ჰანა საიმონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰანა საიმონი
Hannah Simone (1) (cropped).jpg
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1980
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ინდოელი, ინგლისელი, გერმანელი, იტალიელი, ბერძენი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, ტელე-წამყვანი
აქტიური 1993-დღემდე
მეუღლე(ები) ჯესი გიდინგსი
შვილ(ებ)ი 1

ჰანა საიმონი (ინგლ. Hannah Simone; დ. 3 აგვისტო, 1980, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი მსახიობი და მოდელი. სახელი გაითქვა Fox-ის სერიალში „ახალი გოგონა“ შესრულებული სისის როლით.

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანა საიმონი დაიბადა 1980 წლის 3 აგვისტოს ლონდონში, ინგლისში, გაერთიანებულ სამეფოში. მამამისი ინდოელია, ხოლო დედამისი ინგლისელი, რომელიც წარმოშობით არის გერმანელი, იტალიელი და ბერძენი[1]. მას ერთი ძმა ჰყავს, სახელად ზაკი[2]. ჰანას დაბადებიდან მალევე მისი მშობლები კანადაში გადასახლდნენ და კალგარში დამკვიდრდნენ, რის გამოც მან ბავშვობის წლები კანადაში გაატარა. 7-10 წლის ასაკში იგი სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში ცხოვრობდა, რის გამოც ხშირად უწევდა სკოლების გამოცვლა. 13 წლის ასაკში მისი ოჯახი კვიპროსში გადავიდა, სადაც დაიწყო მისი სამოდელო კარიერა. უკვე 16 წლის ასაკში იგი ნიუ-დელიში ცხოვრობდა, სადაც იგი ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. როდესაც 17 წლის გახდა, მისი ოჯახი კანადაში დაბრუნდა. ვანკუვერის სკოლის დასრულების[3] შემდეგ სწავლა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო. ბაკალავრიის დასრულების შემდეგ ჰანა გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა[4].

ჰანა საიმონი 2012 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს რიერსონის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჰანა კანადაში დაბრუნდა და კანადური სატელევიზიო შოუს, „სივრცე არსებობისათვის“ წამყვანი გახდა, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონით. მოგვიანებით იგი წამყვანი გახდა ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში, რომლის მთავარი თემაც ახალი მუსიკალური ნამუშევრებისა და მომღერლების განხილვა იყო[5].

ჰანა საიმონის სამსახიობო კარიერა 2005 წელს დაიწყო ლარისას ეპიზოდური როლით სერიალში „კევინ ჰილი“. რამდენიმე პატარა და ეპიზოდური როლის შემდეგ, 2009 წელს სერიალში „მოთამაშის ულტიმატუმი“ დაამტკიცეს მასპინძლის როლზე, რომელსაც ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ამ სერიალიდან იგი 2010 წელს წამოვიდა.

2011 წელს კომპანია Fox-ის სერიალში „ახალი გოგონა“ ჰანა საიმონი დაამტკიცეს სისის როლზე. მისი პერსონაჟი არის ერთ-ერთი მთავარი სერიალში, რომელიც მთავარი გმირის, ჯესის (მის როლს ზოუი დეშანელი ასრულებს) საუკეთესო მეგობარია[6]. ეს როლი მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა. სისის როლისათვის ჰანა საიმონი წარდგენილ იქნა თინეიჯერთა რჩეული საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზე.

ჰანა საიმონი სერიალში „ახალი გოგონა“ ბოლომდე, ანუ 2018 წლამდე თამაშობდა. ამის პარალელურად იგი რამდენიმე მეორეხარისხოვან როლზე დაამტკიცეს სხვადასხვა სერიალებსა და ფილმებში. 2016 წელს ფილმში „ოდის გუნდი“ თამაშობდა უცნაურ ემილის, რასაც მოჰყვა 2017 წელს ფილმში „განტერის მკვლელობა“ მიღებული სანას როლი

2018 წელს სერიალში „მარტოხელა მშობლები“ ითამაშა დოქტორ მონიკა დევანის როლი. ამის შემდეგ 2019 წელს მონაწილეობდა სერიალში „უცნაური ქალაქი“, რის შემდეგაც 2020 წელს პინკის როლში გადაიღეს სერიალში „მირა, სამეფო დეტექტივი“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს ჰანა დაქორწინდა მუსიკოს ჯესი გიდინგსზე, რომელსაც მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ხვდებოდა. 2017 წლის აპრილში საიმონმა ორსულობა დააანონსა, იმავე წლის აგვისტოში კი ვაჟი გააჩინა[7][8].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Spring '12 Feature | Hannah Simone". Audrey Magazine. May 28, 2013. Archived from the original on June 29, 2013. Retrieved November 8, 2013.
  2. Jennifer Chowdhury. "12 Things You Didn't Know About Actress Hannah Simone". India.com. Retrieved January 25, 2017.
  3. "MuchMusic Personalities — Hannah Simone". MuchMusic. Archived from the original on May 25, 2009. Retrieved December 17, 2009.
  4. SheKnows (July 25, 2013). "Hannah Simone Chats about Dating & Life Before New Girl - Girl Crush". Retrieved November 12, 2017 – via YouTube.
  5. Faculty of Communication and Design: 2005 announcements დაარქივებული 2006-05-16 საიტზე Wayback Machine. Archived May 16, 2006, at the Wayback Machine ("Space for Living co-hosted by RTA Grad Hannah Simone")
  6. "FOX picks up 'Alcatraz,' 'The Finder' and 'The New Girl' to series". Zap2it. May 11, 2011. Archived from the original on May 14, 2011. Retrieved May 22, 2011.
  7. Mizoguchi, Karen (April 14, 2017). "Hannah Simone and Jesse Giddings Are Married, Expecting First Child". People. New York City: Meredith Corporation. Retrieved November 12, 2017.
  8. Juris, Yvonne; Fernandez, Alexia (August 31, 2017). "New Girl Hannah Simone and Jesse Giddings Welcome Their First Baby!". People. New York City: Meredith Corporation. Retrieved November 12, 2017.