრის, კვირიკეს რჩევით, ლისიუსმა გამოქვაბულს ალყა მოხსნა და თავისი რაზმი იქაურობას განარიდა; კვირიკემ კი დაამშვიდა იერონი და დაარწმუნა, ხელისუფლების ნებას დამორჩილებოდა. ამის შემდეგ იერონი სხვა ახალწვეულებთან ერთად მხედრების თანხლებით მეზობელ ქალაქ მელიტინში გაგზავნეს. მალე მან იხილა სიზმრისეული ჩვენება, სადაც მისი მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრული იყო გაცხადებული. მელიტინში თავმოყრილ მეომრებს ლისიუსმა წარმართული ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, იერონმა და მასთან ერთად სხვა ოცდათორმეტმა მხედარმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და აღიარეს ქრისტე. მაშინ ლისიუსმა განკარგულება გასცა, დაუნდობლად ეგვემათ ისინი, იერონისთვის კი ხელი მოეკვეთათ. ბრძანების შესრულების შემდეგ ჯალათებმა მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს, დილით კი ყველას თავები მოჰკვეთეს.
სიკვდილით დასჯილი ყველა მეომრის ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, წმინდა ირინეს სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს, მარტვილების ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.