ჰანს ჰოფმანი
ჰანს ჰოფმანი (გერმ. Hans Hofmann) (დ. 21 მარტი, 1880, ვაისენბურგ-ინ-ბაიერნი, გერმანია, — გ. 17 თებერვალი, 1966, ნიუ-იორკი, აშშ) — გერმანელი მხატვარი. მოღვაწეობდა გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰოფმანი იყო აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წინამორბედი და XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელოვნების პედაგოგი.
1898 წლიდან მხატვრობას მიუნხენში, 1904 წლიდან პარიზში სწავლობდა. პარიზში მასზე დიდი გავლენა მოახდინა ანრი მატისისა და რობერ დელონეს ნამუშევრებისთვის დამახასიათებელმა ფერთა ექსპრესიულმა გამოყენებამ. მიუნხენში დაბრუნების შემდეგ, 1915 წელს მან მხატვრობის სკოლა გახსნა. 1930 წლიდან გადასახლდა აშშ-ში, სადაც ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლაში ასწავლიდა, მოგვიანებით კი საკუთარი, სახვითი ხელოვნების ჰანს ჰოფმანის სკოლა გახსნა, რომელიც მალევე ქვეყანაში ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად ჩამოყალიბდა.
1930-იანი წლების მიწურულისთვის ჰოფმანი საბოლოოდ ჩამოშორდა ექსპრესიონისტული პეიზაჟებისა და ნატურმორტების ხატვას და მიმართა მხატვრობის სრულად აბსტრაქტულ სტილს, რომელიც გამოირჩეოდა მუდმივი ინოვაციებით, ხატვის ენერგიული მანერით, გაჯერებული ფერებით. ის იყენებდა როგორც გეომეტრიულ, ასევე არარეგულარულ ფორმებს. იყო იმპროვიზაციული ტექნიკის ექსპერიმენტული გამოყენების პიონერი. მისმა შემოქმედებამ გზა გაუკვალა ომისშემდგომი ამერიკელი მხატვრების პირველ თაობას აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ჟანრში. ჰოფმანის „გაზაფხული“ (1940) თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, სადაც გამოყენებულია დაშხეფების ტექნიკა (ე. წ. „დრიპინგი“), რომელსაც აქტიურად მიმართავდა ჰოფმანის უმცროსი თანამედროვე ჯექსონ პოლოკი. 1958 წელს ჰოფმანმა მისი სასწავლებელი გააუქმა და ცხოვრების დარჩენილი წლები მხატვრობას მიუძღვნა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მან საკუთარი ნამუშევრებისთვის ცალკე გალერეა მოაწყო ბერკლიში (კალიფორნია).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Marika Herskovic, American Abstract Expressionism of the 1950s An Illustrated Survey, (New York School Press, 2003.) ISBN 0-9677994-1-4.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰანს ჰოფმანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)