შინაარსზე გადასვლა

ჰოლშტინური ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოლშტინური შავ-ჭრელი ფური
ჰოლშტინური წითელ-ჭრელი ფური

ჰოლშტინური ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის სარძევე მიმართულების ჯიში. ხასიათდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით.[1]

გამოყვანილია XIX საუკუნის მე-2 ნახევარში აშშ-სა და კანადაში ჰოლანდიური და გერმანული საქონლის რძის პროდუქტიულობის ზრდისკენ მიმართული სელექციის გზით. ჰოლშტინური და ფრიზიული საქონლის მექარხნეთა ასოციაციების შერწყმის შემდეგ (1885) ეწოდა ჰოლშტინ-ფრიზიული. თანამედროვე სახელი 1983 წლიდან ეწოდება. მთავარი სარძევე ჯიშია აშშ-ში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, იტალიაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

ძირითადად შავ-ჭრელი ფერისაა, აქვს ლაქების ფორმების, ზომებისა და განლაგების მრავალი ვარიაცია; აგრეთვე არსებობს წითელ-ჭრელი პოპულაცია.[2][3] ექსტერიერით ტიპური სარძევე მიმართულების ცხოველია — თავი მსუბუქი, კისერი საშუალო სიგრძის და შედარებით წვრილი, მკერდი საშუალო სიღრმისა და განიერი; სხეულის უკანა მესამედი გრძელი და ფართო, ძვლეული წვრილი, კანი თხელი და დაფარულია ხშირი, მოკლე და ბზინვარე ბალანით; კისერზე კანი დანაოჭებულია, კიდურები და ჩლიქები მაგარი, ცური მოცულობიანი, უპირატესად ჯამისებრი ფორმის, კერტები უმეტესად ცილინდრული ფორმის.[3]

ფურის სიმაღლე მინდაოში 142–145 სმ, კუროსი 160–165 სმ.[3][4] ცოცხალი მასა 650–700 კგ და 1100–1200 კგ შესაბამისად; ახალშობილი ხბოს მასა 30–35 კგ შეადგენს.[3][4] იწველის 6–12 ათ. კგ რძეს, ცხიმიანობა 3,6–3,7%,[1] ცილის შემცველობა 3,1%.[3] ჰოლშტინურ ჯიშს ეკუთვნის ლაქტაციური მონაწველის მიხედვით რძის ცხიმის გამოსავლის რეკორდი[4] — 1052 კგ (მონაწველი 27674,2 კგ; ცხიმიანობა 3,8%). წითელ-ჭრელი ჰოლშტინები ნაკლები მონაწველით, მაგრამ რძის მაღალი ცხომიანობით ხასიათდება (3,95–4,2%).[1] ჰოლშტინური ჯიშის კუროებს ხშირად იყენებენ არსებული ჯიშების გაუმჯობესებასა და ახლების გამოყვანაში.

საქართველოში ჰოლშტინური ჯიშის წითელ-ჭრელი ინდივიდები შემოყვანილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში,[1] აგრეთვე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის კოოპერატივ „ტყირში“, საიდანაც გავრცელდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 ბასილაძე, დ., ქილიფთარი ც., კობახიძე მ., ფურის სარძეო პროდუქტიულობის გადიდების გზები ფერმერულ მეურნეობებში, გვ. 10, თბ., 2017.
  2. Большая российская энциклопедия. Том 7. стр. 366.
  3. 1 2 3 4 5 6 ძროხის ჰოლშტინური ჯიში – სარძეო მიმართულება. agrokavkaz.ge (19 სექტემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2019.
  4. 1 2 3 4 სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-შენახვა, გვ. 69.