ჰაჯილარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰაჯილარი (მრავალმნიშვნელოვანი).

კოორდინატები: 37°36′00″ ჩ. გ. 30°06′00″ ა. გ. / 37.60000° ჩ. გ. 30.10000° ა. გ. / 37.60000; 30.10000

ჰაჯილარი — თურქეთი
ჰაჯილარი
ჰაჯილარი
ჰაჯილარის მდებარეობა
ქანდაკებები ჰაჯილარიდან.

ჰაჯილარი, კაჯლერი (თურქ. Hačilar, სომხ. Քաջլեռ) — ნეოლით-ენეოლითის ხანის მრავალფენიანი ნამოსახლარი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ ბურდურიდან დასავლეთით 25 კმ-ზე. 1957-60 წლებში გათხარა ბრიტანელთა ექსპედიციამ ჯეიმზ მელაარტის ხელმძღვანელობით. ქვედა ფენა (უკერამიკო ნეოლითი, ძვ. წ. VII ათასწლეულის პირველი ნახევარი) ყამირზე დაარსებული პატარა ნამოსახლარის შვიდი საამშენებლო ჰორიზონტისაგან შედგება, სადაც დადასტურეულია ქვის საძირკველზე ალიზით ნაგები ოთხკუთხა შენობები. იატაკი მოლესილი, წითელი საღებავით შეღებილი და ზოგჯერ მარტივი გეომეტრიული ორნამენტით იყო შემკული. ღია ეზოებში იდგა კერები, ღუმელები და თიხით ნალესი მარცვლეულის შესანახი სათავსები. აღმოჩენილია ქვის (მარმარილოს) ჭურჭლის ფრაგმენტები, ძვლის სადგისები, კაჟისა და შემოტანილი ობსიდიანის იარაღი, ძირითადად ნამგლის ჩასართები და ერთი გახეხილ-გაპრიალებული ცული. ნამოსახლარზე სამარხები არ გამოვლენილა, მაგრამ ზოგიერთი შენობის იატაკზე აღმოჩენილია ადამიანის თავის ქალები, რაც წინაპართა კულტზე მიუთითებს. ნაპოვნია თხის, ცხვრის, მსხვილი რქოსანი საქონელისა და ირმის ძვლები, მაგრამ მხოლოდ ძაღლი ჰყავდათ მოშინაურებული. ორმწკრივი კილიანი ქერის, ასლის, ოსპისა და ველური ცალმარცვალა ხორბლის ნაშთების აღმოჩენა მიწათმოქმედების არსებობაზე მიუთითებს. გარკვეული დროის შემდეგ (ძვ. წ. V ათასწლეულის შუა წლები) იმავე ადგილას არსებობდა გვიანდელი ნეოლითის ხანის დიდი ნამოსახლარი (IX-VI საამშენებლო ჰორიზონტები), რომელსაც მისდევს ადრინდელი ენეოლითური სოფლის ხუთი საამშენებლო ჰორიზონტი (V-I). ნეოლითურ ფენებში გამოვლენილია დიდი (10X6 ) ოთხკუთხა შენობები, რომლებიც ალიზითაა ნაგები ქვის საძირკველზე. განვითარებული ჩანს ურწყავი მიწათმოქმედება. ნაპოვნია ასლის, ცალმარცვალა ხორბლის, უკილო ქერის, ბარდისა და ოსპის მარცვლები. თიხის ჭურჭელი მრავალრიცხოვანია. აღმოჩენილია აგრეთვე ზოომორფული სარიტუალო და ადამიანის თავის მოყვანილობის ჭურჭელი. მოხატული კერამიკა იშვიათად გვხვდება. განსაკუთრებით საყურადღებოა აქ (ძირითადად კი VI ჰორიზონტში) აღმოჩენილი თიხის ქანდაკებები, რომლებიც უპირატესად ქალს გამოსახავს.

ადრინდელი ენეოლითური ხანის ყველა ფენა გამაგრებულ, ალიზის გალავანშემოვლებულ სოფლებს წარმოადგენს. ოთხკუთხა სახლები ალიზითა და ხითაა ნაგები. V-II ჰორიზონტებში მონოქრომულთან ერთად ფართოდ ვრცელდება წითელი საღებავით, ძირითადად გეომეტრიული სახეებით მოხატული კერამიკა. კაჟის, ობსიდიანისა და ძვლის ნაწარმი ყველა ფენაში ნეოლითური იერისაა, მაგრამ შედარებით იშვიათია. კაჟის ნამგლის ჩასართები რქის ბუდეშია ჩასმული. გვხვდება გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცული, ლახტისთავები და სხვ. ჩანს სპილენძის არსებობის კვალი. სამარხები მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი ძირითადად ნაგებობათა შორის ფართობზე.

ძვ. წ. VI-V ათასწლეულების მიჯნაზე ნამოსახლარზე ცხოვრება საბოლოოდ შეწყდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: